ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი რიგით მეოთხე სრულმეტრაჟიან ფილმს, „მშვენიერი ელენეს” იღებს. მის შემოქმედებას ეკუთვნის ომის თემატიკაზე შექმნილი „გაღმა ნაპირი”; ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე აგებული „სიმინდის კუნძული” და „ხიბულა”, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ასახავს.
გიორგი ოვაშვილის განცხადებით, „მშვენიერი ელენე”, სიუჟეტისა და დრამატურგიული ელემენტების გათვალისწინებით, მისი ყველაზე განსხვავებული ნამუშევარი იქნება და მაყურებელს ფილმის პერსონაჟებში საკუთარი თავის ამოცნობაც შეეძლება.
თქვენ უკვე გადაიღეთ სამი ფილმი ქართულ რეალობაზე და ერთგვარი ტრილოგიით გადმოეცით საკუთარი სათქმელი. შეიძლება ითქვას, რომ „მშვენიერი ელენე” ფილმთა ახალი ციკლის დასაწყისია?
იყო ათწლიანი ეტაპი, როდესაც გადავიღე სამი მხატვრული ფილმი: „გაღმა ნაპირი“, „სიმინდის კუნძული“ და „ხიბულა“. ეს ტრილოგია საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდს, XX საუკუნის 90-იან წლებს ასახავს. გარკვეულწილად მივხვდი, რომ ჩემი შინაგანი სათქმელი ამოვწურე და თავისთავად გამიჩნდა ახალი მოთხოვნილება მესაუბრა საზოგადოებასთან. სწორედ ეს ფილმი არის მცდელობა რაღაც ახალი ვთქვა, როგორც რეჟისორმა. სამუშაო მიდგომის, გამომხატველობითი საშუალებების, დრამატურგიული მიმართულების, თემატიკის მრავალფეროვნების თვალსაზრისით. მინდა, როგორც პირველი კურსის სტუდენტმა, რაღაც ახალი ვცადო. ეს იქნება სრულიად განსხვავებული ნამუშევარი მათ შორის, რაც აქამდე გამიკეთებია.
აქვს თუ არა ფილმის სახელწოდებას კავშირი ანტიკური პერიოდის ცნობილ პრინცესა, მშვენიერ ელენესთან?
ჩვენი მთავარი პერსონაჟი თავისი ცხოვრებით, განცდებითა და ადგილით ამ სამყაროში ასოციაციურად ეხმიანება ლეგენდარულ მშვენიერ ელენეს ტროადან, რომლის გამოც კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ყველაზე დიდი ომი. ასევე ვფიქრობ, რომ ელენე არის ერთგვარი მემკვიდრე ბიბლიური ევასი, რაღაც სიმბოლო ქალებისა, რომელთა გამოც ხდება ომები, არა მარტო იარაღით, არამედ ცხოვრებისეულიც. ეს არის ფილმი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც მუდმივ ძიებაშია მისთვის უცხო, ახალ გარემოში და ცდილობს მოძებნოს არა მარტო თავისი ადგილი, არამედ საკუთარი თავიც ამ ახალ რეალობაში. ეს არის მინიშნება მის წინამორბედ ელენესთან და გატარებულია აზრი, რომ ყველა ქალში არის მსგავსება მშვენიერ ელენესთან.
რისი თქმა შეგიძლიათ უშუალოდ ფილმის სიუჟეტზე?
ფილმი დღევანდელ ახალგაზრდობაზე – მათ პრობლემებსა და გრძნობებზე მოგვითხრობს. „მშვენიერი ელენე“ მცდელობაა ყოველდღიური ცხოვრების მოდელი შექმნას ეკრანზე. მთავარი გმირი, 25 წლის ელენე, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკიდან სამშობლოში ბრუნდება. ნაცნობი გარემოსგან დისტანცირებული და მეგობრებისგან გაუცხოებული ელენე ბუნებრივად ვარდება ეგზისტენციალური კრიზისის ველში. ის ცდილობს ხელახლა მოძებნოს კუთვნილი ადგილი, და რაც მთავარია, გამართლება მოუძებნოს საკუთარ არსებობას.
რისი თქმა გსურთ ამ ფილმით, როგორც რეჟისორს. რა არის თქვენი მთავარი გზავნილი?
ეს არ არის ფილმი მხოლოდ ქალებზე, ეს არის ფილმი ადამიანებზე, ზოგადად, მათ არსებობაზე ამ სამყაროში. მასში ბევრი კითხვა დაისმის – რატომ მოვედით ამ სამყაროში, რა ამოცანა და მისია გვაქვს შესასრულებელი, ეს არის ფილმი განსჯა-მსჯელობა არსებობის საკითხებზე. გულის სიღრმეში კი მსურს, რომ თითოეულმა მაყურებელმა დააკავშიროს საკუთარი თავი ფილმის პერსონაჟებთან.
როგორ შეარჩიეთ ქასთი, ვიხილავთ თუ არა რომელიმე ცნობილ მსახიობს ფილმში?
კინოწარმოების წამყვან პოზიციებზე დასაქმებულები ძირითადად ქალები არიან. ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა მსახიობების შერჩევის ეტაპი – თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვარჩევდით. ფილმში მონაწილეობენ მხოლოდ ქართველი მსახიობები, უმეტესობა პროფესიონალები არიან. თუმცა, მთავარი გმირის შემსრულებელი ახალბედა მსახიობი, ნათია ჩიკვილაძეა.
სად მიმდინარეობს გადაღებები და რა ბარიერებს აწყდებით მისი მსვლელობისას?
ფილმის 65% უკვე გადაღებული გვაქვს. პროცესი მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადაღებები გვქონდა ურთულეს გეოგრაფიულ ლოკაციებზეც: ბირთვისის კანიონში, ხრამის ხეობაში, სამშვილდეზე, რაჭაში კარვებით ექსპედიციის პირობებში, ეს განსაკუთრებით რთული იყო. თუკი სეზონსაც გავითვალისწინებთ – ვმუშაობთ ზამთარში, ღამითაც, სიცივეში. სამწუხაროდ, გვაქვს სერიოზული პრობლემები ფინანსური თვალსაზრისით, ვიღებთ მინიმალური დანახარჯებით. ძალიან გვეხმარებიან პარტნიორი კომპანიები, თუმცა თანადაფინანსება საკმარისი არ არის.
ვინ არიან ფილმის თანადამფინანსებლები, რა სახის გრანტები ან დონაციები გაქვთ მიღებული?
ფილმის დაფინანსების წყარო არის საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ჩვენ ეს თანხა მივიღეთ კონკურსში გამარჯვებით, რომელსაც ჰქვია „დაბალბიუჯეტიანი ფილმების კონკურსი“. დაფინანსება არის სტანდარტული – 150 000 ლარი, და გადავწყვიტეთ ამ 150 000 ლარის ანაბარა გადაგვეღო ეს მხატვრული ფილმი. სხვა ტიპის თანამონაწილეობა გვაქვს ტექნიკით, პარტნიორი კინოკომპანიაა „კინოტექნიკი“, ასევე, გვქონდა უსასყიდლო დახმარება უნგრული მხრიდან დამდგმელი ოპერატორისა და საოპერატორო ჯგუფის, ვიდეოკამერების სახით, ეს არის ამ ფილმის ბიუჯეტი. ალბათ გესმით, რომ 150 000 ლარი არის დაახლოებით 1 საშუალო ხარისხის სარეკლამო რგოლის ფასი. ახლა ვიბრძვით, რომ როგორმე მოვიპოვოთ დამატებითი დაფინანსებები. ჩვენი მხარდამჭერები არიან: „ტელეკომპანია იმედი“, Brim Hotel, Julius Meinl, Zedazeni და სხვები.
რას გვეტყვით თქვენს თანამშრომლებზე, როგორაა დაკომპლექტებული გადამღები გუნდი?
ეს არის მცდელობა შეიქმნას გუნდი, რომლის მთავარი მოტივაცია და პრინციპი იქნება მათი დიდი სურვილი იმუშაონ კინოში, გაიზარდონ და მიიღონ გამოცდილება. მათთვის ეს იქნება სასწავლო პროცესი, რათა ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ისინი ძირითადად ახალგაზრდები არიან – ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის. ვცდილობ მათი ენთუზიაზმი გავამართლო. ვწუხვარ, რომ ვერ ვახერხებთ მათთვის ღირსეული ანაზღაურების გაწევას.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომელთაც ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწიეს: ჩვენი კო-პროდიუსერი GUILLAUME DE SEILLE, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროდიუსერია. მისი ფილმები ყოველწლიურად იგზავნება ბერლინის და კანის კინოფესტივალებზე. იგი ასევე არის სადისტრიბუციო კომპანიის, ARIZONA DISTRIBUTION-ის დამფუძნებელი.
“მშვენიერი ელენე”-ს დამდგმელი ოპერატორი მარსი რაგალია, რომელიც ბოლო პერიოდში NETFLIX-ის პროექტებზე მუშაობდა. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ იგი მატერიალურ სარგებელს არ იღებს ჩვენგან და მისი ერთადერთი ინტერესი ფილმის ღირსეულად გადაღებაა.
ფილმის სცენარზე ჩემთან ერთად უკვე მეოთხედ თანამშრომლობს ცნობილი ჰოლანდიელი სცენარისტი რულევ იან მინებო. ფილმს აწარმოებს კომპანია „ვაგონეტი“, რომლის მარკეტინგის მენეჯერიც არის თინათინ ჯიქიძე, ხოლო ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი – ბადრი სიფრაშვილი. ზოგადად, ეს არ არის მხოლოდ ჩემი, გიორგის ფილმი და ისინი არ მოდიან გიორგისთან სამუშაოდ, ეს არის ჩვენი, ყველას ფილმი.
ფოტო: ანა ყაჭეიშვილი, ლუკა შერმადინი