NYT: დონალდ ტრამპი ფედერალური საშემოსავლო გადასახადების გადახდას თავს წლების განმავლობაში არიდებდა

New York Times-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2016-2017 წლებში საშემოსავლო გადასახადის სახით მხოლოდ 750$ გადაიხადა. მათი განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის ბიზნეს საწარმოები წლების განმავლობაში იტყობინებოდნენ მძიმე ფულადი დანაკარგების შესახებ, რათა დაეკომპენსირებინათ ასეულობით მილიონი დოლარის მოცულობის შემოსავლები.

ამერიკული გამოცემის ანგარიშში, ასევე, ნახსენებია, რომ 2018 წელს, ტრამპის თანახმად, მან 47 მილიონი დოლარი იზარალა. ამის პარალელურად იმავე წელს შემოსავლის სახით 434 მილიონი დოლარი მიიღო.

დონალდ ტრამპი პირადად გამოეხმაურა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს და განაცხადა, რომ NYT-ის ანგარიში არის ცრუ და ყალბი ინფორმაცია.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ანგარიში ტრამპსა და დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი დებატების კვირაში და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გასაჯაროვდა. სენატის დემოკრატმა ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, მომხდარს Twitter-ზე პოსტი მიუძღვნა, სადაც ხალხს მოუწოდა, ხელი აეწიათ, თუკი დონალდ ტრამპზე მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდიან.