წარმატებას ასაკი არ აქვს | Forbes-ის ახალი სია

წარმოგიდგენთ Forbes-ის „50 Over 50“ საინაუგურაციო სიას, რომელიც იმ ანტრეპერენიორებს, ლიდერებს, მეცნიერებსა და შემოქმედებით ქალებს აერთიანებს, რომელთაც  წარმატების მწვერვალს მას შემდეგ მიაღწიეს, რაც 50 წლის ასაკს გადააბიჯეს. ისინი ერთიანობაში წარმოადგენენ ქალთა მოძრაობას, რომელიც ეწინააღმდეგება იდეას, თითქოს ცხოვრების ყველაზე დინამიკური ნაწილი ახალგაზრდობა იყოს.

ნენსი პელოსი, 81 წლის | ფოტო: Rebecca Miller / Forbes

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაპიტოლიუმის შენობასთან ძველი ბერძნული მითოლოგიის ღვთაების, ისტორიის მუზის, „კლიოს“ მარმარილოს ქანდაკებაა აღმართული. მას ხელთ უპყრია გრაგნილი, რომელიც ისტორიულ მოვლენებს აღრიცხავს – მესიჯი კონგრესის წევრებისთვის ნათელია: ისტორია მათ ყველა ქმედებას თვალყურს ადევნებს. კლიოს ქანდაკების ქვეშ საათია. მითოლოგიის თანახმად, კლიო მხოლოდ კაცობრიობის დიად საქმეებს კი არ აღრიცხავდა, არამედ დროის მსვლელობასაც მიაგებდა პატივს.

აპრილის ერთ თბილ დღეს სწორედ კლიოს აღნიშნულ ქანდაკებასთან შეიკრიბნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და დიზაინერები, რათა Forbes-ის ახალი ინიციატივისთვის შეესხათ ფრთა – 50 Over 50 იმ ქალებს აერთიანებს, ვინც წარმატებას მას შემდეგ მიაღწიეს რაც გადალახეს 50, 60, 70 ან სულაც 80-წლიანი ასაკობრივი ზღვარი. პროექტზე Forbes მიკა ბრჟეზინსკის „Your Value“ პლატფორმასთან ერთად მუშაობდა.

„ადამიანები თავად წყვეტენ როგორი იქნება მათი დამოკიდებულება დროის მსვლელობის მიმართ, ისინი არ უნდა მოექცნენ სხვა ადამიანების ჩარჩოებში ასაკობრივ ზღვრებთან დაკავშირებით. უნდა იფიქრონ, მათთვის როგორ და როდისაა რაღაცების კეთება უკეთესი“ – განუცხადა Forbes-ს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, რომელიც უკვე 81 წლის გახლავთ. მას კონგრესის წევრობისთვის მანამ არ უყრია კენჭი, სანამ 47 წლის არ გახდა, ხოლო 66 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი გახდა.

50 Over 50 სია აერთიანებს ქალებს, რომლებიც, მსგავსად პელოსისა, არ ექცევიან საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიული მიღწევების ასაკობრივი ზღვრები. ისინი ეწინააღმდეგებიან ღრმად გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები უკან მოიტოვეს, ამავდროულად კი უძღვებიან წინააღმდეგობის მოძრაობას: Forbes-მა 50 ქალისგან შემდგარი სიის დასაკომპლექტებლად 10,000-ზე მეტი განაცხადი მიიღო. საბოლოო ორმოცდაათეულის შესარჩევად კი სამი როკვარსვკლავის მსგავსი ჟიურის წევრი ჰყავდათ: „Grameen“-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა იუნგი, მოდის სამყაროს ლეგენდა დაიან ფონ ფურშტენბერგი და „Act One“-ის დამფუძნებელი, ამერიკის თვითშემდგარ უმდიდრეს ქალებს შორის ერთ-ერთი, ჯენის ბრაიანტ ჰაუროიდი.

სია სამ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით შეფასდა: მიღწევები მას შემდეგ, რაც ნომინანტს 50 წელი შეუსრულდა; წარმატების მასშტაბი (კომერციული კომპანიების დამფუძნებლებისა  და აღმასრულებელი დირექტორების შემთხვევაში, წლიური მინიმალური შემოსავალი $20 მილიონი უნდა ყოფილიყო); „მადლი ჰქენი – ქვას დადევი, გაიარე – წინ დაგხვდება“ პრინციპით მუშაობა. წარმოდგენილი ქალების უმეტესობა მხოლოდ კარიერული წარმატების მისაღწევად არ მუშაობს. ისინი თავიანთ პლატფორმას აქტიურად იყენებენ მომავალი თაობების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

საბოლოო ორმოცდაათეულში მოხვედრილი ქალების მიღწევები შთამბეჭდავია: წარმოიდგინეთ, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც 56 წლის ასაკში გახდა პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი აზიელი ამერიკელი, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტი დაიკავა და პრეზიდენტის მემკვიდრეობის ხაზზე პირველია. ან კიდევ, Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეინ ფრეიზერი, რომელიც 53 წლის ასაკში ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა; Miami Marlins-ის გენერალური მენეჯერი კიმ ენჯი, რომელიც 52 წლის ასაკში გახდა პირველი ქალი, რომელიც ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდს უძღვება. ეს კი მხოლოდ მცირედია, ასეთი ქალი ძალიან ბევრია.

მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის გამო არაპროპორციული რაოდენობის ქალს მოუწია სამსახურიდან წამოსვლა, ასობით ათასი კი ადრეულ „პენსიაზე“ გაუშვეს, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს სიაში მოხვედრილი ქალების ისტორია პოზიტიურ გავლენას იქონიებს სამყაროზე და იქცევა ინსპირაციად სხვა ქალებისთვის.

შონდა რაიმსი, 51 წლის | ფოტო: Jamel Toppin / Forbes

თქვენ ამ სიაში იპოვით ისტორიებს, რომელიც ჰყვება ქალების ცხოვრების ერთნაირად მძიმე მომენტებზე. ჯულ ვეინრაითი Pets.com-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო დოთქომების ზენიტში ყოფნისას. როდესაც ჯულიმ კომპანიის დახურვა გადაწყვიტა, ქმარმა იმავე დღეს განქორწინება მოსთხოვა. 53 წლის ასაკში ვეინრაითმა ახალი ბრენდი The RealReal დააფუძნა, კომპანიამ აქციები პირველად 2019 წელს განათავსა და ახლა მისი ღირებულება თითქმის მილიარდი აშშ დოლარია.

„მე ნამდვილად ვერ ვიპოვი ჩემი ოცნების სამსახურს სხვასთან, თავადვე შევქმნი მას“ – Pets.com-ის კრახის შემდგომი პერიოდის ფიქრებს იხსენებს უკვე 64 წლის ვეინრაითი.

ჯულ ვეინრაითი ნათელი მაგალითია იმ ანტრეპრენიორული სულისკვეთებისა და მედეგობის, რომელსაც ჩვენ სიის შედგენისას კანდიდატებში ვეძებდით. ისეთი სულისკვეთების, როგორსაც გვიჩვენებენ Ark Invest-ის დამფუძნებელი კეტრინ ვუდი (ის ახლა 65 წლისაა და Wall Street-ზე ერთ-ერთ ყველაზე უშიშარ ინვესტორად ითვლება) და შონდა რაიმსი – Shondaland-ის 51 წლის დამფუძნებელმა დეკემბერში Netflix-ის რეკორდიც კი მოხსნა, თავისი ახალი შოუს „Bridgerton“-ის პრემიერით. ვეინრაითი, ვუდი და რაიმსი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ამშვენებენ Forbes-ის ყდას. მათი შეუპოვარი სახეები კი ნამდვილი მაგალითია გოგონებისა და იმ ქალებისთვის, რომლებიც ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.

„ჭკუიდან მშლიან ახალგაზრდა ქალები, რომლებიც თავს იმცირებენ და საკუთარი თავის არ სწამთ“ – განაცხადა Forbes-თან ინტერვიუში რაიმსმა და მისი რჩევა, რომ გოგონებმა მასშტაბური გეგმები უნდა დაისახონ, ბევრად უკეთესია, ვიდრე რჩევა, რომელსაც საუკუნეებია ვისმენთ: „გააკეთე ეს, სანამ გვიან იქნება“ ან „დრო გარბის“. ამ ღრმადგამჯდარი ფრაზების სათქმელი ნათელია: არსებობს წარმატების ზენიტში ყოფნისთვის შესაფერი დრო და შემდგომი პერიოდი – შემდგომი პერიოდი კი აღარ არის მნიშვნელოვანი.

50 Over 50 სია კი ამტკიცებს, რომ ეს მოსაზრება ფუნდამენტურად მცდარია. არ არსებობს წარმატების მიღწევის ასაკობრივი ლიმიტი, ისევე როგორც არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა, რომელსაც ყველა უნდა მიჰყვეს. მერწმუნეთ, ამ ქალების ისტორიები მნიშვნელოვანი გაკვეთილებია, რომლებიც გვასწავლის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ყველა გარემოების კონტროლი, თუმცა შეგვიძლია საკუთარი ნაბიჯებისა და არჩევანის მართვა; კრახი და შეცდომა ახალ და მშვენიერ შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ; ხოლო წლების განმავლობაში ნაგროვები გამოცდილება იმაზე შთამბეჭდავი კარიერის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება, ვიდრე ახალგაზრდობისას ვიოცნებებდით.

ეს ისტორიები, სხვათა შორის, აქ არ სრულდება. იმდენად მოვიხიბლეთ ათასობით ნომინანტით, გამოცემამ გადაწყვიტა ამ სიის სამი განსხვავებული ვერსია შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ქალები, რომლებმაც წარმატებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც 50 წელს გადასცდნენ, ქალები, რომლებმაც პოზიტიური გავლენა იქონიეს სამართლის, პოლიტიკისა და განათლების სფეროზე; ქალები, რომლებიც ტექნოლოგიებში ან ხელოვნებაში აღწევენ ბევრისთვის წარმოუდგენელ სიმაღლეებს; ქალები, რომლებიც ფინანსური სექტორის გურუები არიან…

როგორც კლიო შეგვახსენებს, ყველაფერი შესაფერის დროს ხდება. ამას კი პატივი უნდა მივაგოთ.

50 Over 50-ის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.forbes.com/50over50