ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები უცხოელ კოლეგებთან პირად კომუნიკაციაში დაუზუსტებელი დანიშნულების სამედიცინო დახმარებას ითხოვენ, მაშინ, როცა ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევაა არაა დადასტურებული.
„ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ამბობს, რომ მათ COVID-19-ის ტესტები აქვთ, თუმცა მათი რაოდენობა საკმარისი არაა და ოფიციალური პირები საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ კუთხით დახმარებას სთხოვენ.“ – წერს The Financial Times.
ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველადი სამედიცინო დახმარების პაკეტები გაგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, თუმცა როგორც Reuters-ის გასული კვირის სტატიიდან ვიგებთ, მკაცრი სასაზღვრო კონტროლის გამო საერთაშორისო დახმარებას ქვეყნის შიგნით შეღწევა უჭირს და საზღვართან ლოდინი უწევს. Reuters-ი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური უარყოფისა, ამერიკული სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილია, რომ ქვეყანაში ახალმა კორონავირუსმა შეაღწია.
ჩრდილოეთ კორეა ამ ეტაპზე ვირუსისადმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა, რადგან სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა რესურსების ნაკლებობას განიცდის. ამის უმთავრესი მიზეზი საერთაშორისო სანქციებია, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეიარაღების გამო დაეკისრა. მიუხედავად სანქციებისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს თხოვნით მიმართა, რათა ჩრდილოეთ კორეისთვის სხვადასხვა სამედიცინო რესურსი, მათ შორის თერმომეტრები, სუნთქვის აპარატები, ხელთათმანები და ნიღბები მიეწოდებინა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას ჩრდილოეთ კორეისათვის სამედიცინო დახმარების მიწოდება ექვსი თვით შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა საზღვარს იზიარებს ჩინეთთან, სადაც ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.