17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში ე.წ. „საზღვარი“ მონიშნეს და შესაბამისი ბანერებიც აღმართეს. შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომა შეეზღუდა.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ცხინვალში იძულებით გადაიყვანეს საქართველოს ორი მოქალაქე – დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი. ვანიშვილების ცხინვალში გადაყვანის მიზეზად ცხინვალელი ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილება სახელდება. მათი ცნობით, მამაკაცს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა – თავდაპირველად სწორედ ის გადაიყვანეს ცხინვალში, მოგვიანებით კი მისი მეუღლეც.
სუს-ის განცხადებით, მომხდარ ფაქტზე უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.
უკანონო ბორდერიზაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც უწყება გმობს საოკუპაციო ძალების ქმედებას.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში:
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან… ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის” განმტკიცებასა თუ გაფართოებას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა.“