NtechLab-მა სახის ამომცნობი სისტემა რუსეთის 10 ქალაქში ჩაუშვა

კომპანია NtechLab-მა სახის ამომცნობი სისტემა საპილოტე რეჟიმში რუსეთის 10 მსხვილ ქალაქში ჩაუშვა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი მექანიზმი მოსკოვში უკვე წლებია მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“, NtechLab-ის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კომპანია არ ასახელებს იმ ქალაქებს, რომლებშიც მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგი ბიომეტრული მონაცემების საშუალებით იქნება შესაძლებელი.   NtechLab-მა დეტალები მხოლოდ ერთი ქალაქის შესახებ გაასაჯაროვა. კომპანიამ განაცხადა, რომ ნიჟნი-ნოვგოროდის სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებებსა და ქალაქის სხვადასხვა ტიპის საჯარო სივრცეში, სამი ათასამდე კამერა დამონტაჟდება. NtechLab-ის თანადამფუძნებელი ალექსანდერ კაბაკოვის თქმით, წლის ბოლომდე, სამეთვალყურეო კამერები ნიჟნი-ნოვგოროდის 350 გაჩერებაზე ამუშავდება.

კომპანია აცხადებს, რომ იდენტობის ამომცნობი სისტემის მეშვეობით, სამართალდამცავი ორგანოები მარტივად მოძებნიან კრიმინალებს, კარანტინის დამრღვევ პირებს კი – დააჯარიმებენ. NtechLab-ი იმედოვნებს, რომ მომავალში, ამ სისტემას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის შესასწავლადაც გამოიყენებენ.

სახეების ამომცნობი სისტემა მოსკოვში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროისთვის, სისტემას მიერთებულია მოსკოვის ქუჩებში, ეზოებსა და სადარბაზოებში განთავსებული 193 ათასი კამერა.

Shadow Intelligence-ის ექსპერტთა ჯგუფი და გამოცემა МБХ Медиа იუწყებიან, რომ სახის ამომცნობი სისტემის მონაცემები შავ ბაზარზე იყიდება. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ორი რუსი სამართალდამცველის მიმართ საქმე აღიძრა. პოლიციელებს ბრალად ედებათ სახის ამომცნობი სისტემის მონაცემების უკანონო გავრცელება.