ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩემი რესპოდენტი ლელა ოქრომელიძე აშშ-ში, კლინიკა მაიოში (Mayo Clinic College of Medicine and Science) მოლეკულური ნეირომეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გუნდის წევრი, რადიოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-სტაჟიორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია.
მაიოს კლინიკა Dr. William Worrall Mayo-მ დაახლოებით, 150 წლის წინ დააფუძნა, რომელსაც მოგვიანებით მისი ვაჟები Dr. William J.Mayo და Dr. Charles H.Mayo ხელმძღვანელობდნენ. კლინიკა დღემდე ნომერ პირველ სამედიცინო დაწესებულად ითვლება აშშ-სა და მთლიანად მსოფლიოში.
US News & World Report-მა მაიოს კლინიკა 2019 წლის აშშ-ის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად დაასახელა. ჰოსპიტალების ეს ქსელი ყოველწლიურად 1.3 მილიონ ადამიანს ემსახურება, როგორც ამერიკის ორმოცდაათი შტატიდან, ასევე 136 ქვეყნიდან.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის 63 ათას თანამშრომელს შორის ქართველი გოგონა მუშაობს.
ლელა ოქრომელიძე: “კლინიკა მაიო“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მედპერსონალით. აქ მუშაობენ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები. პაციენტები სამკურნალოდ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან”.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიის არჩევა და სამედიცინო სფეროში კარიერის დაწყება?
ლელა ოქრომელიძე: “დედა ექიმია, ბებია ინჟინერი იყო, ხოლო ბაბუა – ფიზიკის პედაგოგი. ბავშვობიდან განსაკუთრებით მაინტერესებდა ბიოლოგია და ქიმია, დედასთან კლინიკაში მისვლა და პაციენტებზე ზრუნვა კი უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებდა”.
მედიცინაში პირველი ნაბიჯები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე გადადგა და სამედიცინო ხარისხი მოიპოვა. პარალელურად, ამ წლების განმავლობაში, საზღვარგარეთ, არაერთ სასწავლო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას.
“ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი), ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ვიმუშავე მკვლევარად ტოკიოს უნივერსიტეტში, ოთხჯერ გავიარე საზაფხულო სტაჟირება პოლონეთში – ორჯერ სამედიცინო და ორჯერ სამეცნიერო სფეროში, ასევე ერთთვიან სტაჟირებაზე ვიყავი აშშ-შიც“, – გვიყვება ლელა.
აშშ-ში პირველად მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის დახმარებით, 2010 წელს ჩავიდა. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ლელა პორტლენდში (ორეგონის შტატი) ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური წლის მანძილზე ცხოვრობდა. მეორედ კი, მოგვიანებით, პრაქტიკული კურსის გასავლელად გაემგზავრა.
2016 წელს ლელა, Amgen Scholars-მა იმ ათ საუკეთესო და ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა, რომლებსაც უსაზღვრო პოტენციალი აქვთ მედიცინისა და მეცნიერების მიმართულებით. ლელა მსოფლიოს 42 ქვეყნის 700 სასწავლო დაწესებულებიდან 3000 სტუდენტს შორის შეარჩიეს. Amgen ფონდის მიერ განხორციელებული შერჩევის პროცესი მონაწილე მასპინძელ ინსტიტუტებთან პარტნიორობით, მიზნად ისახავდა იმ პერსპექტიული კურსდამთავრებულების იდენტიფიცირებას, რომლებიც კარიერულ გზაზე რეალურ გავლენას იქონიებენ თავიანთ სფეროზე. ათეულში მოხვდნენ ისეთი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, როგორებიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (MIT), სტენფორდი, ჰარვარდი და სხვა.
„2017 წელს, როცა რადიოლოგიის ერთთვიან პრაქტიკაზე ჯექსონვილში (ფლორიდა) „მაიოს კლინიკაში“ ვიმყოფებოდი, – იხსენებს ლელა, – ერთ-ერთ ექიმს ვუყვებოდი, როგორ მაინტერესებდა ნეირორადიოლოგიის კვლევები. ვუთხარი ისიც, რომ საქართველოში მსგავსი კვლევების ჩატარების ნულოვანი შანსები მქონდა. ამ ექიმმა ყურადღებით მომისმინა და დოქტორ მიდლბრუკსა და ექიმ გუფტასთან დამაკავშირა, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს ხელმძღვანელობდნენ. აი, ასე დაიწყო ყველაფერი! სწორედ ამ ექიმებმა მომცეს შანსი გავმხდარიყავი ინტერნი და სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ისევ დავბრუნებულიყავი „მაიოს კლინიკაში“. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამ კლინიკის გუნდის წევრი ვარ და ეს ყველაფერი სიზმარი არ არის“, – ამბობს ლელა ოქრომელიძე.
ლელა ისეთ მნიშვნელოვან კვლევებშია ჩართული, რომელებიც მომავალში, კაცობრიობისთვის სასიკეთო შედეგებს, აუცილებლად გამოიღებს.
აქვე გეტყვით, რომ „კლინიკა მაიოს“ რადიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარებული კვლევები მოძრაობის დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დროს, ნეიროსტიმულატორის მეშვეობით წარმოქმნილი იმპულსებით, ტვინის ღრმა სტიმულაციას გულისხმობს. ეს ქირურგიული პროცედურა გამოიყენება ისეთი დაავადებების სამართავად, როგორიცაა: დისტონია, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ტრემორი და ა.შ.
“ჩემი კვლევა, – გვიყვება ლელა, – მიმართულია ამ ნეიროქირურგიული პროცედურის დადებითი და უარყოფითი შედეგების შესწავლისკენ. ჩემი პროექტების ჩამონათვალში შედის პარკინსონის დაავადების დროს, ტვინის ღრმა სტიმულაციით გამოწვეული დისკინეზიის შესწავლა; ასევე, პარკინსონის დაავადების პროცესში განვითარებული ინსომნიის სამკურნალოდ, ტვინის ღრმა სტიმულაციისათვის ახალი სამიზნის აღმოჩენა; ჩვენ ვიკვლევთ ტვინის იმ კავშირებს, რომელიც გვაძლევს დისტონიის მართვის კარგ შედეგს, რათა სამომავლოდ ამ შედეგების ბიომარკერებად გამოყენება შევძლოთ”.
პროფესიულ და უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რაც წარმატების ამ რთულ გზაზე მიიღო, უსასრულოდ შეუძლია ისაუბროს. არ მალავს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, ტვინის ღრმა სტიმულაციებსა და ნეირონებში ქიმიური ნაერთების ეფექტების კვლევებზე თუ იმუშავებდა. კვლევების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების და სიღრმისეული ცოდნის მიღებაში კი ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა დაეხმარა.
ლელა ოქრომელიძე: “რადიოლოგიის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, ჩემი მუშაობის სფეროს გაფართოება გადავწყვიტე და ახლა, მოლეკულურ ნეირომეცნიერად ვმუშაობ „მეიოს კლინიკის“ ნევროლოგიის დეპარტამენტში, სადაც ვიკვლევ ნეიროდეგენერაციული დაავადების სამართავად შექმნილი ქიმიური ნივთიერების მოქმედების სხვადასხვა ასპექტს“.
ძალიან ამაყობს, რომ “სუპერვარსკვლავ ინტერნს” უწოდებენ. ეს სახელი მისმა მენტორმა, ექიმმა მიდელბრუქმა შეარქვა. “ეს სტატუსი მაიძულებს ვიამყო იმით, სადამდეც მოვედი და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს უკეთესობისკენ ვისწრაფვოდე”, – ამბობს ლელა და იქვე, თავის ოცნებასაც გვიმხელს – მისი მენტორივით წარმატებული ექიმი და მეცნიერი უნდა გახდეს.
სამომავლო გეგმები და საქართველო.
ლელა ოქრომელიძე: “სამომავლოდ მინდა გავხდე რადიოლოგი. 25 წლის განმავლობაში, ცხოვრებამ არაერთი მოულოდნელი სიურპრიზი მომიმზადა, ამიტომ ძნელია წინასწარ განვსაზღვრო, რა მომავალი მექნება. საქართველოს ერთ პატარა ქალაქში, ახალციხეში დაბადებული და გაზრდილი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, აშშ-ის საუკეთესო კლინიკაში თუ ვიმუშავებდი და საუკეთესო უნივერსიტეტში ვისწავლიდი. საქართველო ჩემი ნაწილია და არ აქვს მნიშვნელობა მომავალში რას გავაკეთებ ან სად გადავწყვეტ მუშაობას. ყოველთვის ვეცდები და აუცილებლად ვიპოვი გზას, წვლილი შევიტანო ჩემი სამშობლოს მედიცინისა და მეცნიერების დარგების განვითარებაში”.
ინტერვიუს დასასრულს, იმ ახალგზარდებს, ვისაც წარმატების მიღწევა სურთ „სუპერვარსკვლავი ინტერნი“, 25 წლის ნეირომეცნიერი ლელა ოქრომელიძე ურჩევს, რომ მარცხის შემთხვევაშიც კი არ დაყარონ ფარხმალი:
“თუ მიზნის მიღწევა გადაწყვიტეთ, დაუღალავად იშრომეთ და არასდროს დანებდეთ! რაც არ უნდა რთული იყოს, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და აქციეთ ოცნებები რეალობად!”
ავტორი: დათო ღამბაშიძე