ჩრდილოეთ კორეა ამერიკას საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენით ემუქრება

„ჩრდილოეთ კორეის თავისუფლებისთვის მებრძოლნი“ – ასე ჰქვია იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც სამშაბათს ფხენიანის საზღვართან ბუშტები გაუშვა. მოგვიანებით ჯგუფმა საკუთარ ვებ-გვერდზე აღნიშნული ბუშტების ფოტო ატვირთა, რომელთაგანაც ერთ-ერთი კიმ ჩენ ინის კარიკატურითა და წარწერით იყო : „სანამ ხალხი შიმშილობს, რა სიკეთის მოტანა შეუძლია ბირთვულ რაკეტებს, ქიმიურ იარაღებსა და პოლიტ-პატიმრების ბანაკებს? მოდით, დავასრულოთ კიმ ჩენ ინის მემკვიდრეობითი დიქტატურა.“

ფხენიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა ქმედებამ დაარღვია 2018 წლის აპრილის სამიტზე მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეთანხმდნენ, შეწყვეტილიყო ყველა მტრული მოქმედება. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება „მტერთან“ ყველა სახის საკომუნიკაციო არხი გაეწყვიტა. ეს კი სავარაუდო სიგნალია იმისა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ორწლიანზე დიდი მცდელობა ჩაიშალა და ფხენიანი ისევ დაპირისპირებულ პოზიციას იკავებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში ნათქვამია, რომ რამდენიმე ცხელი ხაზი დაიხურა, მათ შორის, სამხედრო და ის მთავარი ხაზი, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს პირდაპირ აკავშირებდა ერთმანეთს. ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო წყაროს წარმოადგენდა, რათა თავიდან აცილებულიყო სამხედრო დაპირისპირებები.

მოვლენების ამგვარ განვითარებას აშშ გამოეხმაურა და იმედგაცრუება გამოთქვა. აღნიშნული რეაქცია ფხენიანმა საკუთარ საქმეებში ჩარევად აღიქვა და ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს უფლება კორეის შიდა საქმეებზე კომენტარი გააკეთოს. დუმილი სწორედ ვაშინგტონის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს, თუ მას სურს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდეს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით კი, უმჯობესია, აშშ-მ საშინაო პრობლემები მოაგვაროს. „ეს იქნება კარგი არა მარტო აშშ-ს ინტერესებისთვის, არამედ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მარტივად ჩატარებისთვის” – აცხადებს ის.