ბედნიერების ელჩი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიიდან | ინტერვიუ ელენე ოთარაშვილთან

სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის სფეროში წლების წინ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებით და ერთგვარად დაუგეგმავადაც კი მოხვდა. თუმცა ეს საქმე პირველივე წუთებიდან იქცა შთამბეჭდავი ბიოგრაფიის გაგრძელებად და ელენეს უდიდეს გატაცებად, რომელიც გამორიცხავს სამუშაო სივრცეში გატარებული საათების დათვლას ან საქმით დაღლის შეგრძნებას. ელენე გვიყვება გზაზე, რომელიც გაიარა, მუშაობის, მართვისა და ურთიერთობის სტილზე; გვიყვება გუნდზე, რომელიც გარშემო შემოიკრიბა და რომლის წევრებსაც პირადი მაგალითით ყოველდღიურად მუხტავს საქმის სიყვარულითა და შთაგონებით. კითხვაზე, როგორია მისი მართვის სტილი, ელენე გვპასუხობს, რომ თითოეულმა თანამშრომელმა თავი რაღაც დიდის და ღირებულის ნაწილად უნდა იგრძნოს; სამუშაო სივრცეში ისინი ბედნიერები და სრულად რეალიზებულები უნდა იყვნენ. სტრატეგია რომ ამართლებს, ამას, პირველ რიგში, ცხადყოფს ის, რომ 2022 წლის სექტემბერში ელენე ოთარაშვილის ხელმძღვანელობით გახსნილი Golden Tulip Design Tbilisi უმოკლეს დროში იქცა ქალაქში პოპულარულ და ბევრისთვის საყვარელ სივრცედ. მართვის სახასიათო, მაღალპროფესიული და ხაზგასმით ჰუმანური ხელწერის შედეგია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ელენემ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საერთაშორისო ქსელის სასტუმროს საუკეთესო გენერალური მენეჯერის ტიტული დაიმსახურა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

როგორ აღმოჩნდით ტურიზმში და რა გზა გაიარეთ მანამდე?

ტურიზმის სფეროში 2011 წლიდან ვარ. მანამდე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება მქონდა მიღებული სხვადასხვა მიმართულებით. ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში. მაგისტრის ხარისხი სწორედ საჯარო მართვის მიმართულებით მაქვს მიღებული. შემდეგ გადავედი არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია USAID-ის პროექტში IREX. კარგი გამოცდილება მივიღე სარეკლამო სააგენტო McCann Erickson Georgia-ში, სადაც საერთაშორისო ბრენდების ექაუნთ მენეჯერი ვიყავი. მერე იყო IT კომპანია BIT-ის გაყიდვები და მარკეტინგი, სადაც მაიკროსოფტისა და სხვა გიგანტი IT კომპანიების ERP სისტემებზე ვმუშაობდი.

როგორ დაიწყო თქვენი გზა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში?

გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც მრავალეტაპიანი გამოცდებისა და გასაუბრებების შედეგად TBC ბანკმა ამიყვანა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე და ძალიან მალევე TBC-ის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „შატო მუხრანის“ ტურისტული მიმართულების ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ეს იყო ძალიან მოულოდნელი წინადადება და დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. რეგიონში მუშაობის გამოცდილება მე ჯერ არ მქონდა, პლუს ტურიზმი ჩემთვის იყო ახალი სფერო, ახალი მიმართულება. ფაქტობრივად, გადავდე ჩემი პირადი ცხოვრების დრო და მთლიანად გადავეშვი ამ საქმეში.

ასე დაიწყო ჩემი დიდი და საინტერესო თავგადასავალი ტურიზმში, რომელიც, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ძალიან მიყვარს. მუხრანში დამხვდა ღვინის საწარმო და მარნები. სასახლე ხარაჩოებში იდგა, საღონისძიებო სივრცეები, რესტორნები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა ჯერ არ გვქონდა. რთული იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. ვაცნობიერებდი, რომ ასეთი უნიკალური ისტორიის მქონე ადგილის აღორძინებაში ჩემი წვლილის შეტანა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. პირველ რიგში, უნდა დამეწყო ღვინის ტურიზმის განვითარებით. საქართველოში ღვინის ტურიზმის გამოცდილება ჯერ არ არსებობდა. დავიწყე ამის კვლევა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებების შესწავლა. შევქმენი „შატო მუხრანის“ ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ბიზნეს მოდელი. დავიწყე გუნდის შექმნა. ავიყვანე 19-20 წლის გოგო-ბიჭები. ნულიდან დავიწყეთ ეს საქმე და ძალიან ვამაყობ, რომ დღეს მათი უმრავლესობა ისევ „შატო მუხრანში“ მუშაობს მაღალ პოზიციებზე.

7 წელი გავატარე „შატო მუხრანში“. ეს იყო აღმოჩენების, თავდაუზოგავი შრომისა და გამარჯვებების პერიოდი. შევქმენით ღვინის ტურიზმის უმაღლესი სტანდარტი. ასევე – საუკეთესო ადგილი მასშტაბური წვეულებებისა და ბიზნეს ტურიზმისთვის. შემდეგ ბევრმა კომპანიამ ჩვენგან აიღო მაგალითი. საშუალება მომეცა საფრანგეთში, ბორდოში მესწავლა ღვინის ტურიზმის მენეჯმენტი. მოვიარე არაერთი ზღაპრული შატო ბორდოში და დიდი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე. სულ ვამბობ, რომ „შატო მუხრანი“ ჩემი გულის ნაწილია. ძალიან დიდი დრო გავატარე იქ, დიდი რესურსი ჩავდე და იქ ჩამოვყალიბდი სტუმარმასპინძლობის ბიზნესის პროფესიონალად.

მაგრამ დგება ეტაპი, როცა ფიქრობ, რომ რაღაც მეტი გინდა და ეს იყო ჩემთვის სასტუმროს ინდუსტრია.

მომდევნო ეტაპი იყო დიდი პროექტები სასტუმროს ინდუსტრიაში, „ვაზისუბნის მამულის“ ფრეოფენინგი და გახსნა, „რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის“ ხელმძღვანელობა. გამოვიდა ისე, რომ მე გახლდით პირველი ქართველი, თან ქალი, რომელიც საერთაშორისო ქსელის ბრენდული სასტუმროს გენერალური მენეჯერი გახდა. მანამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, საერთაშორისო ბრენდების გენერალური მენეჯერები საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდათ. ამას მოყვა „რედისონ ბლუ ივერია თბილისი“.

პარალელურად, დავიწყე კიდევ ერთი საქმიანობა: კოლეგებისგან მივიღე შეთავაზება და გავხდი „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საქართველოში ბიზნეს ტურიზმის სტანდარტების დასამკვიდრებლად, არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ.

სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. ყველა კომპანია, სადაც მიმუშავია, ძალიან მიყვარს და მეამაყება. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, ბევრი სირთულე გამოვიარე, მაგრამ გამოცდილებამ გამომაწრთო და მასწავლა ყველა პრობლემის ახალ შესაძლებლობად გარდაქმნა. ამ ინდუსტრიაში ყოფნა ჩემთვის შემოქმედებითი პროცესია, რაც მუდმივად მავსებს ენერგიითა და ენთუზიაზმით. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მიზნად ვისახავ დავდო უმაღლესი ხარისხი.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით.

დღეს გახლავართ ჩემი უკვე ძალიან საყვარელი ადგილის, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი. ეს საერთაშორისო ბრენდი წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან მულტიბრენდულ სტუმარმასპინძლობის ჯგუფს – Louvre Hotels Group-ს, რომელიც 1600 სასტუმროს მართავს 54 ქვეყანაში და ორიენტირებულია ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. სათავო ოფისი მდებარეობს პარიზში.

ჩემთვის კიდევ ერთი გამოწვევა იყო, გამეხსნა საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო. ზოგადად, ახალი სასტუმროს გახსნა, ნულიდან დაწყება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აწყობილი სასტუმროს მართვა. ისე გამოდის, რომ საკუთარ თავს სულ მსგავსი გამოწვევების წინაშე ვაყენებ ხოლმე, თუმცა სირთულეების გადალახვა ძალიან გზრდის და უდიდეს გამოცდილებას გძენს.

ჩვენს სასტუმროს გამოარჩევს ინოვაციურობა და საოცრად დახვეწილი თანამედროვე დიზაინი. პროექტზე იმუშავა ცნობილმა პორტუგალიელმა არქიტექტორმა ცეზარ რიბეირომ. სასტუმროს თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს.

ჩვენ შევქმენით საქართველოში პირველი სივრცე, სადაც წარმოდგენილია ციფრული არტის გამოფენა. მუდმივად გვაქვს NFT არტების ექსპოზიციები, რითაც ხელს ვუწყობთ თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

სასტუმროში გვაქვს ფასადის Mood light კონცეფცია, რომელიც ჩვენს სტუმრებს საშუალებას აძლევს ოთახის განათების ფერი სასურველი განწყობის მიხედვით შეარჩიონ. სწორედ ამიტომ, ჩვენი სასტუმროს ფასადი ყოველ საღამოს ფერადი და სხვადასხვანაირია, ჩვენი სტუმრების განწყობის შესაბამისი.

ბევრი ვიმუშავეთ სასტუმროს რესტორნისა და ტერასის კონცეფციაზე. გვსურდა ახალი პროდუქტი შეგვეთავაზებინა ქალაქისთვის. აქ ყველა დეტალზე ბევრია ნაფიქრი იმისათვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა საუკეთესოდ იგრძნონ თავი. ჩვენთან ის ადამიანები მოდიან, ვისაც სურთ დასვენებასა და გართობაში ხარისხიანად გაატარონ დრო. ჩვენს ივენთებზე უკვე ძალიან მაღალი მოთხოვნა შეიქმნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კონცეფციამ გაამართლა, რადგან ძალიან მცირე დროში ქალაქის სხვა ობიექტებმაც აიტაცეს მსგავსი სპეციფიკა.

ამ არაჩვეულებრივი პროექტის სულისჩამდგმელი გახლავთ საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფი“ და მისი მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი. „ბლოკ ჯგუფი“ აქტიურად შემოვიდა სტუმარმასპინძლობის ბიზნესში. ჩვენ ახლა ერთი გუნდი ვართ, რომელიც მუშაობს და ემზადება თბილისს შესთავაზოს 2 მსხვილი საერთაშორისო პროექტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

რთულია გუნდთან მუშაობა? ზოგადად, მართვა?

ჩემთვის ეს მუდმივი ადრენალინია. ჩემი გუნდისთვის ვქმნი უსაფრთხო, მხარდამჭერ გარემოს. ვაერთიანებ მათ გრძელვადიანი მიზნისა და ღირებულებების ირგვლივ. ამ განწყობის მოპოვება არ არის ადვილი მაშინ, როცა თითოეული ადამიანის მიღმა მისი ცხოვრება და პრობლემებია. ლიდერმა უნდა შეძლოს ენთუზიაზმით აღავსოს თითოეული თანამშრომელი. ჩვენი გუნდის წევრების მოტივაციითა და დადებითი განწყობებით ვქმნით იმ საერთო ენერგეტიკას, რომელსაც მოაქვს შედეგი.

მუდმივად ვეხმარები ჩემი გუნდის წევრებს მიაგნონ შინაგან ინსპირაციას, იგრძნონ თავი დიდის ნაწილად, აკეთონ შინაარსიანი და ღირებული საქმე და თავიანთი წვლილი შეიტანონ წარმატების შექმნაში. ჩვენ ერთად ვზეიმობთ დიდ წარმატებასაც და პატარა წინსვლებსაც. ასეთი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობით ვქმნით გარემოს, სადაც არავის უჭირს შეცდომების აღიარება და კრეატიული გადაწყვეტილებების შემოთავაზება, უმჯობესდება კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრის ხარისხი.

ეგოცენტრული ბოსების დრო წავიდა. გუნდს სჭირდება ლიდერი, რომელსაც ბოლომდე ენდობა, რომელიც ზრუნავს მასზე, როგორც პიროვნებაზე, ეხმარება განვითარებაში, უქმნის ღირსეულ, მადლიერ გარემოს და ცხოვრებისეული ბალანსის პირობებს.

რა გეხმარებათ მიზნის მიღწევაში?

ჩემი გუნდის წევრები ყოველთვის მეუბნებიან, თქვენ განსხვავებული ლიდერი ხართო. ვცდილობ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა მათ მუშაობის პროცესში, თავი ვაგრძნობინო ბედნიერად და ბოლომდე რეალიზებულად. ჩემი ძალისხმევა, პირველ რიგში, მიმართულია იმისკენ, რომ თანამშრომლებს უხაროდეთ სამსახურში მოსვლა. ამისთვის მათი მეგობარიც ვარ, ფსიქოლოგიც და როლური მოდელიც. გადამწყვეტია ის, რომ გუნდის წევრები ერთმანეთის მიმართ კონკურენციას კი არ გრძნობდნენ, არამედ სულ მზად იყვნენ ერთმანეთის დახმარებისთვის. ვფიქრობ, ამას იდეალურად მივაღწიეთ. ამბობენ, რომ არასდროს არცერთ სამსახურში არ ყოფილან ასეთი ბედნიერები, მათი ეს შეფასება ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. 84 თანამშრომელი მყავს. თითოეულმა მათგანმა იცის, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს მომმართოს, ჩემი კარი ღიაა და ყოველთვის მზად ვარ მათ მოსასმენად.

თანამშრომლებთან უკუკავშირი საქმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ მათთან დიალოგი, მათი პრობლემების გაზიარება მეხმარება იმის ცოდნაში, რამე ხარვეზი ხომ არ გვაქვს, რამე ხომ არაა გამოსასწორებელი საოპერაციო პროცესებში.

თბილისში სასტუმროებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა, რეალურად ძალიან რთულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სასტუმროებს ღირსეული კონკურენცია გაუწიო. ჩვენ ძალიან მოკლე დროში, ჩვენი გუნდურობითა და ერთიანობით, დამკვიდრებული კლიშეების რღვევით და ინოვაციური მიდგომებით, თვალსაჩინო შედეგი დავდეთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რა არის თქვენი მიზანი?

სტუმარმასპინძლობის სფეროში მთავარი მიზანი სტუმრის ბედნიერებაა. აქედან გამომდინარეობს სხვა ყველაფერი. ამისთვის ვშრომობთ დღე და ღამე. ჩვენ, ამ სფეროს წარმომადგენლები, ბედნიერების ელჩები ვართ.

კარიერის დასაწყისში ფიქრობდით, რომ ტურიზმში მოხვდებოდით?

ნამდვილად არა. 17 წლისამ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. თავიდანვე ისე დაიგეგმა, რომ მუსიკალურ გზას უნდა გავყოლოდი. მუსიკა ჩემი ცხოვრება იყო, პიანისტი ვიყავი, თუმცა ანალიტიკისა და წერის მიმართ სიყვარულმა გადაწონა და გადავწყვიტე კონსერვატორიაში არა საფორტეპიანოზე, არამედ მუსიკათმცოდნეობაზე ჩამებარებინა. ეს ძალიან მასშტაბური, სააზროვნო პროფესიაა და უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ჩემთვის იმ ეტაპზე. დღეს რომ ვაფასებ, მუსიკა ძალიან წვრთნის ადამიანს, გაჩვევს მძიმე შრომას, დისციპლინას, ავითარებს ინტელექტს და გემოვნებას. გარდა ამისა, საოცარ ადამიანებთან, მათ შორის გენიალურ მუსიკოსებთან მქონდა ურთიერთობა. ვფიქრობ, მუსიკამ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

კონსერვატორიაში იმ მოლოდინით ჩავაბარე, რომ შემდეგ ვენის კონსერვატორიაში გავაგრძელებდი სწავლას. მაგრამ მესამე კურსის დასასრულს ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ამბავი მოხდა. საშუალება მომეცა სტაჟირება გამევლო პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში. ვაკვირდებოდი იმ საქმიან, დინამიკურ გარემოს. გავიცანი უამრავი ადამიანი, დავიმუხტე ამ ყველაფრით და იქვე შემომთავაზეს პირველი ნამდვილი სამსახური, გავხდი ერთერთი საერთაშორისო პროექტის თარჯიმანი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე კონსერვატორიის შემდეგ მაგისტრატურაში სწავლა გამეგრძელებინა GIPA-ში საჯარო მართვის ფაკულტეტზე. მეუბნებოდნენ, ასეთი წარმატებები გაქვს მუსიკაში და სად მიდიხარო, მაგრამ ძალიან მტკიცე ვიყავი ჩემს სურვილში, არ დამიშვია, რომ არ გამომივიდოდა. ეს იყო 2001 წელს. იმ პერიოდში GIPA ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო დაფინანსებული. ჩემი სწავლაც მთლიანად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა. ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პროფესორები გვასწავლიდნენ. იმ პერიოდში ღამით დაახლოებით სამი-ოთხი საათი მეძინა, ისეთ რეჟიმში ვიყავი.

ზოგადად, გამბედავი ხართ?

როგორც ჩანს, ძალიან გამბედავი ვარ, რადგან არ ვუშინდები რადიკალურ გადაწყვეტილებებს და ახალ გამოწვევებს, ენთუზიაზმით მავსებს გაუკვალავი გზის გაკვალვა, სტერეოტიპების მსხვრევა და ინოვაციები. ჩემთვის ძალიან საინტერესო და შთამაგონებელია შექმნის პროცესი. მე სწორედ ეს მამოტივირებს, ახლის შექმნა, განვითარების ახალი გზების ძიება და ექსპერიმენტები. ჩემთვის ეს ერთგვარი შემოქმედებითი პროცესია.