ლიზა ოფერმანი კონცეპტუალური ხელოვნების თაყვანისმცემლებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილის – გალერეა LC Queisser-ის დამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სტუმრებისა და ხელოვანების მიღებიდან ჯერ 2 წელიც კი არ გასულა, გალერეა ხელოვნების ქართველ და უცხოელ მოყვარულთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ლიზა LC Queisser-ის ისტორიაზე, მიმდინარე პროექტებსა და იმ გამოწვევებზე გვესაუბრა, რომელთა წინაშეც გალერეები და ხელოვანები მსოფლიო ეპიდემიის ფონზე აღმოჩნდნენ.
LC Queisser-ის მიერ განვლილი გზა შექმნიდან დღემდე…
თბილისში 2017 წელს ჩამოვედი, გალერეა კი 2018 წელს გავხსენი. ბერლინსა და ლაიფციგში ხელოვანებსა და გალერეებთან რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი სივრცის გახსნა გადავწყვიტე. არჩევანის წინაშე დავდექი: აღმაფრთოვანებელი, კაშკაშა მშობლიური კიოლნი ან მომხიბვლელი და კრეატიული თბილისი. საბოლოოდ, არჩევანი თბილისზე შევაჩერე – ქართულ კონცეპტუალურ ხელოვნებასა და, ზოგადად, ხელოვნების ისტორიაში აღმოჩენებისა და კვლევისთვის ფართო შესაძლებლობები დავინახე.
ჩვენი მიზანია საერთაშორისო აუდიტორიას ქართველი ხელოვანები გავაცნოთ. 2019 წელს რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. მოხარული ვიყავი, რომ ნიუ-იორკში, Frieze-ის გამოფენაზე, ლიზა ალვარადოს წარდგენის შესაძლებლობა, როგორც გამოფენაში მონაწილე პირველ ქართულ გალერეას, ისე მოგვეცა. გამოფენაზე New York Times-ის ყურადღებაც კი დავიმსახურეთ. კიდევ ერთი განსაკუთრებული წარმატება გამოფენაზე Liste Art Fair Basel ქეთო ლოგუას პერსონალური სტენდი აღმოჩნდა. აქვე მინდა აღვნიშნო თეა გვეტაძის პერსონალური გამოფენის მიმოხილვა კონცეპტუალური ხელოვნების შესახებ ყველაზე გავლენიან ჟურნალ Artforum-ში, რაც ჩვენთვის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. გამოფენები ArtCologne და Liste Art Fair Basel 2020 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.
LC Queisser-ის მიერ დღემდე წარდგენილ ხელოვანთა შორის არიან სტეფანი ჰეინცი? (Stefanie Heinze) უონ ჩა (Won Cha), თეა გვეტაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქეთო ლოგუა და ლიზა ალვარადო.
რა ცვლილებები მოუტანა ახალმა რეალობამ ხელოვნების სამყაროს?
სამწუხაროდ, ამჟამად ყველა გამოფენა გადადებულია, სათანადო ყურადღების მიპყრობისა და გაყიდვების ზრდაში მთავარ როლს კი სწორედ გამოფენა თამაშობს. აპრილსა და მაისში დაგეგმილი ღონისძიებები შემოდგომამდე გადაიდო, თუმცა გაუმჯობესდება თუ არა ვითარება შემოდგომამდე, ზუსტად არავინ იცის. ვცდილობთ, ხელოვნებისა და ხელოვანების დასახმარებლად ახალი გზები ვიპოვოთ.
როგორ ფიქრობთ, რა როლი აკისრია თითოეულ ჩვენგანს იმ უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც სამყარო თავდაყირა დააყენა?
სახელმწიფო ვალდებულია, მხარი დაუჭიროს ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან ხელოვანები, „ფრილანსერები“ და მცირე მეწარმეები. ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებაც კი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ მოსახლეობის მოთხოვნილებებისთვის ზრუნვა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ სოლიდარული საზოგადოების მოვალეობაცაა. თუ ჯერ კიდევ გაქვთ სამსახური და შესაბამისი სახსრები, სწორედ ახლაა ხელოვანების ნამუშევრების შესაძენად შესაფერისი დრო; ახლა ადგილობრივი ბიზნესისთვის ხელის შეწყობის დროა; ახლა აუცილებელია ირგვლივ მიმოვიხედოთ და გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელი გავუწოდოთ.
როგორ პასუხობს ხელოვნების სამყარო ამჟამინდელ გამოწვევებს?
ბერლინის მაგალითს მოვიყვან, რომელმაც, ვფიქრობ, გამოწვევას თავი განსაკუთრებით კარგად გაართვა: სულ რაღაც 24 საათში ხელოვანებმა და „ფრილანსერებმა“ მოთხოვნილი თანხა მთლიანად მიიღეს, თუმცა ეს უბრალოდ ერთი გამორჩეული მაგალითია. თითოეული ქვეყანა საჭირო ზომებს იღებს და გალერეებიც ახალ რეალობას უნდა მოერგონ. ამჟამად ყველა გალერეა საერთო გზას – დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას – ირჩევს.
როგორია Lc Queisser-ის სამომავლო გეგმები?
ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გალერეა დისტანციურად მუშაობს. იმ ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ახალი პროექტი – 13 TO SUPPORT – წამოვიწყეთ. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მთლიანად ხელოვანები მიიღებენ. შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა სასურველი შედეგი გამოიღო: ნამუშევრების უმრავლესობა უკვე გავყიდეთ. ხელოვნების მოყვარულებს ნამუშევრების დათვალიერება დისტანციურად შეუძლიათ, მაგალითად, ახლა ქეთო ლოგუას გამოფენის ხილვის შესაძლებლობა აქვთ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამჟამად ევროპის რამდენიმე გალერეასთან კოლაბორაციაზე ვმუშაობთ, რომელსაც რამდენიმე კვირაში გაგაცნობთ. ჩვენი მომდევნო ღონისძიება კი საქართველოში ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა იქნება.