გლობალიზაციის მასშტაბებისა და მზარდი კონკურენციის პირობებში, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო, ხარისხიან განათლებაზე – სწორედ ამ მოთხოვნის პასუხად შეიქმნა 2005 წელს საგანმანათლებლო ცენტრი One World-ი, რომლის საქმიანობასაც ნატალია სამარგულიანი პროფესიონალ გუნდთან ერთად უძღვება.
დღეს ცენტრი 600-მდე საერთაშორისო პარტნიორსა და 7000-მდე სასწავლო პროგრამას აერთიანებს. One World-ის სამომავლო გეგმებსა და სექტორში არსებულ ტენდენციებზე Forbes Woman-ი ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა.
ნატალია, როგორ დაიწყო One World-ი და რა გამოცდილება დაგროვდა დღემდე კომპანიაში?
One World-ს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ისტორია აქვს, წარმატებისა და ნეგატიური გამოცდილებების უამრავი ეპიზოდით. კომპანიის წინაშე არსებული ყველა ბარიერის გადალახვის საწინდარი კი ყოველთვის გუნდის თითოეული წევრის პროფესიონალიზმი და თავდადება გახლდათ.
საგანმანათლებლო ცენტრი One World-ი 2005 წელს დაარსდა დედაჩემის, ლალი ყუშიტაშვილის და მისი მეგობრის, ქალბატონი ელენე ჟორდანიას მიერ. დამფუძნებლების და პროფესორი ნინო ქემერტელიძის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, კომპანია დაარსების დღიდან თანამშრომლობს უამრავ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან. ცენტრი მუშაობს უცხო ენების, პროფესიული პროგრამების და საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამების მიმართულებით. დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ბაზა 600-მდე სასწავლო დაწესებულებას ითვლის მსოფლიოს მასშტაბით.
საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამებს შორისაა საუნივერსიტეტო პროგრამები, ენის შემსწავლელი კურსები, პროფესიული პროგრამები და სტაჟირებები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, ონლაინ პროგრამები და სხვა. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც პარტნიორ და მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცედურის წარმართვას, ასევე დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას.
წლების განმავლობაში საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამების მიმართულებით წარმატებული მუშაობის შედეგად, 2019 წელს დავაარსეთ ახალი კომპანია, One World Study Abroad-ი, რომელიც მხოლოდ საზღვარგარეთ სწავლის მიმართულებით მუშაობს. განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, საქართველოში პირველად შეიქმნა საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამების ციფრული ბაზა, რის შედეგადაც მომსახურება კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა.
პარტნიორი საზაფხულო სკოლებისთვის ბავშვების რეკრუტირების გამოცდილებამ კი მოგვცა შესაძლებლობა, 2022 წელს დაგვეარსებინა ჩვენი საავტორო საზაფხულო სკოლა საზღვარგარეთ – One World Budapest. 2023 წლიდან ბუდაპეშტში საზაფხულო სკოლას ემატება ზამთრის სკოლა და სკოლა უფროსებისთვის.
თქვენი აზრით, რატომ სურთ ახალგაზრდებს განათლების საზღვარგარეთ მიღება?
ჯერჯერობით უმთავრეს მოტივაციად ქვეყნის დატოვება და უკეთეს ადგილას საცხოვრებლად წასვლა რჩება, რაც ხშირად სასწავლებლის და პროგრამის არასწორ არჩევანში აისახება. თუმცა, ინფორმაციის და რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, ახალგაზრდებისთვის ქვეყნის დატოვების გარეშეც შესაძლებელი ხდება საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაცია. ეს ტენდენცია თავისთავად იმედისმომცემია. იდეალურ სამყაროში, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის უმთავრესი მიზეზი აპლიკანტის კონკრეტული კარიერული მიზნები უნდა იყოს და არა მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირისგან თავის დაღწევა. მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზნების არსებობისას, ჩარიცხვის პროცესი გაცილებით მარტივი და შედეგიანია. ამ შემთხვევაში, სასურველი განათლების მიღების შემდეგ, როგორც წესი, პროფესიონალი ადამიანები სამშობლოში უნდა ბრუნდებოდნენ, რათა წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ ფორმალური განათლების მიღებას არ ნიშნავს. ადამიანები ეცნობიან ახალ, შეჩვეულისგან სრულიად განსხვავებულ კულტურას, იჩენენ ახალ მეგობრებს, იცვლიან ცხოვრების წესს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადიან საკუთარი კომფორტის ზონიდან – ეს უკანასკნელი იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მის გარეშე წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელიც კია.
რა მიმართულების სასწავლო პროგრამებს ირჩევენ ქართველი ახალგაზრდები, კონკრეტული ტენდენცია იკვეთება?
წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარულ დარგებად ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალი რჩებოდა. დღეს, ციფრულ ერაში, უამრავი ცვლილება გვაქვს – მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა კომპიუტერული მეცნიერებების და პროგრამირების მიმართ. სამუშაო ბაზარი გაჯერებულია ერთი და იმავე დარგის სპეციალისტებით: სხვადასხვა მიმართულების მენეჯერები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, იურისტები და სხვა. ამ დროს დეფიციტი გვაქვს სხვადასხვა დარგის ინჟინრების, პროგრამისტების, კომუნიკაციების/ტრანსპორტის სპეციალისტების და სხვა. შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია, რაც სასწავლო პროგრამის შერჩევის პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუმცა, დისბალანსი არ ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობის სრულმა უმრავლესობამ, პირობითად, კრიპტო უნდა შეისწავლოს. ვფიქრობ, ყველა ეპოქაში, ყველა კონტინენტზე, მეტავერსშიც და კოსმოსშიც, პროფესიონალი ექიმი, იურისტი და ფინანსისტი ყოველთვის საჭიროა. პროფესიები რჩება, თუმცა ტექნოლოგიურ ევოლუციასთან ერთად მოწინავე სასწავლებლები ცვლიან კურიკულუმს, სადაც ციფრული კომპონენტი აუცილებლად არის წარმოდგენილი. თუ პირობითად, ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამას ავარჩევთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ან მონაცემთა დამუშავების კომპონენტსაც მოიცავს კურიკულუმი.
ჩემთვის, როგორც საერთაშორისო განათლების კონსულტანტისთვის, მიმართულების სწორად შერჩევა ჩარიცხვის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აპრიორი „პოპულარული“ დარგების შერჩევა არასწორია. მნიშვნელოვანია, სასწავლო პროგრამა აირჩეს აპლიკანტის კონკრეტული საჭიროებების, აკადემიური შესაძლებლობების, ინტერესების და დასაქმების ბაზარზე არსებული სურათის მიხედვით.
საუკეთესო შემთხვევაში, ყველამ უნდა ვისწავლოთ და ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, გვიყვარს და რაც მთავარია, სწორედ შერჩეულ სფეროში ვხედავთ განვითარების პერსპექტივას.
რა არის One World-ის კონკურენტული უპირატესობა?
უტრირებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უდიდესი გამოცდილებაა. აპლიკანტისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვა არასოდეს ხდება ცალკეული კრიტერიუმის მიხედვით. ვითვალისწინებთ ყველაფერს: ფინანსურ შესაძლებლობას, აკადემიურ მოსწრებას, სამუშაო გამოცდილებას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ვქმნით აპლიკანტის უნიკალურ პროფილს, რომელიც სამიზნე უნივერსიტეტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აპლიკანტისთვის ისტორიის შექმნა ცალსახად ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა.
ამასთან, სასწავლო პროგრამების მდიდარი ბაზა საშუალებას გვაძლევს, ყველა შესაძლებლობის და სურვილის მქონე აპლიკანტის შესაბამისი მიმართულება შევარჩიოთ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აპლიკანტისთვის დაფინანსების მოპოვებაში დახმარების კომპონენტს, რაც ასევე კონკურენტული უპირატესობაა.
თუკი შევაჯამებ, დიდი გამოცდილება, კეთილსინდისიერება, საქმის სიყვარული და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ აპლიკანტთან არის ის ასპექტები, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს.
გუნდზეც რომ ვისაუბროთ, ვინ არის ჩართული ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაში?
კომპანიის დაფუძნების დღიდან, მმართველი გუნდი სრულად ქალებით არის დაკომპლექტებული. ვამაყობთ, რომ საოჯახო ბიზნესმა მიზანი გაამართლა. დედაჩემი და მისი პარტნიორები დღეს მთარგმნელობითი საქმიანობით არიან დაკავებულები. კომპანიას მე ვხელმძღვანელობ – One World-ის მართვაში ჩემი პარტნიორი ელენე ნიჟარაძე და დიდი გამოცდილების მქონე ჩემი და, ნინა სამარგულიანი მეხმარებიან. ვარ საერთაშორისო განათლების კონსულტანტი, განათლების მენეჯმენტში მრავალწლიანი გამოცდილებით. განათლება მიღებული მაქვს საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიასა და პოლონეთში – ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება საქმიანობაში.
თუკი მკითხველი დაინტერესდება, როგორ შეგვიძლია თქვენი სერვისით ვისარგებლოთ?
ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დაგვიკავშირდეს მათთვის სასურველი ფორმით. ჩვენი გუნდი მუდმივად ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონულ ფოსტაზე, ისე სოციალურ მედიაში. დეტალური ინფორმაციისთვის ასევე ხელმისაწვდომია ჩვენი ვებგვერდი და ცხელი ხაზი ნომერზე: 032 2 14 68 42.
საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლებით დაინტერესებულთათვის პირველ ეტაპზე ინიშნება უფასო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ჩვენი გუნდი სწავლობს აპლიკანტის აკადემიურ მოსწრებას, მის სურვილებსა და შესაძლებლობებს.
ხოლო სხვა კატეგორიის სერვისებზე, როგორიცაა საზაფხულო სკოლები, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრებს. ასევე, გარკვეული პერიოდულობით ვმართავთ საერთაშორისო განათლების გამოფენებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ჩვენი სოციალური მედია არხების საშუალებით ვრცელდება.
როგორ ფიქრობთ, საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს აქვს თუ არა პოტენციალი განათლების ჰაბი გახდეს?
მზარდი მოთხოვნის და ერთგვარი ტენდენციის დამსახურებით, ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლებიც ცდილობენ თანამედროვე რეალობას მოერგონ და განახლებული კურიკულუმი შესთავაზონ სტუდენტებს. ზოგიერთი გამოწვევის მიუხედავად, საქართველო რეგიონში ყოველთვის მომხიბვლელი ქვეყანა იყო, და ეს დღესაც ასეა. ამაზე მეტყველებს ტურიზმის სტატისტიკაც. ვფიქრობ, შეგვიძლია ტექნიკური განათლების რეგიონული ჰაბი გავხდეთ. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამეწარმეო და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება – პროცესი კი აუცილებლად საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობას უნდა ემყარებოდეს. უცხოელი სტუდენტების მოზიდვისთვის აუცილებელია სავიზო პროცედურების გამარტივებაც.
ნატალია, საუბრის ბოლოს სამომავლო მიზნებზეც მინდა გკითხოთ რა გეგმები აქვს One World-ს?
ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხოთ. ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ სერვისების გაციფრულებაზე. 2023 წლის მთავარი მიზანი, შესაბამისად, საერთაშორისო სასწავლო პროგრამების ონლაინ-ბაზის გამართვაა. პლატფორმა აპლიკანტებს საშუალებას მისცემს, მარტივი ფუნქციონალის დახმარებით შეარჩიონ სასურველი სასწავლო პროგრამა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვებგვერდზე ვგეგმავთ ე.წ. Crowdfunding-ის ჩაშენებას – კერძოდ, შესაძლებლობა გვექნება კონკურსის შედეგად შერჩეული ფინანსურად მოწყვლადი აპლიკანტის საზღვარგარეთ სწავლა ერთობლივი ძალებით დავაფინანსოთ.
რა თქმა უნდა, აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებში მონაწილეობას და ეტაპობრივად გავზრდით პარტნიორი სასწავლებლების რაოდენობას. ამ ყველაფრის პარალელურად, პრიორიტეტული იქნება ბუდაპეშტის სკოლის განვითარება.