ნინო ქურდიანი სექტემბრიდან საქართველოს საფონდო ბირჟის (GSE) გენერალური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს. ის ამჟამად GSE-ის ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებს. აღნიშნული თანამდებობა ნინომ 2017 წლის დეკემბერში ჩაიბარა.
„მიმდინარე წლის სექტემბრიდან [საქართველოს საფონდო ბირჟის] გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ვინიშნები. თითქმის ხუთი წელია, მიჭირავს ფინანსური დირექტორის პოზიცია, ამდენად, კარგად ვიცნობ კომპანიის წინაშე მდგარ ამოცანებს. ახალი როლი ახალ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რაც, ერთდროულად, საპასუხისმგებლო და საინტერესოა“ – განუცხადა Forbes Woman-ს ნინო ქურდიანმა.
ნინო ქურდიანი GSE-ის გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ფარესაშვილს შეცვლის, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკურ საფონდო ბირჟას “ტაშკენტს” უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, ფარესაშვილი საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორად 2014 წელს დაინიშნა.
„მინდა, ნინო ქურდიანს ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, GSE გააგრძელებს ზრდას და განვითარებას, როგორც ინსტიტუტი, მისი მეთაურობით“, – აცხადებს საქართველოს საფონდო ბირჟის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი ფარესაშვილი.
„გიორგი ფარესიშვილმა კომპანიის მენეჯმენტსა და წარმატებას მაღალი ზღვარი დაუწესა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად მუშაობა და მონაწილეობა ინსტიტუციურ ცვლილებებში. ახლა ჩვენ ახალი გამოწვევებისა და პერსპექტივების წინაშე ვდგავართ“, – ვკითხულობთ ამავე პოსტში ნინო ქურდიანის განცხადებაში.
ქურდიანმა Forbes Woman-თან საქართველოს საფონდო ბირჟის გამოწვევებსა და სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა:
„ქართული კაპიტალის ბაზარი ნელა, თუმცა მაინც ვითარდება პანდემიური რეცესიის ფონზეც კი. საქართველოს საფონდო ბირჟა ამ ბაზრის ნაწილია. კომპანიაში კონცენტრირებული კომპეტენციისა და ადამიანური კაპიტალის დახმარებით ვუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს და აქტიურად ვმუშაობთ განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ჩვენი აგური დავდოთ“.
ცნობისთვის გეტყვით, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაში მუშაობის დაწყებამდე ნინო ქართულ ბანკებში, მათ შორის „პროგრეს ბანკში“, „თიბისი ბანკსა“ და „პროკრედიტ ბანკში“ წამყვან თანამდებობებს იკავებდა.