მისი სამკაული უპირველესად მინიმალიზმითა და ქალის პორტრეტებით იცნობა. ქალი სხვადასხვა რაკურსიდან ერთდროულად კვლევის საგანიცაა და აღტაცების ობიექტიც. სათქმელი, ფორმასთან ერთად, კოლექციიდან კოლექციამდე იცვლება, თუმცა არის რაღაც, რაც მუდმივად გადასინჯვის სურვილს აჩენს და ამიტომ ამ სამკაულის ავტორი ამბობს, რომ წერტილს იშვიათად სვამს.
ნინო სეფო სამკაულამდე ტანსაცმლის დიზაინიდან მივიდა. მისი დებიუტი სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე წარმატებული აღმოჩნდა. ტანსაცმლის პირველი, სადიპლომო კოლექცია დღევანდელ რეალობაში თანამედროვე კავკასიელი ქალების ინტეგრაციას მიუძღვნა. კოლექცია 2012 წელს იტალიური VOGUE-ის რჩეული პროექტი გახდა.
დღეს, როცა უკვე მხოლოდ სამკაულზე მუშაობს, მიზანი კვლავ ამბის თხრობაა, მხოლოდ ფორმა და მასალა შეიცვალა. NINO SEPO ნინო სეფიაშვილის არტისტული ფსევდონიმიცაა და სამკაულის სამარკო ნიშანიც. მისი ნამუშევრები აშშ-ში, ბრიტანეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყიდება. გამოფენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების გვერდით. ხშირად ექცევა საერთაშორისო გამოცემების ყურადღების ცენტრში. ფრანგულმა VOGUE-მა ნინოს საყურე Must have აქსესუარების სიაში შეიყვანა, HARPERS BAZAAR-მა კი ნინო სეფო იმ დიზაინერებს შორის დაასახელა, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ.
პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ხართ?
დიახ, სამხატვრო აკადემიაში კოსტიუმის მოდელირება დავამთავრე. გარკვეული პერიოდი ამ მიმართულებით ვმუშაობდი, კონცეპტუალური, სკულპტურული კოლექციები მქონდა. ზოგადად, სულ ვეძებ მედიუმებს, სადაც შეიძლება ჩემი სათქმელი ვთქვა და მგონია, რომ ესეც ერთ-ერთი მედიუმი იყო: ტანსაცმელი, რომლითაც რაღაც ისტორიას ვყვებოდი.
სამკაულზე მუშაობით რა ეტაპზე დაინტერესდით?
სამკაული დავიწყე 2016 წელს. აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა. მეგობარს ველაპარაკებოდი, წინ ქაღალდი მედო, რომელიც ხელით ამოვჭერი, რაღაც ფორმა მივეცი და თითზე ბეჭედივით წამოვიცვი. უცებ წამოვიდა იდეა და მალე მთლიანად გადმოვერთე სამკაულებზე.
რამე სპეფიციკურის სწავლა დაგჭირდათ?
გზადაგზა სულ სწავლობ, მაგრამ თან ხელს ძალიან მიწყობს ის, რომ საკუთარი ხელით არ ვაკეთებ სამკაულს. მე ვმუშაობ ესკიზებზე და ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც იდეის ხორცშესხმაში მეხმარებიან. პროდუქცია სერიულია, კოლექციებია, და გამორიცხულია, ეს შენით აკეთო. სხვათა შორის, ტექნიკურ მხარეში რაც უფრო გავერკვიე, მივხვდი, რომ ეს ცოდნა შემოქმედებითად მზღუდავს. დეტალებში რომ ჩაიხედავ, ხვდები, რომ რაღაცების გაკეთება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, ამის გამო შემოქმედებითი მხარე ცოტა ითრგუნება, ბოლომდე თავისუფალი ვეღარ ხარ შენს იდეებში. არიან არტისტები, რომლებიც თვითონ ქმნიან და არიან ისეთებიც, რომლებიც ესკიზებზე მუშაობენ. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, რადგან მე უფრო მთხრობელი ვარ. ამაში მეტ შემოქმედებით შესაძლებლობას ვპოულობ, ვიდრე ტექნიკურ მხარეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ასევე ძალიან სასიამოვნო იქნება.
რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?
მამაჩემი, თენგიზ სეფიაშვილი, მხატვარი, არქიტექტორი, სკულპტორია. ამ გარემოში გავიზარდე და, აქედან გამომდინარე, ის, რასაც ვაკეთებ, უცებ არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში. როცა ხელოვანი შემოქმედებითად დატვირთულად მუშაობს, ეს გადამდებია და, ამდენად, ახლა ორივე ერთად რომ ვმუშაობთ, ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივია.
თუ ფიქრობთ ან წარმოგიდგენით ვინ უნდა ატაროს თქვენი სამკაული? ან მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?
მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ტოლობის ნიშანი მაქვს დასმული ჩემს პიროვნებასა და ჩემს ბრენდს შორის. თუმცა, ამ მხრივ საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთე. მუშაობის პროცესში ყოველთვის წარმოდგენილი მყავდა კონკრეტული ადამიანები, ვისაც შეიძლებოდა ესა თუ ის სამკაული ეტარებინა. მაგრამ ისე მოხდა, რომ მომხმარებელი აღმოჩნდა უაღრესად ჭრელი- ისეთ აბსოლუტურად კონტრასტულ ადამიანებს უნდათ ერთი და იგივე პროდუქტი, რომლებიც არც ტიპაჟურად ემთხვევიან ერთმანეთს, არც გემოვნებით.
ამაყობთ, როცა თქვენს სამკაულს ცნობილი სახეები ატარებენ?
როცა ვიღაც მოგწონს და მას შენი სამკაული უკეთია, ძალიან გიხარია. აი, ბოლოს ეკეთა ჟანელ მონეს, რომელსაც თურმე ძალიან შეუყვარდა ჩემი ბეჭედი და საყურეები. გარდა იმისა, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, ამავე დროს სოციალურად აქტიური ადამიანია, რომელიც ბევრი რამის გამო მომწონს და, ცხადია, მიხარია, როცა მას და სხვა ვარსკვლავებს უკეთიათ ჩემი სამკაული. მყავს რამდენიმე უცხოელი და ქართველი მომხმარებელი, რომლებსაც აბსოლუტურად ყველა კოლექციიდან აქვთ სამკაულები. ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მწერენ, აზრს და ემოციას მიზიარებენ ‒ ეს დიდ მოტივაციას მაძლევს. ამ დროს ჩემს თავზე ვბრაზდები ხოლმე ‒ როგორც მომხმარებელს, უამრავჯერ მქონია სურვილი, მწარმოებლისთვის მადლობა ან კომპლიმენტი მიმეწერა და არ მიმიწერია, ძირითადად, მოუცლელობის გამო. არადა, ეს ისეთი მნიშვნელოვანია!
რა სიხშირით ქმნით ახალ კოლექციას?
მიუხედავად იმისა, რომ სამკაულს სეზონურობა დიდად არ ეხება, წელიწადში ორი კოლექცია მაქვს: გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის. კოლექცია დაახლოებით ათი-თორმეტი სამკაულისგან შედგება. რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ყველა კოლექცია თითქოს გადაბმულია ერთმანეთზე, ერთმანეთის გაგრძელებადაც შეიძლება აღიქვა. პირველ კოლექციას ერქვა „პირობის ბეჭდები“. ჩემი კვლევის საგანი, ძირითადად, ადამიანია ‒ ყველაფერი მაინტერესებს მის გარშემო. მახსოვს, ცნობილი აფროამერიკელი მწერლის წიგნი წავიკითხე, სადაც ასეთ ფრაზას წერს: „ყველა ქალი ჩემში დაიღალა“. ეს ფრაზა აღმოჩნდა მთელი კოლექციის განმსაზღვრელი, აბსოლუტურად ყველა იმიჯი დავინახე და მივხვდი, რომ უნდა გამეკეთებინა ნამუშევრები, რომლებიც აჩვენებდა როგორია „ყველა ქალი ჩემში“. ამას მოჰყვა მომდევნო კოლექცია „დავიწყებული სახეები“ ‒ სახეები, რომლებიც ქრება, ადამიანები, რომლებიც ქრებიან. საერთოდ, რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი ჩვენს მეხსიერებაში? ზოგი უფრო დიდხანს, ზოგიც საერთოდ ვერ ძლებს… „ცხოვრება როგორც გეომეტრია“ ‒ ეს იყო კოლექცია, სადაც ადამიანის სახეები გეომეტრიულ ფიგურებში იყო ჩასმული. აქ იყო წრე, რომელზეც ადამიანი შესაძლოა უსასრულოდ ტრიალებდეს. ისტორიები, რომლებიც პარალელური ხაზებივით ვითარდება ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად; ისტორიები, როგორც უსასრულობაში საერთო წერტილის მქონე ხაზები, რომლებმაც შეიძლება ვერ გადაკვეთონ ერთმანეთი ამ სივრცეში, მაგრამ არსებობს სივრცე, სადაც ისინი შეხვდებიან ერთმანეთს.
ზოგადად, შთაგონება რა როლს ასრულებს ამ პროცესში?
ყოველდღე შეიძლება არ ვაკეთებდე ესკიზს, მაგრამ სულ ვფიქრობ, სულ იმიჯები მაქვს თავში, აბსოლუტურად მოცული ვარ ამ საქმით და სულ რაღაცას ვეძებ, სულ ვფიქრობ, ტვინი გამუდმებით მუშაობს. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ცოტ-ცოტას მუშაობენ, მე უფრო ქაოსური ვარ ამ მხრივ, ძიების პროცესი უფრო ხანგრძლივია და როცა ვჯდები, მერე უკვე ძალიან სწრაფად ვხატავ.
ის, რასაც აკეთებთ, კარგი ინსტრუმენტია ემოციების გამოსახატავად?
უდავოდ ძალიან კარგი საშუალებაა. ჩემს შემოქმედებაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. რაც მაქვს სათქმელი, იმას ვამბობ: არ ვფიქრობ რამდენად სწორია, რამდენად კორექტულია, რამდენად სწორი დროა, რამდენად აქტუალური იქნება ეს იმიჯი… მე არ მივყვები რაღაც შემოთავაზებულ ტენდენციებს, ვიცი რა მაქვს სათქმელი და ისაა ჩემთვის ორიენტირი.
ვისი შეფასებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?
მამაჩემის, ჩემი ძმის და ჩემი მეგობრის, დიზაინერ ლაშა დევდარიანის, რომლებიც პირველები ნახულობენ ჩემს ნამუშევრებს. ამით თითქოს დასტურს ველოდები მათგან. ისინი მეუბნებიან, მაინც ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც ფიქრობო, მაგრამ მათთვის ჩვენება რიტუალია ჩემთვის.
მამა კრიტიკულია?
არა, ლმობიერია, მე უფრო კრიტიკული ვარ მის მიმართ და ამის მიზეზი ისაა, რომ ბავშვობიდან სულ მეკითხებოდა აზრს იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებდა. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ჩემი აზრი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ დამოკიდებულებით პატარა ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვან პერსონად მაგრძნობინა თავი. იმის რწმენა მომცა, რომ ჩემი აზრი რაღაცას ნიშნავს. ეს ძალიან გეხმარება ცხოვრებაში, არ გეშინია აზრის გამოთქმის, ამის გამო ძალიან მადლობელი ვარ. ზოგადად, მგონია, რომ მთავარი იღბალი ოჯახია ადამიანისთვის. მე ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი და ისე ვემადლიერები სამყაროს ამისთვის!
თვითკრიტიკული ხართ?
მაქსიმალურად ვცდილობ რაღაც ეტაპზე შევძლო დისტანცირება და გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს; სწორად განვსაზღვრო სად ვარ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წინ წახვიდე. ქართველები ემოციური და ამბიციური ხალხი ვართ ‒ ეს არაა ცუდი, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო შენს თავზე, რომ მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეაფასო სად ხარ და სად გინდა იყო.
სათქმელი იცვლება?
უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. მათ შორის, იგივე, სოციალური თანასწორობა, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს. არის პრობლემები, რომლებიც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ წესით 21-ე საუკუნეში აღარ უნდა იდგეს ასეთი სიმწვავით, მაგრამ პრობლემებად რჩება. გვერდიგვერდაა დიდი პროგრესი და ამ დროს ელემენტარული გადარჩენისთვის ბრძოლა…
რა არის მიზეზი, რომ, ძირითადად, ქალების გარშემო ტრიალებთ?
მე მგონია, რომ ყველაფერი ქალის გარშემო ტრიალებს. თითქოს როგორი მარტივი შეკითხვაა და როგორი ნათელი მოცემულობა, არადა, კონკრეტული ფაქტები ამის დასამტკიცებლად არ გვაქვს – იმის იმედზე რჩები, რაც შეიძლება მხოლოდ იგრძნო. ქალი რომ გამოაცალო, სამყარო გახდება გრძნობებისგან დაცლილი. მე პირადად აბსოლუტურად თანასწორობის მომხრე ვარ და ვიღაცის აღმატებულად აღქმისგან შორს ვდგავარ, მაგრამ არის რაღაც, რასაც ფაქტები არ სჭირდება.
თქვენი პირველი კოლექცია იტალიურ VOGUE-ში მოხვდა როგორც წლის წარმატებული პროექტი. რას მოჰყვა ეს თანამშრომლობა?
ეს იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი „კავკასიური ჩარჩო“, რომელიც კავკასიელი ქალების თემაზე მქონდა. კოლექცია იყო იმაზე, თუ როგორ შეიკრა ტრადიციებისგან ეს ჩარჩო და როგორ მაინც უჭირთ ადაპტაცია თანამედროვე სამყაროში ქალებს. საერთოდ არ ვარ აქტიური ტიპი, მაგრამ რაღაცნაირად მჯეროდა, რომ ეს კოლექცია საინტერესო იყო და იტალიურ VOGUE-ს მეილზე გავუგზავნე ფოტოები და კონცეფცია. გაოგნებული ვიყავი, როცა პასუხად მომივიდა, რომ VOGUE გამოაქვეყნებდა ამ ფოტოებს როგორც წლის ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას. მაშინ დავიჯერე, რომ ყოველთვის დიდზე უნდა იფიქრო. შენი მიზანი უნდა იყოს დიდი და მისკენ ისწრაფოდე.
ბრენდამდე როგორ მიხვედით?
დავდივარ სხვადასხვა შოურუმში ევროპაში. 2012 წლიდან ვარ დიზაინერების საერთაშორისო პლატფორმის Notjustalable-ის წევრი. ვთანამშრომლობ TaTa La-სთან, რომელიც ძალიან გვეხმარება ცნობადობის ამაღლების კუთხით. ასევე Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში უამრავი მნიშვნელოვანი სტუმარი ჩამოდიოდა თბილისშიც, მსგავსი აქტივობები უკვე რაღაცას მოითხოვს შენგან. როცა გარკვეული დაინტერესებაა, აუცილებელია გქონდეს ბრენდი – შეფუთვიდან დაწყებული, კონცეფციით დამთავრებული.
ახლახან მილანში ვიყავი, სადაც ძალიან დიდი სიურპრიზი დამხვდა. მილანის აქსესუარების კვირეულში ვიღებდი მონაწილეობას და რომ ჩავედი, ქალაქში დიდი ბილბორდები დამხვდა ჩემი ნამუშევრის ფოტოთი. გაზეთებშიც ყველგან იყო დაბეჭდილი ლეკო ჭყონიას გადაღებული სამკაული. ამან, რა თქმა უნდა, დიდი სამსახური გაგვიწია: ვინც კი მოდიოდა ჩვენს სტენდთან, ხვდებოდა, რომ მთელ ქალაქში გამოფენილ ნამუშევრებთან მოხვდა.
უცხოეთში ცხოვრებაზე, იქ მუშაობაზე გიფიქრიათ?
ზოგადად, ადვილად ვადაპტირდები, შემიძლია მალე გავითავისო სიტუაცია და თავი კარგად ვიგრძნო, მაგრამ აქ ყველაფერი ჩემია. ერთ-ერთი ქართველი ავტორის სიტყვებია: „ყველა ქალაქი პასუხია და თბილისი სახლიო“. ზუსტად ასეა ჩემთვისაც.
რა არის წარმატება თქვენთვის?
როცა თვითკმარი და ამით ბედნიერი ხარ. როცა შეგიძლია თქვა შენი სათქმელი.
რა თვისებები გაქვთ, რაც საქმეში გეხმარებათ?
პირველ რიგში, პასუხისმგებლობის გრძნობა. არტისტული ბოჰემა ნაკლებად მაქვს, უფრო პრაგმატულად ვუყურებ რაღაცებს. ძალიან ბევრს ვფიქრობ, უამრავი იდეა მაქვს და მინდა მივიდე იქამდე, სადამდეც წარმომიდგენია. მინდა გარშემომყოფებს იმედი არ გავუცრუო.
და მინდა, იმედგაცრუებული არ დავრჩე.