ქალები უფრო დამთმობები არიან? – შევამოწმოთ ჯორდან პეტერსონის თეორია

ალბათ გსმენიათ კანადელი კლინიკური ფსიქოლოგის, ჯორდან პეტერსონის შესახებ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს YouTube-ის პლატფორმაზე. პირველი ე.წ “წითელი დროშა”, რის გამოც ფემინისტ ადამიანს მის მიმართ შეიძლება ანტიპათია გაუჩნდეს, მისი აუდიტორიაა. ძალიან თვალშისაცემია, რომ მისი თანამოაზრეების უმრავლესობა კაცია.

პეტერსონის აზრით, ერთერთი მთავარი მიზეზი ქალებსა და კაცებს შორის შემოსავლის სხვაობისა, სწორედ ქალის ბუნებაა, უფრო ზუსტად, კომპრომისზე იოლად წასვლის, სხვის ნებაზე მორგების თვისება.

ადამიანებში გენდერული სხვაობების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რეზონანსული კვლევა 2001 წელს გამოქვეყნდა. 26 სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელმა 23,000-მა ადამიანმა შეავსო კითხვარი საკუთარი ხასიათის შესახებ. კვლევაში აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომელშიც ქალები საკუთარ თავს მეგობრულად, ალერსიანად, მგრძნობიარედ და მღელვარედ აფასებდნენ, ხოლო მამაკაცებში პიროვნული სიმტკიცის და ახალი იდეების მიმართ ღიაობის უფრო მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ეს მაჩვენებელი ხაზს უსმევს, რომ ქალების შედეგები ისევ დამთმობ ბუნებას და ნერვოტულობას ასახავდა, თუმცა ამავე ნაშრომის მთავარი კრიტიკა სწორედ კვლევის მეთოდია – ცვლადები თავად აფასებენ საკუთარ ხასიათს, ამიტომ ჩვენ ვერ გავარჩევთ ეს ობიექტური ვერდიქტია, თუ ისინი ტრადიციული გენდერული როლების წნეხში მოექცნენ.

ამ საკითხზე მსჯელობისას ხშირად ამოტივტივდება თავსატეხი – ქალებსა და კაცებს შორის სხვაობები თანდაყოლილი თავისებურებებია თუ გარემოს შედეგი? აღსანიშნავია, რომ სოციალური ზეწოლის ეფექტის შესამცირებლად, 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ შეცვალა გამოკითხვის სტილი (ისინი კლავიატურის დახმარებით აკვირდებოდნენ, თუ რა სიჩქარით პასუხობდა ადამიანი კითხვას), რათა ცვლადები ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ფორმით იღებდნენ მკვლევარები ინფორმაციას. ამ შემთხვევის რეზულტატი მკვეთრად განსხვავდებოდა უწინდელისგან – გენდერული სხვაობების ნიშნული სამჯერ შემცირდა.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ზემოთხსენებულ და სხვა მსგავს კვლევებში ერთი თავისებურება მუდმივად იჩენს თავს – ქალებისა და კაცების პიროვნული თვისებების საშუალო მაჩვენებლები თითქმის იდენტურია, მაგრამ რადიკალური მაჩვენებლები ძალიან განსხვავდება – ანუ საშუალოდ ქალები და კაცები ერთნაირად “დამთმობი” და კეთილგანწყობილები არიან, თუმცა ყველაზე დამთმობ ადამიანთა ჯგუფში ყოველთვის ქალები დომინირებენ, ხოლო ყველაზე არდამთმობ ადამიანთა ჯგუფის უმეტესობა – კაცებია. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია, 100%-ით გავაკონტროლოთ გარემო პირობების გავლენა გენდერულ სხვაობაზე, შესაძლებელია, დავინახოთ, რა გავლენა აქვს ამ სხვაობებს ჩვენს შემოსავლებსა და სამუშაო გამოცდილებაზე.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თარგმანთან დაკავშირებული სირთულეების გამო, კვლევის საკითხის ზუსტად გამოხატვა რთულია. სიტყვა Agreeable, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით სასიამოვნოს, შესაფერისს და “მოთხოვნების შესაბამისს” ნიშნავს, კონკრეტულ კონტექსტში დამყოლისა და კამათისთვის თავის არიდების მოსურნეს აღნიშნავს.

კვლავ დავუბრუნდეთ პირველ კითხვას: რა არის მართებული და რა საკამათო ჯორდან პეტერსონის მსჯელობაში? მიუხედავად სამართლიანი ეჭვებისა, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ქალები მეტად დამთმობები არიან, თუმცა არის თუ არა ეს ქალებსა და კაცებს შორის საშემოსავლო სხვაობის ძირითადი მიზეზი? კვლევის თანახმად, დამყოლი ბუნება სქესის განუსაზღვრელად აზარალებს ადამიანის შემოსავალს, თუმცა რა ხარისხით? კაცების შემთხვევაში ზარალი $11000-ია, ხოლო ქალებისთვის მხოლოდ – $2000. მაშასადამე, არადამთმობი ბუნება კაცებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობების გასაღებია, ვიდრე იმავე ხასიათის(არადამთმობი) მქონე ქალებისთვის. მაგრამ სამართლიანია, რომ შეუპოვარ და მომთხოვნ ადამიანებს მეტი ხელფასი აქვთ? ამგვარი ბუნება ყოველთვის ინტელექტთან და პროდუქტიულობასთან ასოცირდება?

სავარაუდოა, რომ ყველა ადამიანი იმ სფეროს აირჩევდა, სადაც მათი პიროვნული თვისებები ხელსაყრელია – მაგრამ, კვლევის თანახმად, კეთილგანწყობილი და დამთმობი ადამიანები ხშირად ასოცირდებიან სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულებასთან, ანუ პირველი ჯგუფის ადამიანებს მაღალი ხელფასები აქვთ, თუმცა არც სოციალურობით და მეგობრულობით გამოირჩევიან და არც საქმისადმი გულმოდგინებით. შედეგად, კითხვის ნიშნად დარჩა, რატომ ხდება საზოგადოების მხრიდან ადამიანების უსამართლო პრინციპით დაჯილდოვება? ან რატომ არის ზოგი ადამიანისთვის პრეტენზიის გამოხატვა სირთულე? და ბოლოს, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი საზოგადოება, რომ ერთმანეთს კეთილგანწყობილი გარემო შევუქმნათ?