ცოტა ხნის წინ კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, Oscars-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდში მდებარე „დოლბის“ თეატრში გაიმართა. Forbes Woman Georgia-ს ყურადღების ცენტრში ის ქალები მოექცნენ, რომლებსაც წელს ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო გადაეცათ.
საუკეთესო რეჟისორად ფილმისთვის „ძაღლის ძალა“ ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონი დასახელდა. ეს უკანასკნელი „ოსკარების“ ისტორიაში მესამე ქალია, რომელსაც აღნიშნულ კატეგორიაში ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო ერგო. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ოსკარი ფილმისთვის „ქარიშხლის მბრძანებელი“ ქეთრინ ბიგელოუს გადაეცა, 2021 წელს კი ეს ჯილდო კინოსურათისთვის „ნომადლენდი“ ქლოი ჭაომ დაიმსახურა. აქვე, უნდა ითქვას, რომ კემპიონი ერთადერთი ქალია, რომელიც აღნიშნულ ჯილდოზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ორჯერ წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ჯეინ კემპიონმა ფილმისთვის „ძაღლის ძალა“ კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა – მას ოქროს გლობუსი გადაეცა კატეგორიაში „მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი“.
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ოსკარი ჯესიკა ჩესტეინს გადაეცა. მან ჯილდო ფილმში, სახელწოდებით „ტემი ფეის თვალები“ თამაშისთვის დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ჩესტეინს Oscars 2022-ზე ზემოხსენებულ კატეგორიაში კონკურენციას უწევდნენ ცნობილი მსახიობები: ნიკოლ კიდმანი („იყო რიკარდო“), კრისტენ სტიუარტი („სპენსერი“), პენელოპა კრუზი („პარალელური დედები“) და ოლივია კოულმანი („დაკარგული ქალიშვილი“).
ჯესიკა ჩესტეინი ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში 2013 წელსაც იყო ნომინირებული ფილმში „მიზანი ნომერი ერთი“ თამაშისთვის. მართალია, მან ოსკარის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა იმავე წელს დასახელებულ კინოსურათში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი დაიმსახურა.
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი არიანა დებოუსი გახდა ფილმში, სახელწოდებით „ვესტსაიდური ამბავი“ თამაშისთვის. მას კონკურენციას უწევდნენ: ჯესი ბაკლი („დაკარგული ქალიშვილი“), ჯუდი დენჩი („ბელფასტი“), კირსტენ დანსტი („ძაღლის ძალა“) და ანჟანუ ელისი („მეფე რიჩარდი“).
გარდა ამისა, არიანა დებოუსმა კინოსურათში „ვესტსაიდური ამბავი“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოქროს გლობუსი დაიმსახურა. მან აღნიშნულ ფილმში თამაშისთვის ბრიტანული კინოაკადემიის, BAFTA-ს ჯილდოც მოიპოვა.
კატეგორიაში „საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის“ ოსკარი „No Time To Die“-მ დაიმსახურა, რომლის ავტორებიც ბილი აილიში და მისი ძმა, ფინეას ბერდ ო’კონელი არიან. აღსანიშნავია, რომ აილიში 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანი გახდა, რომელსაც ამერიკული კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.
სიმღერა „No Time To Die“ ამავე სახელწოდების ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ გაჟღერდა, რომლის რეჟისორიც ქერი ჯოჯი ფუკუნაგაა. კინოსურათში მთავარ როლს დენიელ კრეიგი ასრულებს.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარი გადაეცა შან ჰედერს („სმენადაქვეითებული მშობლების შვილი“). კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის ჯილდო დაიმსახურა ჯენი ბივანიმ. ინგლისელმა დიზაინერმა ფილმისთვის „კრუელა“ კოსტიუმებზე იზრუნა. საუკეთესო მაკიაჟისა და ვარცხნილობისთვის ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო გადაეცათ ლინდა დაუდს, სტეფანი ინგრამსა და ჯასტინ რალის. მათ ფილმში “ტემი ფეის თვალები“ მონაწილე მსახიობების გარეგნობაზე იზრუნეს.