OPEC+ ქვეყნები ნავთობმოპოვების რეკორდულ შემცირებაზე შეთანხმდნენ

ნავთობის უმსხვილეს მომპოვებლებს შორის ფასების ომი დასრულდა. ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დღიურ წარმოებას 9.7 მილიონი ბარელით შეკვეცენ.

აღნიშნული რაოდენობა მსოფლიო ნავთობმოპოვების, დაახლოებით, 10%-ს შეადგენს. წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე ისტორიაში წარმოების ამ მასშტაბით შემცირება არასოდეს მომხდარა.

OPEC+ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება, რომელიც 9 მარტს უნდა შემდგარიყო, მექსიკის გამო გაჭიანურდა. მეხიკო დღიურად 400,000-ის ნაცვლად, ნავთობმოპოვების მხოლოდ 100,000 ბარელით შემცირებაზე იყო თანახმა. როგორც გაირკვა, მექსიკას თავისი ნავთობი ჰეჯირებული, ანუ რისკებისგან დაზღვეული აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მექსიკაზე ფასების ვარდნა ნაკლებად ახდენს გავლენას და მოლაპარაკებების მაგიდაზე მას შედარებით მყარი პოზიციები უკავია.

შეთანხმებაზე მეხიკოს დათანხმება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აშშ-მა მექსიკის წარმოების წილი საკუთარ თავზე აიღო. მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებას წინ უძღვოდა ფასების ომი, რომელიც მარტის დასაწყისში, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ჩაშლილი შეთანხმების შემდეგ, დაიწყო.

მუჰამედ ბინ სალმანმა ნავთობმოპოვების შეკვეცაზე რუსეთის უარს აგრესიული ტონით უპასუხა და ისედაც დაბალი ფასები, მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის, კიდევ უფრო დაწია.

ასევე, Saudi Aramco-მ მარტის თვეში წარმოება რეკორდულად, დღეში 13 მილიონ ბარელამდე, გაზარდა. საპასუხოდ, დღიური 300,000 ბარელით ნავთობმოპოვება გაზარდა რუსეთმაც.

საბოლოო ჯამში, ბაზარზე ნავთობის სიჭარბის გამო, მარტში ნავთობის ფასი ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ანალიტიკოსების თქმით, ფასების დასარეგულირებლად წარმოების ამ დოზით შემცირება საკმარისი არაა და მხარეების ჩარევა კიდევ შეიძლება გახდეს საჭირო.

შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა: