„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, კომიტეტზე დღეს გამოიტანა განსახილველად.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, ამჟამად მოქმედ კანონმდებლობაში მინიმალური ხელფასის მყარად დადგენილი განმარტება არ გვხვდება და საქართველოში პირველად იქმნება „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ კანონი, რომელიც მინიმალური ხელფასის გამოთვლისა და განსაზღვრის წესს დაადგენს.
კანონი ადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მინიმალურ ხელფასად არ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წინა წლის მე-3 კვარტალში დადგენილი საშუალო ანაზღაურების 45%-ზე ნაკლები. კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობას საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად განსაზღვრავს და, შესაბამისად, ის ყოველწლიურად გადაიხედება.
შეგახსენებთ, რომ „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 2019 წლის 6 ნოემბერს დარეგისტრირდა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს 8 სექტემბერს უყარა კენჭი, მას ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი აღმოაჩნდა.