ნოველისტი ნორა რობერტსი ნიუ-იორკ თაიმსის სიაში ყველაზე წარმატებულ და გაყიდვად ავტორებში მოწინავე პოზიციას იკავებს. მას 200-ზე მეტი ნოველა აქვს გაყიდული, მათ შორის Hideaway, Under Currents, Come Sundown და მრავალი სხვა. ფორბსის მიხედვით, ის 56-ე ადგილს იკავებს იმ ქალებს შორის, რომლებმაც ქონება თავად გამოიმუშავეს. მისი აქტივების ღირებულება 2020 წლისთვის 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ის არამარტო ნორა რობერტსის სახელით აქვეყნებს წიგნებს, არამედ როგორც J.D. Robb და Jill March – ის ყოველწლიურად სხვადასხვა რაოდენობის ნაწარმოებებს აქვეყნებს განსხვავებული სახელებით. დიდ ბრიტანეთში მას იცნობენ, როგორც სარა ჰარდესტს, რადგან იქ წიგნებს ამ ფსევდონიმით აქვეყნებს. ნორა რობერტსი პირველი ავტორი იყო, რომელიც რომანტიკის საკულტო ამერიკელ მწერლად აღიარეს. 2011 წლისთვის მისი ნაწარმოებები 861 კვირის განმავლობაში იყო მოწინავე პოზიციებზე ნიუ-იორკ თაიმსის სიაში, აქედან 176 კვირის განმავლობაში ისინი პირველ ადგილს იკავებდნენ.
რობერტსი 1950 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა სილვერ სპრინგში, მერილენდში. დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა ნორა ბავშვობიდანვე მუდმივად წიგნებს კითხულობდა, ეს ყოველივე ოჯახის ტრადიციაც კი იყო. რობერტსის მშობლები ირლანდიელები იყვნენ, ორივესთვის განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და წიგნებს მნიშვნელოვან როლს ანიჭებდნენ. პატარა ნორა არ წერდა ნაწარმოებებს, მხოლოდ ესეებს სკოლისთვის. ის კათოლიკურ სკოლაში დადიოდა და დღემდე მადლიერია იმ დისციპლინისთვის, რომელიც ამ პერიოდში გამოიმუშავა. შემდეგ ნორა მონტგომერ ბლერის სკოლაში გადავიდა, იქ შეხვდა მის პირველ მეუღლეს, ისინი 1968 წელს დაქორწინდნენ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები არ ეთანხმებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. ნორა დიასახლისი იყო 1983 წლამდე, ამ პერიოდში ის მეუღლეს დაშორდა.
როგორც აღნიშნავს, წერა 1979 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ დიასახლისობის დროს. ის ამბობს, რომ არც იდეები აკლდა და თან სწრაფადაც წერდა. მას შეუყვარდა ეს პროცესი და 6 ნაწარმოები მალევე დაწერა. მისი ნამუშევრები Harlequin-ში მიიტანა, რომელიც ნოველების საუკეთესო გამომცემლობაა, თუმცა მათ უარი განაცხადეს.
„ჩემთვის უარი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ ნაწარმოებები საკმაოდ საინტერესო იყო, თუმცა ეს უარი მოტივაციის წყარო იყო ჩემთვის, რომ მაინც გამეგრძელებინა წერა.“
ბუნებრივია, რომ ეს უარი მას სხვა გამომცემლობისგან არ მიუღია, Silhouette Book-მა დაბეჭდა ნორას ნაწარმოებები, ეს პირველად 1981 წელს მოხდა. 1982 წლიდან 1984 წლამდე მან 23 ნოველა გამოაქვეყნა ამ გამომცემლობაში. ისინი მალევე გახდა პოპულარული, ხოლო 1985 წელს გაყიდვების ლიდერი წიგნი MacGregor family series დაიბეჭდა. ამ ნაწარმოების წყალობით ნორამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 1987 წელს მან Bantam-ისთვის დაიწყო მუშაობა, შემდეგ Putnam-ში გადავიდა, ამ დროს კი მისი წიგნები მუდმივად გაყიდვების ლიდერი იყო. 1996 წელს მისმა ნაწარმოებმა Montana Sky-მ მეოთხედ მოიპოვა პირველი ადგილი. ის, ძირითადად, პატარა წიგნებს აქვეყნებდა, რადგან თვლიდა, რომ მის მკითხველებს არ ჰქონდათ დრო 20,000 სიტყვიანი წიგნები წაეკითხათ.
ნორა ძალიან სწრაფად წერდა, თუმცა გამომცემლობა არ აძლევდა საშუალებას, რომ ყოველწლიურად ამდენი წიგნი დაებეჭდა, ამის გამო მან და მისმა აგენტებმა მოიფიქრეს, რომ ფსევდონიმი გამოეყენებინათ. ასე შეიქმნა J.D. Robb-ის სახელი 1992 წელს. ამ დროიდან მან 18 ნოველა გამოაქვეყნა Death Series-ს ფარგლებში. ამ ნაწარმოებების შემდეგ გამოქვეყნებული წიგნი Divided in Death გაყიდვების ლიდერი გახდა. 2009 წლის 9 იანვრის მონაცემებით, მისი წიგნების 400 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული, 12 მილიონი კი მხოლოდ 2005 წელს გაიყიდა. მისი ნოველები დაბეჭდილია 35 ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ ნორა პლაგიარიზმის მსხვერპლიც იყო, 1997 წელს ჯანეტ დეილმა აღიარა, რომ რობერტსის ნაწარმოებებს იპარავდა. სასამართლო პროცესმაც იგივე დაადასტურა. ეს არ იყო უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მის კარიერაში, 2019 წელს ის კვლავ გახდა მსხვერპლი, ამჯერად კრიტიანე სერიუას გამო. ნორა რობერტსი იმითაც გამოირჩევა, რომ ქველმოქმედია. მან საკუთარი სახელობის ფონდი დააარსა და მუდმივად არის იმ ცნობადი სახეების სიაში, რომლებიც ეხმარებიან სხვებს საკუთარი სახსრებით. მისი ფონდი ძირითადად იმ ორგანიზაციებს უწყობს ხელს, რომლებიც ბავშვების საკითხებზე მუშაობს. რობერტსი ასევე სტიპენდიებით ეხმარება სტუდენტებს. საბოლოოდ მას 50 მილიონი აშშ დოლარი აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის. ნორა ასევე ქმნის სამკაულებს და მათ აუქციონზე ყიდის, რათა ეს თანხა მათ გაუგზავნოს, ვისაც სჭირდება.
ნორა რობერტსის მიღწევების ჩამოთვლა საკმაოდ ძნელია. 2007 წელს ის იყო TIME-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში – ერთადერთი ქალი ავტორი. მისი ნოველები არაერთ ენაზე თარგმნილა და 11 მათგანი სატელევიზიო შოუების შესაქმნელადაც გამოუყენებიათ. ის დღემდე აგრძელებს წერას და სავარაუდოდ ერთგულ მკითხველს მრავალი წლის განმავლობაში შესთავაზებს არაერთ ნაწარმოებს.