საჩუქრების ჩუქების ემოციური ტრადიცია „ოდელლასთან“ ერთად | ინტერვიუ ნიკი გობეჯიშვილთან

რაც დრო გადის, საყვარელი ადამიანებისგან მიღებულ საჩუქრებს სხვანაირი დატვირთვა ეძლევა. შეიძლება საჩუქრის გადაცემის  მომენტში არც ისე მნიშვნელოვანმა ნივთმა, დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი ემოციური მიჯაჭვულობა გამოიწვიოს. ძალიან საინტერესოა, რომ საჩუქრის გაკეთების ისტორია ჯერ კიდევ რომაული კულტურიდან მოდის. მოგვიანებით, მსგავსი ფაქტები ინგლისურ კულტურაშიც გვხვდება, ძირითადად, შობისა და ახალი წლის პერიოდში.

დღეს ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საჩუქრები სიყვარულის, სიხარულის, სითბოსა და სიახლოვის გამოხატვის სიმბოლოდ იქცა. ტენდენციებს თუ დავუკვირდებით, დღეს საჩუქრების გამჩუქებლები მიდრეკილნი არიან ეძებონ უნიკალური და დასამახსოვრებელი საჩუქრები. ისინი მზადდება იმისთვის, რომ ვიღაცამ თავი განსაკუთრებულად იგრძნოს. სწორედ ამ იდეას დაეფუძნა „ოდელლა“. სწორედ მის დამფუძნებელთან, ნიკი გობეჯიშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ Forbes Woman Georgia.

მოგვიყევით თქვენზე – გამოცდილება, განათლება- როგორ შეუწყობს თქვენი გამოცდილება ხელს ბიზნესის განვითარებას?

დავამთავრე კავკასიის ბიზნეს სკოლა, მარკეტინგის მიმართულებით. ამის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ჰოლანდიაში, მაასტრიხტში „მომსახურების მარკეტინგის“ მიმართულებით.  ჩემი  სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ისეთ  კომპანიებს, როგორიცაა ბილაინი, ფუდსერვისი, ბარამბო. აღნიშნული კომპანიები ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. ძალიან მეამაყება ისიც, რომ ჩემ მიერ გამოშვებული პროდუქტი დღეს მაღაზიაშიც იყიდება და ზოგიერთი ექსპორტზეც გადის, ეს რაღაც ძალიან დიდი სიამაყის გრძნობას მიჩენს.  დღეს ვმუშაობ კომპანია „ფარმადეპოში“. ეს არის ბრენდი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. პირველ რიგში, სრულად ვიზიარებ კომპანიის სტრატეგიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  CSR მიმართულებებს, რისი საშუალებითაც გამოვხატავთ მზრუნველობასა და მრავალ კეთილ საქმეს ვაკეთებთ და ვეხმარებით ადამიანებს. სწორედ ფარმადეპო ასოცირდება ჩემთვის ემოციასთან, ზრუნვასა და ყურადღებასთან. გარდა ჩემი ყოველდღიური სამსახურისა, ყოველთვის მქონდა სურვილი, გამეკეთებინა ჩემი პირადი საქმე, სადაც მაქსიმალურ ენერგიასა და სიყვარულს ჩავდებდი. სწორედ ეს არის ოდელლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა სთავაზობს ადამიანებს ემოციას.

რა არის ოდელლა – რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი მომხმარებლები ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ადრესატისთვის სწორი ემოციის გადაცემა. ვეცადეთ, შეგვექმნა სხვადასხვა თემატიკის სასაჩუქრე ნაკრებები, რადგან მიგვაჩნია, რომ საჩუქრის კეთების დროს მხოლოდ ადრესატი არ არის ბედნიერი, ამით სიამოვნებას იღებს საჩუქრის გამცემი ადამიანიც. ჩვენ კი ვეცადეთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გაგვეხადა.  სასაჩუქრე ნაკრები დავაკომპლექტეთ თავის მოვლის საშუალებებით, სამკაულებით, ნაბახუსევზე საჭირო პროდუქტებით. პანდემიის პერიოდმა გვაჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების გაზიარება, ამიტომ შევქმენით „ჩემი გოგო/ბიჭი ავად არის“.

ვფიქრობ, რომ, თუ მეგობარი ან საყვარელი ადამიანი  ავად არის, მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღების გამოხატვას, ზრუნვას. ასევე გვაქვს კონკრეტული დღესასწაულებისთვის შექმნილი სპეციალური ნაკრებები – მაგალითად – სააღდგომო  საახალწლო, სიყვარულის დღისთვის და სხვა.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი საყვარელი ნაკრები, რომელშიც  თავის მოვლის პროდუქტებთან ერთად, მომხმარებელი აღმოაჩენს ოდელლას მეგობარი, უნიჭიერესი მხატვრის, ქეთი დავლიანიძის ნახატს. ნაკრებების  მიმართულებით ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია და ოდელლაც ცდილობს საინტერესო სიახლეებით გაუწიოს კონკურენცია მათ. ჩვენთან ყველაფერი არის სიყვარულით გაკეთებული, ჩალაგებული, შეფუთული და ჩვენი წარმომადგენელიც სწორედ ამ ემოციით მიდის ადრესატამდე.

როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის შექმნის იდეა?

ეს არის საოჯახო ბიზნესი. მე, ჩემმა დამ და ჩემმა დისშვილებმა ერთად შევქმენით ოდელლა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ოჯახის სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის  წევრები გავერთიანდით და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ნებისმიერი  სეგმენტისთვის იქნება მისაღები. ყოველთვის მოგვწონდა საჩუქრების კეთების პროცესი და ამის საფუძველზე დადებითი ემოციების გაზიარება ერთმანეთისთვის. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ამას თუ საქმედ ვაქცევდით, კიდევ უფრო სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა. მით უმეტეს, ძალიან კომფორტულია იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა, ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი და ზუსტად ხვდება შენს ემოციას. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის ნაკრებს. ჩვენთვის აუცილებელი პირობაა  ერთი პროდუქტი მაინც იყოს  ქართული წარმოების, გულწრფელად გვეამაყება, რომ ქართული და ხარისხიანი პროდუქტი არის ჩვენს ნაკრებში ხელმისაწვდომი.

რა განსხვავებული შეთავაზება გაქვთ ბაზარზე?

ოდელლა ცხრამეტ დეკემბერს გამოჩნდა  პირველად ბაზარზე. თავიდანვე ვფიქრობდით და დღესაც აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ოდელლა არ იყოს უბრალოდ სასაჩუქრე ნაკრები და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთგვარ სასაჩუქრე პლატფორმად. პროექტის დეტალებში არ შევალ, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ  ეს იქნება უნიკალური მოვლენა ქართულ ბაზარზე, რომელსაც არ ექნება ანალოგი.  დიდი იმედი გვაქვს, რომ ივნისისთვის ჩაეშვება ეს პროექტი და თქვენს მკითხველსაც უფრო მეტ დეტალს გავაცნობთ უახლოეს მომავალში.

რატომ ოდელლა? რატომ უნდა აგირჩიოთ მომხმარებელმა თქვენ?

სახელწოდება – ოდელლა ინსპირირებული იყო ო’ჰენრის მოთხრობით – „მოგვთა საჩუქრები“. ძალიან ემოციური მოთხრობაა, რომელშიც დელა და ჯიმი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, შობისთვის ემზადება და ერთმანეთისთვის საჩუქრის ყიდვას გადაწყვეტს.  მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ორივე იღებს ისეთ საჩუქარს, რომელიც იმ მომენტისთვის აღარ სჭირდებათ და აღარც გამოადგებათ, მთავარია ის ემოცია, რომლითაც თითოეული მათგანი ემზადება საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მოსამზადებლად – როგორი მნიშვნელოვანია მათთვის საყვარელი ადამიანის სიხარული…  ამ ეტაპისთვის,  ნაკრებების გამოშვებიდან 4 თვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრების საშუალებით გაზიარებული ემოცია, ნაკრებში შემავალი პროდუქციის ხარისხი და ოდელლათი მოგვრილი სიხარული.

რას ურჩევდით მცირე ბიზნესის სექტორს?

მცირე ბიზნესის სექტორს, იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებენ საკუთარი იდეების განხორციელებას,  მინდა ვურჩიო, რომ მაქსიმალურად შეხედონ საკუთარ საქმეს მომხმარებლის თვალით. ჩვენ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მუდმივად ვცდილობთ, რომ დავხვეწოთ შეთავაზება, შევხვდეთ მომწოდებელს საინტერესო და ახალი პროდუქციის აღმოსაჩენად, დავინახოთ, რა უფრო მეტად მოეწონება ჩვენს მომხმარებელს. ეს ყველაფერი მართლაც დაუღალავ და ჯიუტ შრომასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, რაც მთავარია უდიდეს სიხარულთან და სიამოვნებასთან, რასაც კმაყოფილი მომხმარებლის უკუკავშირი იწვევს. მთავარია, არ შეეშინდეთ სიძნელეების, რაც ნებისმიერ სტარტაპს თან ახლავს, განსაკუთრებით რთულია საქმის გაგრძელება, მიზნის ბოლომდე მიყოლა.

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ვფიქრობთ, რომ ოდელლას განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება  სასაჩუქრე პლატფორმის შექმნა, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ. სასაჩუქრე პლატფორმის პარალელურად, ისევ იარსებებს სასაჩუქრე ნაკრებები იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ვთავაზობთ მომხმარებელს.

გეგმაში გვაქვს, რომ ნაკრებები, ისევე როგორც მანამდე, შემდგომშიც მუდმივად გამოირჩეოდეს საინტერესო და უნიკალური პროდუქციით. გვინდა, ძალიან მალე ბაზარს შევთავაზოთ ისეთი ნაკრები, რომელსაც სრულად მომხმარებელი, საკუთარი სურვილით დააკომპლექტებს.  დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მიზნები შესრულდება და ოდელლა შექმნის სრულიად ახალ ტრადიციას ისეთ ემოციურ და სასიამოვნო პროცესში, როგორიც საყვარელი ადამიანის საჩუქრით გახარებაა.