„ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილია იმ ქალებისთვის,
რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან“
– მადლენ ოლბრაიტი
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, რის შემდეგაც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისაკენ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფ ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მიიჩნევა, საქართველომ კი ამ მიმართულებით პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები აიღო. ქვეყანაში მრავალი ნაბიჯი გადაიდგა შრომისა და დასაქმების კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისა და ჰარმონიზაციისთვის. შედეგად, ქალთა უმუშევრობის დონე 2013-2022 წლებში 23.6%-დან 18%-მდე დაეცა. მიუხედავად ამისა, ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა ეკონომიკაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა 31.4%-ს შეადგენს. ქვეყანაში ქალების ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება, რაც ხაზს უსვამს მათ წამყვან როლს არაანაზღაურებად საშინაო საქმეში. 15 წელზე ზემოთ ასაკის ქალთა მონაწილეობა შრომის ფორმალურ ბაზარზე უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცების. პროფესიები კი მკაცრად არის სეგრეგირებული სქესის მიხედვით (მრავალი ქალი დასაქმებულია ზრუნვის ან მომსახურების სფეროებში). რაც მთავარია, ძირითადი ქონების მფლობელობის მაჩვენებელი უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ყველაზე დიდ გენდერულ სხვაობას სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელობაში ვხვდებით (ქალთა მფლობელობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 19%-ია). ამ უთანასწორობის მთავარი მიზეზი არაანაზღაურებადი შრომის არათანაბარი გადანაწილებაა. ქალების მიერ დახარჯული დროის საერთო წილი არაანაზღაურებად საშინაო და მზრუნველობით საქმეზე 17,8%-ია, რაც დაახლოებით 4,8-ჯერ აღემატება მამაკაცების წილს (3,7 %) (საქსტატი, 2022 წ.).
COVID-19-მა არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. პანდემიით გამოწვეული რეცესია ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე უარყოფითად აისახა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, ინოვაციური მიდგომების, ცნობიერების ამაღლების და სოციალური თუ ეკონომიკური ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნით. ორგანიზაცია ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცვლილებებს, რომლებიც გენდერულ თანასწორობას უზრუნველყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში და ქალების საჭიროებებს ითვალისწინებს, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
ზოგი ქალი „ქალებისათვის არადამახასიათებელი“ საქმიანობით არის დაკავებული, როგორიცაა ხეზე მუშაობა, სასათბურე მეურნეობების მართვა და ა.შ. თუმცა, მთლიანობაში, ქალებსაც, საზოგადოების სხვა წევრების მსგავსად, აქვთ სამსახური, ჰყავთ ოჯახები და მეგობრები, აქვთ სხვადასხვა გატაცება. თუ უფრო კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქალები რაღაც განსაკუთრებულს ფლობენ. ცხოვრების მანძილზე მათ მოიპოვეს ძალა, რათა საკუთარი ცხოვრება და გარემო უკეთესობისკენ შეეცვალათ. მრავალი ცხოვრებისეული დაბრკოლების მიუხედავად, მათ მოიკრიბეს გამბედაობა გამკლავებოდნენ სირთულეებს და გადაედგათ ნაბიჯები წარმატებისაკენ. GIZ ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს ქალებს მათი ხმის გაძლიერებით, აღიარებითა და რესურსების მიწოდებით.
GIZ-ის მიერ ქვეყანაში განხორციელებული სამუშაოების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია პროგრამა – მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC). ეს გახლავთ რეგიონული პროგრამა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH) 2017 წლიდან ახორციელებს. პროგრამა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთან ერთად, პროგრამა დაწყებიდანვე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს, კერძოდ, გენდერულ თანასწორობას. 2022 წლიდან, ახალი კომპონენტის დამატებით, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენაა მიმართული, კიდევ უფრო გაძლიერდა პროგრამის ფოკუსი გენდერსა და ინკლუზიაზე.
EPIC სხვადასხვა ასაკის, წარმომავლობის, შესაძლებლობისა და ინტერესის მქონე ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს. მათი უმრავლესობა იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და/ან დევნილთა დასახლებებში. ინტერსექციური მიდგომის გამოყენებით, პროგრამა ცდილობს ქალები განიხილოს არა ჰომოგენურ ჯგუფად, არამედ დაინახოს ისინი უთანასწორობის მრავალი დონის გათვალისწინებით, არსებული მიდგომები კი მათ საჭიროებებს მოარგოს. სოფლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაში გამეფებული სტერეოტიპებისა და სტიგმების გამო, პროგრამის დაწყებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლას ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებითა და ჩართულობით. უშუალო მხარდაჭერასთან ერთად, ქალები მონაწილეობას იღებდნენ EPIC პროგრამის აქტივობების შემუშავების პროცესში.
შესაბამისად, პროგრამა ქალთა საჭიროებებზეა მორგებული და ძირითადი პრობლემების აღმოსაფხვრელად მრავალი მიმართულებით მუშაობს: ბიზნესის მფლობელი მოწყვლადი ქალების გაძლიერებით, ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგებით, ახალი კონტაქტების შეძენის შესაძლებლობებითა და მობილურობის ბარიერების გამოკვლევით, რაც დევნილი ქალების ეკონომიკური ჩართულობის მთავარი დაბრკოლებაა. პროგრამა EPIC ასევე მუშაობს ონლაინ კურსის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართული პირები, სწავლების პროცესში, თანასწორობის პრინციპის ინტეგრაციას შეძლებენ. აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა პარტნიორებთან ამ კუთხით. GIZ-ში ვამაყობთ, რომ სხვადასხვა სამუშაოთი ხელს ვუწყობთ საქართველოში გენდერულ თანასწორობას. ორგანიზაცია რეკომენდაციებს აწვდის სახელმწიფო პარტნიორებს პოლიტიკის, კანონმდებლობისა თუ აქტივობების შემუშავებისას, რათა გათვალისწინებული იყოს ქალების, კაცების, გოგოების და ბიჭების განსხვავებული მდგომარეობა და საჭიროებები. GIZ მხარს უჭერს ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს, რომლებიც მუშაობენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე. GIZ მათ ინფორმაციაზე წვდომას სთავაზობს და არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებასა და ახალი კავშირების შეძენაში უწყობს ხელს, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.