მსოფლიო კინოსამყაროს უდიდესი ცერემონია, ოსკარის დაჯილდოება, 2 თვით გადაიდო. ისევე, როგორც ყველა ღონისძიებას, მასაც შეეხო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ცვლილებები და ნაცვლად 2021 წლის 28 თებერვლისა, 25 აპრილს ჩატარდება.
ოსკარების დაჯილდოების ცერემონია წარსულში მხოლოდ 3-ჯერ გადაიდო – პირველად ეს 1938 წელს მოხდა, ლოს-ანჯელესის წყალდიდობის გამო; შემდეგ 1968 წელს, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის მიზეზით; მესამედ კი მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მოკვლა სცადეს, 1981 წელს.
„საუკუნეთა განმავლობაში ფილმები ჩვენთვის იყო შთაგონების, ნუგეშისა და თავის შექცევის საშუალება, განსაკუთრებით, მძიმე პერიოდებში. სწორედ ასეთი ვითარებაა ახლაც და რეჟისორებს სჭირდებათ დახმარება, რათა დაასრულონ და ეკრანებზე გამოიტანონ მათი შემოქმედება. ოსკარის დაჯილდოების მომავალი ცერემონია ისტორიული მნიშვნელობის მქონე იქნება, რამდენადაც გააერთიანებს ხალხს მთელი მსოფლიოდან, იმ ხალხს, რომელთაც უყვართ კინო“ – ამბობს დაჯილდოების აღმასრულებელი დირექტორი, დაუნ ჰადსონი.
რაც შეეხება ნომინაციებში წარდგენილ ნამუშევართა სიას, არსებული ინფორმაციით, ის 2021 წლის 15 მარტს გამოქვეყნდება.