ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად – ეს ფრაზა მედიასაშუალებების გავლით ყოველ დღე გვესმის და მისი შინაარსი პრაქტიკაში თანდათან ისე გადმოდის, თითქოს 2020 წლამდეც ყველგან პირბადეებით მოსიარულე თანამოქალაქეებს ვხედავდით. პანდემიურმა დღის წესრიგმა ახალ ატრიბუტებთან ერთად, მეტად დაგვაფიქრა ცხოვრების წესზე, ჯანმრთელობასა და მისი მოფრთხილების გზებზე. ამ ფონზე კი საიმედო პარტნიორის მნიშვნელობა, სადაზღვევო კომპანიის სახით, უფრო და უფრო იზრდება.
ცხადია, ისევე როგორც ეკონომიკის ყველა სექტორში, სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც დაიწყეს პოსტკრიზისული გეგმების შემუშავება. მათი ფინანსური მაჩვენებლებიც, გასულ წელთან შედარებით სავარაუდოდ უფრო მოკრძალებული იქნება.
2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებში, რაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა, კორონავირუსის კვალი ბუნებრივია, არ ჩანს. ამ ინფორმაციის თანახმად, იანვარ–მარტში საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ჯამურად 211,1 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგება 41,5 მილიონი ლარია, წმინდა მოგება კი – 16,6 მილიონი ლარი.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“, რომელიც საქართველოში სამი წლის წინ, საერთაშორისო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადაზღვევო კომპანიის Global Benefits Group-ის მხარდაჭერით შეიქმნა ჯანმრთელობის და ავტო დაზღვევის მიმართულებით ხუთეულშია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%–ით გაიზარდა მოზიდული პრემია და 9.7 მლნ ლარი შეადგინა.
როგორ გაიარა მკაცრი კარანტინის პერიოდი, მომსახურების მიდგომები თუ შეცვალა, ან რას ითხოვენ დღეს „ბენეფიტსისგან“ და ზოგადად სადაზღვევო სექტორისგან მომხმარებლები, ამის შესახებ Forbes Woman–თან „ბენეფიტსის“ სამედიცინო დირექტორმა ნინო ნოღაიდელმა ისაუბრა.
როგორია წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები და რა გავლენა იქონია მასზე პანდემიამ, როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, „ბენეფიტსი“ 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით ავტო და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ხუთეულშია?
Covid 19-მა პირველი კვარტლის შედეგებზე არ იმოქმედა, პანდემიით გამოწვეულ რეალურ შედეგს ჩვენი კომპანიაც და სადაზღვევო ბაზარიც მოგვიანებით იგრძნობს, ამ მხრივ მე-3 და მე-4 კვარტლის ბოლოს უფრო სრული სურათი გვექნება.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნდა 2020 წლის პირველი კვარტლის შედეგები. მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების მოზიდული პრემიის განაწილებაში წამყვანი ადგილი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს (115,06 მილიონი).
სამედიცინო და ავტო დაზღვევის მიმართულებით მოზიდული პრემიის და ბაზრის წილის ფლობის მიხედვით ბენეფიტსი ხუთეულშია.
აღნიშნული ციფრები გვიდასტურებს, რომ ჩვენი კომპანია სწორად ვითარდება, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო სწორი პოზიციონირება და მომხმარებლის სანდოობის მოპოვება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის კმაყოფილებაა, მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე, სერვისების სრულყოფა და ინოვაციების დანერგვა, რაც შედეგებზე აისახება.
დაზღვევის მიმართ სამომხმარებლო აღქმაზე რა გავლენა აქვს, ან ექნება ამ პანდემიას, აქვე საინტერესოა, ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების შეთავაზების კუთხით ცვლილებები ხომ არ იგეგმება კოვიდის გათვალისწინებით და დაზღვევის სხვა სახეობებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით რა ტენდენციებია?
კორონავირუსის პანდემიამ გავლენა იქონია ყველა ბიზნესზე, მათ შორის სადაზღვეო სექტორზეც. ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება გაჩერდა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ძირითადად ორი რამ: სამოგზაურო დაზღვევა და უცხო ქვეყნის რეგისტრირებული მანქანების პასუხისმგებლობის დაზღვევა. ბევრ ბიზნესს რეალურად შეუმცირდა შემოსავლები და შეამცირეს თანამშრომელთა რაოდენობაც, რამაც იმოქმედა ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდულ პრემიაზეც. რაც შეეხება პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდს და მის შედეგებს, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.
მნიშვნელოვანია ამ ნაწილში სახელმწიფოს როლიც. სახელმწიფომ და სადაზღვევო სექტორმა ერთად უნდა მოძებნონ გზები, რომ შეძლონ კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შემცირება, თუმცა აღსანიშნავია რომ პროცესები ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
ამ ეტაპზე არსებული რეალობის გათვალისწინებით ხდება რისკის შეფასების კრიტერიუმის განსაზღვრა და სამომავლოდ ვგეგმავთ დაზღვევის პროდუქტების გადახედვას ამ მიმართულებით.
ზოგადად, ბევრი კორექტირება გვაქვს დაგეგმილი და რეალურად, კარგად გამოიყენა ჩვენმა კომპანიამ ეს პერიოდი, თუნდაც უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. დაზღვევის პროდუქტებიც უფრო მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გახდა, რადგან ყველა ადამიანს სხვადასხვა ინტერესი და რისკი აქვს.
„ბენეფიტსი“ პოზიციონირებულია როგორც საზღვარგარეთ მკურნალობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული კომპანია. ამ კუთხით რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება და ზოგადად რას სთავაზობთ ბაზარს?
„ბენეფიტსი“ ბაზარზეა უკვე სამ წელზე მეტია და გახსნის დღიდან მომხმარებელს სთავაზობდა და ახლაც სთავაზობს პროდუქტებს, რომლის დაფარვის არეალი არის საქართველო/მსოფლიო. სიახლე არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პროდუქტები უფრო დივერსიფიცირებულია და უახლოეს მომავალში მომხმარებელს საშუალება ექნება, მაქსიმალურად თავის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი მიიღოს. ამის საშუალება ექნება ყველას, იქნება ეს ფიზიკური პირი, მცირე თუ საშუალო ბიზნესი ან მსხვილი კორპორატიული მყიდველი.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა ფორმით მუშაობდა „ბენეფიტსი“, რა შეიცვალა მომხმარებლების მომსახურების ფორმატში?
კომპანიამ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდს საკმაოდ იოლად და დამატებითი ძალისხმევის გარეშე გაართვა თავი. სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა არცერთი დღით არ შეფერხებულა. ჩვენი გუნდი ორიენტირებული იყო დაზღვეულების კომფორტსა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. თანამშრომლები მუშაობდნენ სახლიდან, მაგრამ მომხმარებლებს ეს არ უგრძვნია. როგორც იცით, ჩვენი კომპანია დაარსებიდან სთავაზობდა დაზღვეულებს ონლაინ–სერვისებს, რომელმაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული ფასეულობა შეიძინა. ჩვენ პრაქტიკულად არ შეგვიცვლია მუშაობის სტილი და ახალ რეალობაზე გადაწყობა არ დაგვჭირვებია. დისტანციური სერვისები არც ჩვენი დაზღვეულებისთვის აღმოჩნდა უცხო. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ონლაინ სერვისები არის მომსახურების სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უწყვეტად ვიყოთ კონტაქტზე ჩვენ მრავალრიცხოვან დაზღვეულებთან.
რა გამოწვევები ელის წინ კიდევ სადაზღვევო ინდუსტრიას და რა იქნება „ბენეფიტსის“ სტრატეგია მათი გათვალისწინებით?
საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, ჩვენ და სადაზღვევო ინდუსტრიას ბევრი სირთულის გადალახვა უწევს, რათა გავუძლოთ ამ რყევებს.
თუმცა ბენეფიტსი ოპტიმისტი კომპანიაა, არსებულ ვითარებას ჩვენ განწყობებსა და გეგმებზე უარყოფითად არ უმოქმედია. ვფიქრობთ, რომ არსებული რყევები იქნება მოკლევადიანი და იოლად გადაიტანს როგორც ჩვენი კომპანია, ასევე სადაზღვევო ინდუსტრია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლოა დადებითადაც აისახოს როგორც ბენეფიტსზე, ასევე სადაზღვევო სექტორზე.
თუკი აქამდე ადამიანების უმრავლესობა არ ინტერესდებოდა დაზღვევით, დღეს ამ დამოკიდებულების გადაფასება ხდება. აღქმა შეიცვალა, ზარები და ინტერესი გაიზარდა. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანმრთელობის დაზღვევას. საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, რაც გვაქვს. დაზღვევა კი არის სიმშვიდე და დაცულობა.
ახალი რეალობის გათვალისწინებით ჩვენი სტრატეგია იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწა/განვითარება, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული პროდუქტების მიწოდება ბაზრისთვის, დისტანციური არხების განვითარება/სრულყოფა, რათა ნებისმიერი გარემო ფაქტორი თუ გლობალური პანდემია შემაფერხებელ ფაქტორად აღარ შეეხოს როგორც კომპანიას, ასევე მომხმარებელს.