კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და კინოთეატრების ხელახალი გააქტიურების აღსანიშნავად, პარიზის ხელმძღვანელობამ ორიგინალური გზა მოიფიქრა და მცურავი კინოთეატრი შექმნა. პროექტი კინოთეატრების ქსელ Mk2-ის და Häagen-Dazs-ის თანამშრომლობით განხორციელდა და მისი ოფიციალური სახელწოდებაა “Cinéma sur l’Eau” ანუ კინო წყალზე.
კინოთეატრის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი უკვე მოგვარებულია. 18 ივლისს კინოთეატრი პარიზის ბინადრებს უმასპინძლებს. 150 კინომოყვარული ფილმის „Le Grand Bain“ ჩვენებას დაესწრება. ფილმი კომედიური ჟანრისაა და მამაკაცთა ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც სინქრონული ცურვის გუნდი ჩამოაყალიბეს. მაყურებლები წყალზე მოტივტივე 38 ელექტრო ნავზე გადანაწილდებიან, მათ შორის კი აუცილებლად იქნება დაცული სოციალური დისტანცია.
PR კომპანია Spark Agency-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ თითოეული ნავი ოთხ-ექვს ადამიანს იტევს, მათზე განთავსება კი ოჯახების ან სამეგობრო წრეების მიხედვითაც მოხდება.
საინტერესოა, რომ ფილმის ჩვენებას სანაპიროდან დამატებით 150 ადამიანი დაესწრება, რომელთათვისაც წინასწარ იქნება მომზადებული სკამები. ასევე, პარიზელებს ბილეთების უფასოდ მისაღებად დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში მონაწილეობა 7-დან 15 ივლისამდე შეუძლიათ.