როგორ იქცა პანდემიასთან ბრძოლა ჰუმანიტარულ კრიზისად

წლიდან წლამდე ინდოეთის ერთი შტატიდან მეორეში ან შტატის საზღვრებს შიგნით მილიონობით ადამიანი მოგზაურობს, როგორც მიგრანტი მუშა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ ინდოეთში საკარანტინე ზომები მიიღეს და გადაადგილება მკაცრად შეიზღუდა, მილიონობით მიგრანტი მუშა სახლიდან შორს, სამსახურის გარეშე გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც მშრომელთა უფლებების დამცველი აქტივისტები ამბობენ, ბევრი მათგანისთვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ფაქტობრივად, შიმშილის პირას იმყოფებიან. ინდოეთი პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად ჰუმანიტარულ კრიზისს უახლოვდება.

Photo Credits to R. Shukla / NurPhoto

გამომწყვდეულნი

მას შემდეგ, რაც 25 მარტს ინდოეთში საგანგებო ზომების მიღება დაიწყეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად, 1.3 მილიარდი ადამიანი სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი – შექმნილმა ვითარებამ კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში 40 მილიონამდე მიგრანტი მშრომელი ჩააყენა. რკინიგზის, მშენებლობის და მსგავს სფეროებში დასაქმებული მილიონობით მუშა  არა მარტო სამსახურის გარეშე, არამედ საკუთარი მშობლიური სახლებიდან იზოლირებული აღმოჩნდა. ბევრმა მათგანმა დიდი ქალაქების მეზობლად მდებარე პატარა სოფლებში ფეხით დაიწყო დაბრუნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ქალაქებში მოწყობილ მუშათა დასახლებებსა და ბანაკებში რჩება და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ელის შინ დაბრუნებას.

თვის დასაწყისში ინდოეთის მთავრობამ ქვეყნის გახსნა კიდევ ორი კვირით გადაავადა. მიგრანტი მუშები, რომლებიც ქალაქებში გამომწყვდეულნი აღმოჩნდნენ სახლში დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო და ზოგ შტატში საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია.

ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ცდილობს მიგრანტი მუშების სახლში დაბრუნების პრობლემის გადასაჭრელად ტრანსპორტირების ნებართვები გასცეს – მაგალითად, ცოტა ხნის წინ უტარ პრადეშის შტატში 22 მატარებელი ჩავიდა, რომლითაც ქვეყნის სხვადასხვა შტატში მყოფი მიგრანტი მუშები სახლებს დაუბრუნდნენ.

მთავრობამ ასევე გასცა ნებართვა ალმასისა და ტექსტილის ინდუსტრიებში დასაქმებული 300,000 მუშის დასაბრუნებლად გუჯარათისა და ოდიშას პროვინციებიდან. ამასთანავე, თავდაპირველად მიგრანტ მუშებს უწევდათ თავად გადაეხადათ საკუთარი ტრანსპორტირების ხარჯები, რადგან მთავრობა მატარებლით მგზავრობის საფასურს არ აფინანსებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ საკითხმა მწვავე დისკუსიები გამოიწვია, მთავრობამ რკინიგზის სამინისტროსთან მოლაპარაკების საფუძველზე მუშების ტრანსპორტირების დაფინანსება დაიწყო.

ინდოეთის ეროვნული მთავრობის კიდევ ერთი საკამათო გადაწყვეტილება კარნატაკას პროვინციაში მყოფ 600,000 მიგრანტ მუშას შეეხო, რომელთაც სამსახურის დაკარგვის შემდეგ ხელისუფლებამ სახლში დაბრუნების უფლება არ მისცა და ნაცვლად ამისა, უძრავი ქონების კომპანიებისთვის მუშაობა შესთავაზა. როგორც ადგილობრივი ორგანიზაციები აღნიშნავენ, შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენა სამშენებლო სექტორის ლობისტებმა მოახდინეს, რომლებიც შიშობდნენ, რომ მიგრანტი მუშების შტატიდან წასვლის შემთხვევაში ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება მოუწევდათ. მიუხედავად აკრძალვებისა, კარნატაკას შტატიდან მუშების ნაწილმა სახლებში ფეხით დაიწყო დაბრუნება. მოგვიანებით, ხელისუფლება იძულებული გახდა გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისათვის.

დაუსრულებელი პრობლემები

მაშინაც კი, თუ მიგრანტი მუშა თავის სოფელში დაბრუნებას მოახერხებს, ისინი იძულებულნი არიან 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარონ. მშრომელთა უფლებების დამცველები ინდოეთის მიგრანტ მუშებზე საუბრისას „ჰუმანიტარული კრიზისის დასაწყისზე“ მიუთითებენ.

„ნაღდი ფულისა და საკვების ნაკლებობის გამო, თუკი ვირუსი არ მოკლავთ მათ, მაშინ შიმშილი გააკეთებს იმავეს. ეს შემზარავი მდგომარეობაა და ყოველდღიურად უამრავი მუშა მიდის შიმშილის ზღვარზე“ – ამბობს ანინდიტა ადჰიკარი, მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის Stranded Workers Action Network-ის (SWAN) წარმომადგენელი.

ნიუ დელის მთავრობის მონაცემების თანახმად, ამჟამად 660,000-დან 1,5 მილიონამდე მიგრანტი მუშა რჩება დროებით თავშესაფარსა და ბანაკში. თუმცა სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის მონაცემებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ უამრავი ადამიანი ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება, რეალური რიცხვები რამდენიმე მილიონის ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს.

სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა DW-ზე.

ავტორი: მურალ კრიშნანი