კორონავირუსის შემთხვევების მატებისაგან გამოწვეული მოთხოვნის კლებისა და გასულ თვეში OPEC-ის მიერ გაზრდილი მარაგის გამო, ნავთობის ფასები შესაძლოა კვლავ შემცირდეს.
ერთი ბარელი ნავთობის ფასი Brent Crude-სთვის 4.5%-ით, ხოლო U.S West Texas Intermediate-სთვის 5.2%-ით შემცირდა.
PVM Oil-ის ანალიტიკოსის განცხადებით, ნავთობის ბაზარზე ფასების ცვლილება განპირობებულია ვირუსის ახალი შემთხვევების მატებითა და გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით მსოფლიოს გარშემო.
Reuters-ის კვლევის მიხედვით, ფასებზე ზეგავლენა მოახდინა OPEC-ის მიერ ნავთობის მოპოვების ზრდამაც. აგვისტოდან მოყოლებული სექტემბრის ჩათვლით ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ყოველდღიურად 160 ათას ბარელს მოიპოვებდა.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასზე იმოქმედა შეერთებული შტატების მიერ წარდგენილმა მასტიმულირებელმა პაკეტმაც. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი მასტიმულირებელი პაკეტის ინიციატივა, რომელიც 1,5 ტრილიონი ამერიკული დოლარის მოცულობისაა.