ქალი არტისტების გამოფენები, რომლებსაც სახლიდან ესტუმრებით

კინოთეატრში ნაყიდ პოპკორნის სურნელთან ერთად, ალბათ, არანაკლებ მოგვანატრა თავი მუზეუმის ლამაზმა დარბაზებმა და საოცარი ნამუშევრებით გამოცოცხლებულმა ერთფეროვანმა კედლებმა. სამწუხაროდ, მათი მონახულების შესაძლებლობა უკვე რამდენიმე თვეა აღარ გვაქვს.

მიუხედავად მსოფლოში არსებული არც თუ ისე სახარბიელო მდგომარებისა, უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მეტად კომფორტული და ჩვენზე მორგებული გახდა. ახლა უკვე საკუთარი სახლიდან შეგვიძლია თითქმის ყველაფრის კეთება, მათ შორის, შესაძლებელია, უცხო ქვეყანაში საყვარელი ხელოვანის გამოფენასაც ვესტუმროთ.

„ადამიანებისგან მიღებული გრძნობები არ შემიძლია გამოვთქვა სიტყვებით. ისინი ფორმებსა და ფერებში მოდიან“

კორჯია ო’კიფი

გაციფრულებული გალერეები და ქალი არტისტების 3D გამოფენები – წარმოგიდგენთ რამდენიმე ქალს, რომელთა გამოფენებსაც სმარტფონით ან ლეპტოპით საკუთარი სახლიდანვე ესტუმრებით.

მისაკი კავაი – ყველაზე ფერადი არტისტი იაპონიიდან

მისაკი კავაი იაპონელი არტისტია, რომლის ფერადი სამყაროც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ.

Photo Credits Artsy

მისაკი კავაი ხის, სხვადასხვა ქსოვილის, თექისა და სხვა დაბალტექნოლოგიური მასალებისგან ინსტალაციებს ქმნის. მისი გამოფენები უკვე დიდი ხანია ინტენსიურად იმართება აშშ-ში. მათ შორის, Moko Moko Doki Doki ნიუ იორკში, The Hole-ს გალერეაში უნდა გამართულიყო. პანდემიის ფონზე, იაპონელი ხელოვანის გამოფენის 3D ვერსია შეიქმნა. რომელიც, საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. თანაც არაერთხელ შეგიძლიათ მას ესტუმროთ და ნამუშევრებსაც კარგად დააკვირდეთ.

ფრიდა კალო – ფრიდას სახეები

მექსიკელი ფრიდა კალო ბევრისთვის აღმოჩნდა სიმამაცისა და შეუპოვრობის მაგალითი. მაგალითი იმისა, თუ ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია როგორ უნდა აქციო მთავარ შესაძლებლობად.

ფრიდა კალო, ალბათ, მეოცე საუკუნის მხატვრობაში ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ავტოკატასტროფის შედეგად გამოწვეულ აუტანელ ტკივილთან გასამკლავებლად, ფერმწერი უმეტესად ავტოპორტრეტების ხატვაში ატარებდა დროს. ფრიდა საკუთარ თავს რეალიზმის, სიურრეალიზმისა და სიმბოლიზმის სტილში გამოხატავდა.

ამ ონლაინ გამოფენას Faces of Frida ჰქვია. იგი Google-სა და 33 მუზეუმის კოლაბორაციაა. გამოფენა ფრიდა კალოს რამდენიმე ათეულ ავტოპორტრეტს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი ქალთა ხელოვნების საერთაშორისო მუზეუმია. მათ ვებგვერდზეც შეძლებთ არაერთი საინტერესო ონლაინ ღონისძიებაზე დასწრებას.

არტემიზია ჯენტილესკი – იტალიური საოცრება ონლაინ

არტემიზია ჯენტილესკი კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით ოთხი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, მაგრამ ონლაინ მის სამყაროში მოგზაურობასაც შეძლებთ.

საოცარი ოსტატობით გამოხატული ძლიერი ქალები – ეს იტალიელი მხატვრისთვის დამახასიათებელი სტილია. იგი XVII საუკუნის ყველაზე შემდგარ და დასრულებულ მხატვრად მიიჩნევა. არტემიზია ჯენტილესკი პირველი ქალი იყო, რომელიც ფლორენციის ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა.

ამჟამად, The National Gallery London გვაძლევს მართლაც გენიალური მხატვრის გამოფენის ონლაინ ხილვის შესაძლებლობას და 30 წუთიან ტურს გვთავაზობს. როგორც თავად იტალიელი მხატვარი ამბობდა, საკუთარი ნახატებით გვიჩვენებს იმას, თუ რა შეუძლიათ ქალებს.

მარიკო საკაგუჩი – One Hundred Views Of Bathing

მარიკო საკაგუჩი ნაკლებად ცნობილი, თუმცა ძალიან საინტერესო ფოტოხელოვანია. მისი გამოფენა ოქსფორდის ფოტო ფესტივალის ფარგლებში იმართება.

Photo Credits Photo Oxford Festival

გამოფენა – One Hundred View Of Bathing – სხვადასხვა გარემოში გადაღებულ საკმაოდ ბევრ ფოტოს აერთიანებს. ნამუშევრებზე კი ერთი დეტალი უცვლელია – გოგონა, რომელიც აბაზანას იღებს.

იაპონელი ფოტოგრაფთან ერთად ოქსფორდის ფოტო ფესტივალზე, სახელწოდებით „ქალები და ფოტოგრაფია“, ბევრ ქალ ხელოვანს აღმოაჩენთ.

ანნა კ.ე. და ფლორიან მაიზენბერგი – ნახევრად ქართული გამოფენა ნიუ იორკში

ანნა კ.ე.-სა და ფლორიან მაიზენბერგის ერთობლივ პროექტს საიმონ სუბალის გალერეა მასპინძლობდა. თუმცა, პანდემიის გამო ისეც დაიხურა და გამოფენის ძალიან კარგი, რეალისტური 3D ვერსია შეიქმნა.

Photo Credits Simon Subal Gallery

ანნა კ.ე. ქართველი არტისტია, რომლის ნამუშევრებსაც ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიისა და სხვა ბევრი ქვეყნის საგამოფენო სივრცეები ეთმობა. Electric Forests მისი და ფლორიან მაიზენბერგის კოლაბორაციაა. 

ალბათ, ძალიან ცოტა ქართველს თუ ექნებოდა ნიუ იორკში ამ გამოფენის ხილვის შესაძლებლობა, მაგრამ ახლა ნებისმიერს შეგვიძლია საიმონ სუბალის გალერეის ვებსაიტზე შესვლა და ამ ძალიან საინტერესო გამოფენის მონახულება.

მართალია, გაციფრულებულ გამოფენებს არ ექნებათ ისეთი ემოციური დატვირთვა, როგორიც გალერეაში ან მუზეუმში სტუმრობას ახლავთ თან. მაგრამ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ცუდი არ არის ონლაინ ვესტუმროთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას და გამოვიყენოთ შანსი, უცხო ქვეყნებში სახლიდან სტუმრობისა.