ნინო კვეზერელი-კოპაძე | ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობები

ნინო კვეზერელი-კოპაძე პროფესიით მარკეტოლოგია, კავკასიის ბიზნეს სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სამაგისტრო ხარისხი ესპანეთში დაიცვა. ბიზნესის ადმინისტრაციის კურსზე მარკეტინგის განხრით სწავლობდა. ციფრული მარკეტინგით ბოლო სემესტრში დაინტერესდა. იხსენებს, რომ ეს იყო ახალი, იმ პერიოდში განვითარებადი სფერო, რომელიც საქართველოში გაგებულიც კი არ ჰქონდა.

სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, ფაქტობრივად, ერთ თვეში წავიდა ლონდონში. იცოდა, რომ ციფრული მარკეტინგისთვის ბრიტანეთი იყო მთავარი ბაზარი და ყველაზე საინტერესო გამოცდილებას იქ მიიღებდა.

დღეს ლონდონში მედიაკომპანია Publicis Media-ს შვილობილი კომპანიის Spark-ის ბიზნეს დირექტორია და SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – აბარია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რა იყო ბრიტანეთში თქვენთვის ახალი? მაგალითად, მუშაობის სტილი?

ყველაზე დიდი განსხვავება აღმოჩნდა ერთ რამეში. საქართველოში, სადაც მარკეტინგის მენეჯერად ვმუშაობდი, მევალებოდა ყველაფერი, რაც, ზოგადად, შეიძლება მოიაზრებოდეს მარკეტინგში: ბრენდინგი, ბრენდ მესიჯებსა და საკომუნიკაციო სტრატეგიებზე მუშაობა, თანამშრომლების ტრენინგი… ძალიან ფართომასშტაბიანი იყო ჩემი სამსახური. ინგლისში თვალსაჩინო გახდა, რომ საჭირო იყო ვიწრო სპეციალიზაციის გზით წასვლა. ციფრული მარკეტინგი, მისი ქვესახეობა – SEO ავირჩიე. სფერო, რომელიც მოიცავს ბევრ ტექნიკურ ცოდნას, კრეატიულობას და სადაც ძალიან სწრაფად იზომება მუშაობის შედეგი.

რა ეტაპები იყო იქამდე?

მადრიდში, სადაც სამაგისტრო ხარისხი გავაკეთე, ჩემ გვერდით სწავლობდა 98 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი. მქონდა იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც გუგლში, ფეისბუკში, მაკინზიში ჰქონდა ნამუშევარი. ბევრი მეგობარი და კარგი კონტაქტები შევიძინე, რაც დღემდე მომყვება. ბევრ რამეს მივეჩვიე, მათ შორის, მუშაობის კულტურას, კრიტიკულ აზროვნებას. ვმუშაობდით გლობალური ამოცანების გადაჭრაზე, ამისთვის იქ საინტერესო მიდგომა ჰქონდათ. ისეთ ცოდნას იძენდი და ისე გამზადებდნენ, პრაქტიკულად დამთავრებისთანავე მაღალანაზღაურებად პოზიციაზე ხვდებოდი. ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, რადგან ლონდონში წავედი, ზოგადი მარკეტინგიდან ციფრულ მარკეტინგზე – სრულიად სხვა სფეროზე გადავერთე. ეს კი, ფაქტობრივად, ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავდა. იქამდე კარგ პოზიციაზე ვიყავი, მარკეტინგის მენეჯერად ვმუშაობდი, ლექციებსაც ვკითხულობდი, ლონდონში კი ციფრული მარკეტინგის კომპანიაში მინიმალურ ანაზღაურებას დავთანხმდი იმ მიზნით, რომ გამოცდილება მიმეღო ციფრული მარკეტინგის სფეროში, რომელიც იმ მომენტში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და კონკურენტული სფერო იყო ბრიტანეთის ბაზარზე. გამოვიცვალე ხუთი კომპანია – სხვადასხვა სარეკლამო სააგენტო – და ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ციფრულ მარკეტინგში ყველაზე მეტად მაინტერესებდა SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია). როგორც კი ეს გადაწყვეტილება მივიღე, ბევრად გამიადვილდა იმ სამსახურის პოვნა, რომელიც ზუსტად მომერგებოდა. ბავშვობაში Saatchi & Saatchi-ს რეკლამა ვნახე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სულ ვამბობდი, იქ მინდა მუშაობა-მეთქი. მაგისტრატურაშიც რომ ვაბარებდი, იქ მოხვედრა იყო ყველაზე დიდი ოცნება.

მართლა ისე გამოვიდა, რომ ლონდონში ჩასვლიდან დაახლოებით სამ წელიწადში მოვხვდი – Publicis Media-ში, რომელიც Saatchi & Saatchi-ს, Zenit-ს, Starcom-ს და სხვა მსხვილ კომპანიას აერთიანებს. იქ დავიწყე მუშაობა ჯერ როგორც SEO მენეჯერმა, დღეს კი Publicis Media-ს შვილობილი კომპანიის – Spark-ის ბიზნეს დირექტორი ვარ.

ამბობთ, რომ, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეთ. არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

გამოწვევად აღვიქვი. იმდენად დაინტერესებული ვიყავი და დღემდე ვარ ამ სფეროთი, რომ სწავლის პროცესი ბუნებრივი თანმხლები იყო. ზოგადად, მგონია, რომ ადამიანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ისწავლო, ახალი ცოდნა, უნარები შეიძინო. ამიტომ ამ ცვლილებას ყოველთვის დადებითად აღვიქვამდი და არა უკან დახევად. ყოველდღიურად ვსწავლობდი რაღაც ახალს. ეს აბალანსებდა იმას, რომ პოზიციურად უფრო დაბალი საფეხურიდან დავიწყე, ვიდრე შემეძლო.

როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს წარმატებას თქვენს სფეროში?

მე მგონი, მონდომება და ინტერესი, Passion – როგორც ინგლისელები ამბობენ. ეს საკმაოდ ახალი სფეროა, ყოველდღიურად ვითარდება. ვინც ამ მიმართულებას ირჩევს, უნდა იცოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხდაფეხ მივყვეთ სიახლეებს, ყოველდღიურად ვიკითხოთ, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, უდიდესი შესაძლებლობაა ის, რომ საშუალება მაქვს გამოცდილება მივიღო გლობალურ კომპანიებთან მუშაობით. ისინი მაძლევენ თავისუფლებას, გავაკეთო ის, რაც მგონია, რომ სტრატეგიულად სწორი და რეკომენდებულია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რას მოიცავს თქვენი ამჟამინდელი საქმე?

ახლა ვარ Spark-ის ბიზნეს დირექტორი, მაბარია მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი – სუპერმარკეტების ქსელი „აზდა“, SEO-ს წარმართვა. ასევე ვმუშაობ Ineos-ისთვის – ესაა ბრიტანეთის ყველაზე შეძლებული ადამიანის, ჯიმ რადკლიფის კომპანია, რომელიც ასპონსორებს ძალიან ბევრ სპორტულ ღონისძიებასა და გუნდს, მაგალითად, ფორმულა1-ს, ბრიტანეთის სანაოსნო გუნდს, ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებს – All Black-ს. 3 წლის წინ ჯიმ რადკლიფმა გადაწყვიტა, გამოუშვას ახალი 4X4 მანქანა. მე საწყისი ეტაპიდან დავიწყე მათთან მუშაობა და ვეხმარები მათ ონლაინ სტრატეგიის წარმართვაში. საკმაოდ საინტერესო გამოწვევა იყო ახალი მანქანის ძალიან კონკურენტულ ავტოინდუსტრიაში პოზიციონირება. თავიდან დავეხმარე 9 ქვეყანაში საიტის აწყობაში, გაშვებასა და გამართვაში, ახლა კი დამატებით 27 ვებ-საიტს ვუშვებთ. ეს მოიცავს ტექნიკური თვალსაზრისით ყველანაირ უზრუნველყოფას: როცა ადამიანი/მომხმარებელი საიტზე შევა, იქ ყველაფერი გამართული უნდა იყოს; შეხვდეს ის კონტენტი, რაც აინტერესებს; მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს ამ საიტზე და, რაც მთავარია, შეიძინოს მანქანა, როდესაც ის საბოლოოდ გაეშვება წარმოებაში და ა. შ. ძალიან საინტერესო საქმეა, მანქანა ჯერ არ გამოსულა, ალბათ, წლის მეორე ნახევარში გამოვა. რეალურად დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში, რადგან ონლაინ გაყიდვები იქნება მათთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი.

რთულია თქვენი საქმე? დიდ დროის მოითხოვს?

ძალიან საინტერესო საქმეა და თან შეგიძლია ზედმიწევნით გაზომო შენი შედეგები. რაღაცას რომ გააკეთებ, ანალიტიკის საშუალებით შეგიძლია ნახო, რაიმე შედეგი გამოიღო თუ არა. ყოველდღიურად ხედავ პროგრესს და ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

როცა საქართველოში ვმუშაობდი, ხშირად ღამის 11-მდე ვრჩებოდი ოფისში, იმიტომ, რომ საქმე იყო დასამთავრებელი. აქ ცოტა სხვანაირი მიდგომაა. სამუშაო საათები მკაცრად ფიქსირებულია. მაგალითად, ჩემი სამუშაო საათებია 10-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე. თითქოს ბევრი არაა, მაგრამ ეს დრო იმდენად დატვირთულია საქმით და იმდენ ენერგიას ითხოვს, ბოლომდე ვიხარჯები. რა თქმა უნდა, ხანდახან მიწევს მეტხანს მუშაობა, მაგრამ ეს სისტემატურად არ ხდება და მაქსიმალურად ვცდილობ ჩავჯდე სამუშაო საათებში.

როგორია დღეს ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობები? პარალელს თუ გავავლებთ, რამდენად დიდია განსხვავება მისი ათვისების მხრივ ბრიტანეთსა და საქართველოში?

ლონდონში თითქმის ყველა კომპანიას აქვს ონლაინ ვებ-საიტი, საიდანაც გაყიდვები ხორციელდება. საქართველოში ამ ეტაპზე განვითარებადია ეს სფერო. კომპანიები თანდათან იაზრებენ, როგორი მნიშვნელოვანია ციფრული მარკეტინგი – SEO, იწყებენ ამაზე მუშაობას და რამდენიმე წელიწადში, ალბათ, უკვე დავეწევით სხვა ქვეყნებს. პირველ ადგილზე ამ მხრივ ამერიკა და ბრიტანეთი არიან.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს საქმეში დროის მენეჯმენტი?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით, ახლა, როცა ორ სხვადასხვა კლიენტთან ვმუშაობ, უამრავი მოთხოვნა შემომდის როგორც თავად კლიენტებისგან, ისე სხვა არხებისგან. ციფრულ მარკეტინგში სხვადასხვა სფერო შედის და ძალიან ახლოს ვმუშაობ სხვადასხვა არხთან, როგორიცაა, მაგალითად, ფასიანი რეკლამა (PPC), სოციალური მედია. შესაბამისად, როცა ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან ბევრი პროექტი შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია დავსახო პრიორიტეტი, განვსაზღვრო, რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი ან მეორეხარისხოვანი. საქმე ბევრია და დროის მენეჯმენტის გარეშე არაფერი გამოდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია დელეგირება. მე მაქვს ის თვისება, რომ ყოველთვის მირჩევნია თვითონ გავაკეთო, ვიდრე სხვას დავავალო, მაგრამ ჩემს თავზე ვმუშაობ ამის შესაცვლელად. ჯერ ერთი, თუ არ დაავალებ, ის სხვა ვერასდროს ისწავლის – ძალიან მნიშვნელოვანია ანდო, შეუსწორო. შეიძლება პირველ ეტაპზე ეს უფრო დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შემდეგ ბევრ რამეს აიოლებს.

პანდემია როგორ აისახა თქვენს სამუშაოზე?

მუშაობის სპეციფიკა ძალიან შეიცვალა, მთლიანად სახლიდან მუშაობაზე გადავედით, მაგრამ ჩემი სფეროსთვის ეს დიდი დანაკარგი არ იყო. მე, მაგალითად, მანამდე “Procter & Gamble”-ზე ვმუშაობდი და კლიენტი ჟენევაში იყო. მასთან პირისპირ კომუნიკაცია წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ მქონდა, დანარჩენ დროს ონლაინ ვთანამშრომლობდით. შესაბამისად, ეს ფორმატი უცხო არ ყოფილა ჩემთვის. კლიენტებს ონლაინ ვეკონტაქტებოდი. არაფერი იყო ისეთი, რაშიც ოფისი დამჭირდებოდა. სირთულე სხვა რამემ შექმნა: ბევრი თანამშრომელი წავიდა ჩვენგან. როგორც იცით, ლონდონი ძალიან კოსმოპოლიტური ქალაქია, უამრავი უცხოელი ცხოვრობს. ბრექსიტმა და პანდემიამ კი განაპირობა ის, რომ ბევრი უცხოელი, რომელიც ევროკავშირიდანაა, თავის სამშობლოში დაბრუნდა. ამის გამო მე პირადად საქმე მნიშვნელოვნად მომემატა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თან თუ სხვა სფეროებს ნეგატიურად შეეხო პანდემია და საქმე შემცირდა, SEO მიმართულებით პირიქით მოხდა: სხვადასხვა კომპანიამ უფრო აღიქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი კომპანია ონლაინ; ის, თუ როგორ ამოვარდება კომპანია ძიების დროს, შეიძლება პირდაპირ აისახოს მის გაყიდვებზე. პანდემიის დროს ყველა მაღაზია დაიხურა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლონდონში მხოლოდ ონლაინ შოპინგი იყო ხელმისაწვდომი. როგორც კი ასე მოხდა, კომპანიებმა უფრო აღიქვეს, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული ონლაინ საიტი.

სად ხედავთ მომავალს?

მომწონს ის, სადაც ახლა ვარ. Publicis Media მსოფლიოში წამყვანი მედიაკომპანიაა, კონკრეტულად SEO-ს მიმართულებაში კი ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი SEO გუნდია ბრიტანეთში და, შეიძლება, მსოფლიოშიც. ამ კომპანიაში ვხედავ ჩემს განვითარებას. შემდეგი ნაბიჯი ალბათ, SEO დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია იქნება, რაც არაა პრინციპში ძალიან შორს. მომწონს Publicis Media-ს კომპანიის კულტურა, რომელიც ხალხზეა ორიენტირებული. ხელს უწყობს თანამშრომლების განვითარებას, გარემო ძალიან მეგობრული და დივერსიფიცირებულია. ყოველი დღის გატარება მსიამოვნებს ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს სამსახურში მისვლა უხარია და არაა ორიენტირებული იმაზე, ოღონდ დაისვენოს და ოღონდ შაბათ-კვირა მოვიდეს. თუმცა, ხანდახან არის დღეები, როცა ისე ვიღლები, რომ მართლა ვოცნებობ შაბათ-კვირის მოსვლაზე.

მართვის როგორი სტილი გაქვთ?

ჩემი კომპანია ამ მხრივ მუდმივად მთავაზობს ხალხის მართვის ტრენინგებს. როგორც კი მენეჯერი გავხდი და სხვების ხელმძღვანელობა დამევალა, მენეჯმენტის სპეციალური კურსები გავიარე, რომელიც მოიცავს როგორ მისცე თანამშრომელს მოტივაცია, როგორი ტიპის მენეჯერი შეიძლება იყო, როგორ წარმართო რთული სიტუაციები, მაგალითად, როგორ დაასაბუთო, როცა თანამშრომელს სამსახურიდან უშვებ, როგორ ჩაატარო ტრენინგი და ა. შ. ამ ყველაფერში გეხმარებიან, თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორი მენეჯერი იქნები, ადამიანი თვითონ ირჩევ. ჩემი მენეჯმენტის სტილი უფრო მეგობრულია. ვცდილობ, ყველაფერში დავეხმარო ჩემს თანამშრომლებს, დავატრენინგო იმ მიმართულებით, რაც სჭირდებათ. მომენტი, რომ კითხვას ვერ დამისვამენ იმიტომ, რომ ერიდებათ, ჩვენთან გამორიცხულია.

თავისუფალ დროს რითი ხართ დაკავებული?

ვცდილობ გამოფენაზე ან თეატრში წავიდე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიდ ენერგიას მაძლევს. 4 წლის შვილი მყავს და კვირადღე მთლიანად მისია, მას ვართობ და მის განვითარებას ვუწყობ ხელს.

როგორ ფიქრობთ, ქალებს, რომლებსაც ოჯახი და შვილები ჰყავთ, მეტი ძალისხმევა სჭირდებათ კარიერული წარმატებისთვის?

ნამდვილად ასეა, რადგან ქალზე მეტი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე ძალიან ვუწყობთ ერთმანეთს ხელს, ძალიან ხშირად თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო, რომ ბავშვს იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენიც მინდა. მთავარი ხელისშემშლელი ეს დანაშაულის გრძნობაა, თორემ სამსახურის მხრიდან ხელშეწყობა ყოველთვის მაქვს. ჩემი კომპანიისთვის ქალების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის დამსახურებით, მენეჯმენტში სქესის ბალანსი 50/50-ზეა, იმ გაუგებარი მოსაზრების საპასუხოდ, თითქოს ტექნოლოგიებში ქალების ადგილი არ არის.