ნობელიანტი ავტორი დრედებით | ოლგა ტოკარჩუკი

ყოველი წლის 10 დეკემბერს მთელ მსოფლიოში ნობელის პრემიის სახელით ცნობილი ჯადოქრობა ტრიალდება. მამაკაცების პრემიად აღიარებულმა ნობელმა არსებობის ისტორიაში 57 ბრწყინვალე გონების ქალი აღმოგვაჩენინა. მათ რიგებში მართლაც განსაკუთრებით კაშკაშებს დრედებიანი პოლონელი ქალი – მწერალი ოლგა ტოკარჩუკი.

Photo By Łukasz Giza

ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო დაჯილდოებაა და მასზე კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის აკადემიური, კულტურული თუ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ჯილდოვდებიან. ნობელის პრემია უკვე ას წელზე მეტია არსებობს. პრიზი, დაახლოებით, 900 ადამიანზეა გაცემული.

ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ძალიან ცოტა ქალია. მათ შორის, პრემიის ლიტერატურის დარგიც მამაკაცებს აქვთ დასაკუთრებული. აქ 116 ლაურეატიდან, მხოლოდ თექვსმეტია ქალი. ნობელიანტმა ავტორებმა პერლ ბაკმა და სელმა ოტილიამ მემკვიდრეებად სვეტლანა ალექსიევიჩი და ოლგა ტოკარჩუკი დაგვიტოვეს – გოგოები, რომლებმაც დაძლიეს წინააღმდეგობა, შექმნეს საოცარი წიგნები და მათი მეშვეობით დაიწყეს ლაპარაკი.

1962 წელს პოლონეთის დასავლეთით ოლგა ტოკარჩუკი დაიბადა – მწერალი, მემარცხენე სამოქალაქო აქტივისტი და ფემინისტი ქალი. როგორც ის ამბობს, მიუხედავად წიგნების სიყვარულისა, თავიდანვე მწერლობაზე არ უფიქრია. სახლის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში განმარტოებით ყოფნა და კითხვა მას მწერლის კარიერის საუკეთესო დასაწყისად ესახება. ასე დაიწყო თავადაც… მათ ოჯახში ბევრი წიგნი მოიძებნებოდა. ბავშვი კი რომელსაც სკოლა არ უყვარდა, ძმები გრიმების ზღაპრებს დამეგობრებია. ადრეულ ასაკში ოლგას მთავარი ინტერესი კოსმოსი იყო და ფიზიკოსობაზეც კი ოცნებობდა. დროის გასვლის შემდგომ, პოლონელმა მწერალმა საკუთარი სურვილები, სიყვარული და ინტერესი კოსმოსისა თუ ფიზიკის მიმართ ფურცელზე გადმოიტანა და ტექსტებში ადამიანისა და კოსმოსური სივრცის ურთიერთობის კვლევა განაგრძო. 

Photo Credits Nobel Media

ოლგა ტოკარჩუკს ფორმალური განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით აქვს მიღებული. მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ფსიქოლოგიაში მისმა გამოცდილებამ მოსმენა ასწავლა და გაუღრმავა აზრი, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება რომანის დაწერის წყარო გახდეს. ამავე საუბრისას, ქალი წერისას მისთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტად პერსონაჟების შექმნას ასახელებს. ეს ყველაზე მისტიკური, ღრმა და სპეციფიკური ნაწილია ნარატორისა და პერსონაჟის ურთიერთობაშიო, ამბობს ავტორი. 

გზა პოლონეთიდან ნობელის პრემიამდე საინტერესოა და ბევრ წიგნს, პოეტურ კრებულსა და ესეს იტევს. ოლგა ტოკარჩუკი 27 წლის იყო, როდესაც პირველად გამოაქვეყნა ლექსების კრებული. მალევე რომანიც გამოსცა. შემდგომ კი, როგორც არაერთი მწერლის მაგალითზე, მოვლენებიც ჩვეულებრივ განვითარდა: წარმატებული დებიუტის შემდგომ, ავტორებიც უფრო თამამები, გამბედავები ხდებიან და მათი წარმატებული კარიერაც ასე იწყება. ოლგა ტოკარჩუკი ბევრი წიგნის ავტორი და ლიტერატურული ჯილდოს მფლობელიცაა. თუმცა, სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული მწერალი ფართო მასებისათვის, სწორედ ნობელის პრემიის შემდგომ გახდა ცნობილი.

Photo Credits Nobel Media

ოლგა ტოკარჩუკი ნობელის პრემის ლაურეატად 2018 წელს დასახელდა. ამ წლის პრემია დანარჩენებისაგან განსხვავდებოდა – საერთშორისო ჯილდოს შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები გასცემენ. დაჯილდოებამდე კი კომიტეტთან დაახლოებულ პირს, ჟან კლოდ არნოს, თვრამეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. დაზარალებულებს შორის კომისიის წევრი ქალები და მათი შვილებიც იყვნენ. ამ ამბის შემდგომ ბევრმა კომიტეტი დატოვა და პრემიის ლიტერატურის დარგში გაცემაზეც უარი თქვეს. თუმცა, მომდევნო წელს, ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკერი ერთად დააჯილდოვეს.

ოლგამ ნობელის პრემიის მიღებისას საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა. მწერლის, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, ამოცნობა მის მონოლოგში მარტივია. “სამყაროს რაღაც სჭირს…” მისი მთლიანი ტექსტი ამ მარტივი წინადადების გარშემო იყო აგებული. როგორ ვუშველოთ სამყაროს, სადაც თხრობის კრიზისი, ძალადობა და აგრესიაა? ეს ის საკითხებია, რომლებიც მგრძნობიარე მწერალს სამყაროს მთავარ გამოწვევად ესახება. “მსოფლიოს რაღაც სჭირს. ოდესღაც მხოლოდ ნევროტული პოეტებისთვის დაჯავშნილი ეს შეგრძნება დღეს გაურკვევლობის ეპიდემიად იქცა, რომელიც ფორიაქისა და მოუსვენრობის ფორმით ყოველი მხრიდან იღვრება.” – ამბობს ქალი.

Photo By Łukasz Giza

სამყარომ ძალიან ბევრი კარგი ქალი მწერალი გვაჩუქა. მაგრამ ცვლიან მწერლები და წიგნები დანარჩენი ქალების ცხოვრებას? როგორ? როგორ უნდა გავაგონოთ წიგნებით ქალების ხმა მსოფლიოს? ოლგა ტოკარჩუკის ნობელის პრემიაზე დაჯილდოების შემდგომ, მათ მწერალთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნეს. ცხადია, საუბრისას ეს თემაც განიხილეს. ოლგას თქმით, ჩვენ ამ პროცესის, ქალების ხმის ლიტერატურით გაჟღერების, დასაწყისში ვართ. არა მარტო, ბევრი ქალი მწერალი, არამედ ბევრი ღრმა სულიერებისა და ფილოსოფიის მქონე ქალი პერსონაჟია საჭირო. ქალი პერსონაჟები, რომლებიც მნიშვნელოვან გამოწვევებს დაუპირისპირდებიან და დაძლევენ მათ.

„მგონია, ისე უნდა მოგითხროთ სამყაროზე, როგორც ერთიან ცოცხალ ორგანიზმზე, რომელიც უწყვეტად ყალიბდება ჩვენ თვალწინ და რომლის პატარა, მაგრამ იმავდროულად ძლევამოსილი ნაწილი, თავად ვართ“ – ამბობს მწერალი.