სათავგადასავლო აქტივობები, სემინარები და ტრენინგები – რომელი აქტივობებია დასაშვები ღია სივრცეში

კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეცვალა. ნელ-ნელა, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, სახელმწიფოები რიგ შეზღუდვებს ხსნიან, მათ შორის – საგანმანათლებლო და გართობის სექტორში დაწესებულ შეზღუდვებს. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები ხდება. ასევე დასაშვები ხდება სათავგადასავლო აქტივობები, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარდება.

უცვლელად გთავაზობთ მთავრობის განცხადებას აღნიშნულ საკითხზე:

„საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყლოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად,“ – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.