ნობელის პრემიის ფიზიკის დარგში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

2020 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ მეცნიერს გადაეცა, შავი ხვრელების შესწავლისა და ამ მიმართულებით გაკეთებული აღმოჩენების გამო. როჯერ პენროუზი, რაინჰარდ გენზელი და ანდრეა გეზი სტოკჰოლმის კონფერენციაზე გამარჯვებულებად დასახელდნენ.

Image Credits to NASA

მეცნიერები 10 მილიონი შვედური კრონის საპრიზო თანხით დაჯილდოვდნენ, რაც 843, 200 ფუნტი სტერლინგისა და 1.1 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. თანხის ნახევარს როჯერ პენროუზი მიიღებს, დანარჩენ ნახევარს კი რაინჰარდ გენზელი და ანდრეა გეზი გაიყოფენ.

ფიზიკის პრემიის კომიტეტის თავჯდომარის, დევიდ ჰავილანდის, განცხადებით წლევანდელი ჯილდო „სამყაროს ყველაზე ეგზოტიკურ ობიექტს განადიდებს.“ მისი თქმით, წლევანდელი ლაურეატების აღმოჩენებმა კომპაქტური და სუპერმასიური ობიექტების შესწავლაში გარდატეხა მოახდინა, მაგრამ ეს აღმოჩენები თავის მხრივ უამრავ კითხვას წარმოშობს და მომავალი კვლევებისათვის მოტივატორის ფუნქციას ასრულებს.

ბრიტანელმა ფიზიკოსმა,ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა როჯერ პენროუზმა, დაამტკიცა, რომ შავი ხვრელები ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის გარდაუვალი შედეგია, მან ამის დამტკიცება მის მიერ შემუშავებული მათემატიკური გამოთვლებით შეძლო.

რაინჰარდ გენზელმა და ანდრეა გეზმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობის აქამდე ყველაზე დამარწმუნებელი მტკიცებულებები წარმოადგინეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში უჩინარი და ძალიან მძიმე ობიექტი არსებობდა, რომელიც გარშემომყოფი ვარსკვლავების ორბიტებზე დიდ გავლენას ახდენდა.