თბილისის მემორიალურ დაფებს თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მათი უდიდესი ნაწილი კაცების ღვაწლის აღიარებას ეძღვნება. რა თქმა უნდა, დამსახურებულად, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ მემორიალურ დაფებს აუცილებლად დაიმსახურებდნენ ის ქალებიც, რომელთა წვლილი უბრალოდ ნაკვლევი არ არის და ისინიც, რომლებსაც დიდი პროფესიული ოცნებები ჰქონდათ, თუმცა მათი რეალიზების შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ არ მიეცათ, რომ ქალები იყვნენ.
სამწუხაროდ, არა მარტო წლების წინ, საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ახლაც ხშირად იზღუდება, საზოგადოება კი ინდუსტრიებს კვლავაც „კაცისა და ქალის საქმეებად“ ჰყოფს. მცდარი შეხედულებები და წარმოდგენები, რომლებიც ძალიან გავრცელებულ და ხშირად საბედისწერო ფრაზად „ეს რა ქალის საქმეა“ იქცევა ხოლმე, ქალების დიდ ნაწილს ოცნებებს უკლავს და პოტენციალის გამოვლენის საშუალებას არ ძლევს.
სწორედ ამ აუხდენელ მიზნებზე დაგვაფიქრა საინფორმაციო აბრებმა, რომლებიც აპრილის დასაწყისში დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა და ყველას შეგვახსენა, რომ ამ სახლში შესაძლოა, ეცხოვრა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელ, გამოჩენილ ქალს — მფრინავს, ფიზიკოსს, პროგრამისტს, მშენებელს, გემის კაპიტანს, არქიტექტორს, მეღვინეს, მათემატიკოსს, მოქანდაკეს, დრამატურგსა თუ ფეხბურთელს. ქალებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არ არსებობენ, რადგან დაარწმუნეს, რომ მათი საოცნებო პროფესია „ქალის საქმე არ არის“, „კაცის ტვინი სჭირდება“, ან უბრალოდ „ქალისთვის შეუფერებელია“.
ცნობიერების ამაღლების კამპანიასაც, რომლის ნაწილიც ეს საინფორმაციო აბრები იყო, სწორედ ასე ჰქვია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“. კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, იდეა და შესრულება კრეატიულ სააგენტო „ვოთერგანზს“ ეკუთვნის, პროექტის მთავარი პარტნიორი კი კომპანია „ბოდი შოპია“. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კამპანიის მნიშვნელობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ სხვადასხვა სექტორის ერთიანობაა:
„სტერეოტიპები იმდენად კომპლექსური წარმონაქმნია, რომ მათ წინააღმდეგ კამპანიის წარმოება ძალთა გაერთიანების გარეშე წარმოუდგენელია. კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობა ამ პროექტის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის საშუალებას გვაძლევს, ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, რომლებსაც გაერთიანების გარეშე, დამოუკიდებლად სათქმელს ვერ ვეტყოდით“, – აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ანა ფაშალიშვილი.
კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ რეალურ ისტორიებს დაეყრდნო. ამბებმა აუხდენელი პროფესიული ოცნებების შესახებ სპეციალურ ვებგვერდზე www.unstereotype.ge მოიყარა თავი და დაინტერესებულ ინტერნეტმომხმარებელს ის ქალები გააცნო, რომელთა ცხოვრებაც სტერეოტიპებმა სამუდამოდ შეცვალა. “მეზღვაურობა მინდოდა, სულ ზღვაში გასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ ამ ოცნებას ხაზი სამუდამოდ გადაუსვეს: ქალს გემზე რა უნდაო“, “მეღვინეობა რა ქალის საქმეაო, მიმეორებდნენ ხოლმე და მეც დავიჯერე”, „თანდათან ჩამომაშორეს ჩემს ოცნებას და სულ სხვა მომავალი დამიგეგმეს“, – ამ და საიტზე გამოქვეყნებულ სხვა ისტორიებს გულგრილად მართლაც ვერ მოისმენთ და როცა პროფესიების ქალებისა და კაცების საქმეებად დაყოფას გადააწყდებით, ეს ემოცია თავს აუცილებლად შეგახსენებთ. კამპანიის ერთ-ერთი ჩანაფიქრიც ესაა: დამოკიდებულებების შეცვლა და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დარწმუნება, რომ გავრცელებული წარმოდგენები სინამდვილეში რეალობას არ შეესაბამება, გოგოებს უფლება აქვთ საოცნებო საქმე თავად აირჩიონ და პროფესიული გზა სტერეოტიპების გარეშე გაიარონ. სწორედ ეს მიზანი იყო კომპანია „ბოდი შოპისთვის“ პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი ძირითადი მოტივატორიც.
„ბრენდის დაარსების დღიდან „ბოდი შოპის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ქალების გაძლიერება და გულშემატკივრობაა. მუდმივად ვიბრძვით იმ უსამართლობის, სტერეოტიპებისა თუ არასწორი შეხედულებების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის მათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასა და სასურველი მიზნების მიღწევაში. ამ კუთხით საქართველოშიც აქტიურად ვმუშაობთ. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერებიც ვართ და ეს კამპანიაც, რომელშიც თავიდანვე ენთუზიაზმით ჩავერთეთ, ჩვენი ღირებულებების რეალიზების კარგი შესაძლებლობაა. თუ მისი დახმარებით, ერთი გოგო მაინც მიაღწევს დასახულ პროფესიულ მიზანს, ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია შევასრულეთ“, – აღნიშნავს „ბოდი შოპის“ მარკეტინგისა და აქტივიზმის ხელმძღვანელი ელენე გუგუშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით სტერეოტიპების გავლენას მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გოგოები, როგორც წესი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის, ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლისა და მომსახურების პროგრამებზე დომინირებენ, ხოლო ბიჭები ინჟინერიის, წარმოების, მშენებლობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამების სტუდენტების უმრავლესობას წარმოადგენენ. 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კურსდამთავრებულთა 33%-ია ქალი, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ს შეადგენს. საგულისხმოა, რომ კაცებით დომინირებული პროფესიები ხშირად ბევრად მაღალანაზღაურებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ქალებს არა მარტო საოცნებო საქმის, არამედ მაღალშემოსავლიანი სამსახურებისა და სფეროების მიღმაც ტოვებს.
სწორად შერჩეული, ემოციური და დასამახსოვრებელი გზავნილებით არასწორი წარმოდგენების შეცვლა კრეატიული ინდუსტრიისთვისაც გამოწვევაა ხოლმე. სწორედ ამიტომ, „ვოთერგანზისთვის“ ეს კამპანია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ერთგვარად საპასუხისმგებლო ნამუშევარიც აღმოჩნდა.
„კრეატიულ ინდუსტრიას საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ მისი მხრიდან სწორი გზავნილების შემუშავება, ისეთი კამპანიების მომზადება, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და რეალობას უკეთესობისკენ ცვლის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალებთან მიმართებაში სწორედ ეს ინდუსტრია ამყარებს სტერეოტიპებს, ამიტომ ვფიქრობ, კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, არა მარტო შეარყევს არასწორ შეხედულებებს, არამედ სწორი გზავნილების მაგალითსაც შექმნის“, – ამბობს კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზის“ კამპანიის „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ პროექტის მენეჯერი ნინი დვალიშვილი.
არასწორ შეხედულებებთან ბრძოლა კი პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. თბილისის კედლებზე განთავსებული საინფორმაციო აბრები, როგორც დამსხვრეული პროფესიული ოცნებების სიმბოლო, ერთ დიდ კედელზე მოიყრის თავს და ყველას შეახსენებს, რომ პროფესიები სქესის ნიშნით არ იყოფა. კამპანიას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოც, რომელიც პროექტის განხორციელებაში ასევე იყო ჩართული. მისი ინიციატივით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას იმ ქართველი ქალების სახელები მიენიჭება, რომლებმაც ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მათ შორის იქნებიან პირველი ქართველი მეზღვაური ქალი იულია ფაიოლოძე, ინჟინერი ბარბარე ბაირამაშვილი, დიპლომატი რუსუდან მიქელაძე, კალიგრაფი და გადამწერი მანანა ზედგენიძე, ექიმი და მეცნიერი ბარბარე ყიფიანი, ოლიმპიური ჩემპიონი და მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე, მფრინავები რუსუდან ჟორდანია და ნინა ხუბულავა, პოეტი მარიამ აბრამიშვილი, მსახიობები თამარ ჭავჭავაძე და ცეცილია წუწუნავა.
პროექტის მხარდამჭერები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან. აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ჩართული კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და კამპანიის ირგვლივ გაერთიანებაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია.
კამპანია პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.