ფოტო: ბრენდის ისტორიული არქივი.
„ქალს, რომელიც არ იყენებს სუნამოს, მომავალი არ აქვს“ – ეს სიტყვები ისტორიულ დიზაინერ კოკო შანელს ეკუთვნის.
1952 წელს, ჟურნალ Life-ის შეკითხვაზე, თუ რა ეცვა საწოლში, მერლინ მონრომ უპასუხა – წვეთი Chanel Nº5.
ასი წლის წინ, 1921 წლის 5 მაისს, ფრანგმა დიზაინერმა კოკო შანელმა თავისი პირველი სუნამო ოფიციალურად წარადგინა. საუკუნის განმავლობაში ის გახდა ლეგენდა, ყველა დროის ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი სუნამო, რევოლუციური აქტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე პარფიუმერიას და კოსმეტიკურ საშუალებებს. თამამი იდეა, რომლითაც მადმუაზელ შანელმა ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა შეხედულება ქალის სუნამოებზე. სუნამოს შექმნის პროცესში გამოიყენეს ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც იქამდე არავის გამოუყენებია.
Chanel Nº5 ქალისთვის გამორჩეული სავიზიტო ბარათია, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება. Სუნამო მათ ანიჭებთ თავდაჯერებულობას, გამბედაობასა და ბედნიერებას. ის არაფერს ჰპირდება, მაგრამ ყველაფერს იძლევა. Სუნამო სწორედ იმ ქალებისაა, რომელთა ოცნებები თავისუფლების, ძალაუფლებისა და ბუნებრივი ელეგანტურობის გარშემო ტრიალებს და რომელთაც არ სჭირდებათ არაფრის დამტკიცება. ეს არ არის მხოლოდ სურნელი, ის არის სიმბოლო, რომელიც დღემდე ამბობს თავის სათქმელს. კომპოზიცია 1921 წელს შეიქმნა, როდესაც კოკო შანელმა ერნესტ ბიუს სთხოვა, შეექმნა სუნამო „ქალის სურნელით“. მას შემდეგ, რაც შანელმა მისთვის შეთავაზებული არომატებიდან მეხუთე ვარიანტი აირჩია, გადაწყვიტა, მისთვის „ნომერი 5“ ეწოდებინა.
სუნამოს პირველი სარეკლამო სახე თავად დიზაინერი იყო 1937 წელს. 1952 წელს ყურადღების ახალი ტალღა გამოიწვია მსახიობმა მერლინ მონრომ.
ფოტო: Chanel
Სუნამოს სარეკლამო კამპანიებს, ასევე, ამშვენებდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კარლ ლაგერფელდის მუზები – ნიკოლ კიდმანი, კირა ნაითლი და სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი.