რამდენიმე ქვეყნის პოლიციამ ერთობლივი გამოძიებით გამოავლინა გლობალური დაჯგუფება, რომელიც ონლაინ სივრცეში ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციას ეწეოდა. გამოძიებას ბელგია ხელმძღვანელობდა და მხარდაჭერილი იყო ევროპოლის მიერ.
გამოძიება ბელგიის ფედერალურმა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოსავლეთ ფლანდრიაში, ერთ-ერთი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა ბავშვების მონაწილეობით გადაღებული 9 მილიონზე მეტი ფოტო და ვიდეო მასალა.
პოლიციის მიერ აღმოჩენილი მასალა აქამდე ინტერნეტ-სივრცეში არ ცირკულირებდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ დაკავებულები თავად აწარმოებდნენ მსგავსი ტიპის მასალას. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო გლობალური გამოძიება, რომლის შედეგადაც გამოვლენილ იქნა დაჯგუფება კავშირებით 40-მდე ქვეყანასთან.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 90 დამნაშავე და 110-მდე დაზარალებული. ბელგიის სასამართლომ უკვე დამნაშავედ სცნო 4 ბრალდებული. ბრალდებულები სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგნენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ავსტრალიაშიც, სადაც დამნაშავეს სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ევროპოლმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა და 40-მდე ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი დაკავებების სერია დაანონსა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რედაქციამ უკვე მიმართა კითხვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს, რათა გაერკვია, 40 ქვეყანას შორის არის თუ არა საქართველოც. აღნიშნულ ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე გაგაცნობთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2019 წელს რამდენიმე პირი დააკავეს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით.