ა.შ.შ ციფრული კომპანიებისთვის გადასახადების დაწესებაზე უარს აცხადებს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ხელშეწყობით თითქმის 140 ქვეყანას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ციფრულ ფირმებზე გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დასრულება და გლობალური მოქმედების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა.

ოთხშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელებაზე. ამ ცვლილებებმა შესაძლოა ციფრულ კომპანიებზე, როგორებიცაა Google, Amazon და Facebook, გადასახადების დაკისრება გადაავადოს.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების კომისიის წევრი პაოლო ჯენტილონი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაინც განაგრძობენ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან, რათა კორპორაციული გადასახადები მოარგონ 21-ე საუკუნესა და ციფრულ ეკონომიკას.

საფრანგეთის მინისტრ ბრუნო ლე მეირის განცხადებით აშშ-ის განცხადება პროვოკაციულია. ცვლილებების მიუხედავად, 2020 წლის ბოლომდე საფრანგეთი ციფრული სერვისების კომპანიებს გადასახადებს დააკისრებს. ის კომპანიები, რომელთა შემოსავალი საფრანგეთში 25 მილიონ,  ხოლო მსოფლიოში 750 მილიონ ევროს აღემატება,  თავიანთი შემოსავლების 3%-ით დაიბეგრებიან.

ამის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები საფრანგეთს შამპანურზე, ხელჩანთებსა და სხვა პროდუქტებზე სავაჭრო ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამასთანავე, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ევროკავშირი არ მოხსნის სავაჭრო შეზღუდვებს ამერიკულ ლობსტერებზე, ის არ გამორიცხავს ტარიფების დაწესებას ევროპულ ავტომობილებზეც.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო გამოძიებაც წამოიწყო მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებზე, მათ შორის ბრიტანეთზე, იტალიასა და ესპანეთზე. მათი ბრალდებით ციფრული კომპანიების დაბეგვრა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგაა მიმართული.

OECD-ის გენერალური მდივანი ანხელ გურია აცხადებს, რომ სავაჭრო ომი ევროპასა და ა.შ.შ-ს შორის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს მოწინააღმდეგე ქვეყნების ეკონომიკაზე და უმუშევრობის დონეზე უარყოფითად აისახება. ის ორივე მხარეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.  ასევე აღსანიშნავია, რომ ა.შ.შ-სა და ჩინეთს შორის უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს სავაჭრო ომი. პოტენციური დაპირისპირებების გამძლავრება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესაძლოა ამერიკისთვის გაცილებით დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.