ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებაში ნატურალური ტყავის გამოყენებით წახალისებული ბრაკონიერობა და ტყავის გადამუშავების შედეგად დაბინძურებული გარემო XXI საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამო მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ბრენდების არსებობა, რომლებიც საზღვარგარეთ დღითი დღე უფრო და უფრო პოპულარული ხდებიან. მათ არც ხელნაკეთი ფეხსაცმლის ქართული ბრენდი „ნინიმო“ ჩამორჩება, რომელმაც უარი თქვა ნატურალური ტყავის გამოყენებაზე და მომხმარებელს ვეგანური ტყავისგან შექმნილ ფეხსაცმელს სთავაზობს.
„ნინიმოს“ ისტორია ბრენდის შემქნელმა, ნინი მოსულიშვილმა მოგვითხრო. ხატვა ბავშვობიდანვე უყვარდა, განსაკუთრებულ სიამოვნებას კი ფეხსაცმლის დიზაინის შექმნა ანიჭებდა, შესაბამისად, „ნინიმოს“ შექმნის იდეა ქვეცნობიერად ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როდესაც დღიურში დახატულ ფეხსაცმელებს ნინის კლასელების სახით პირველი „კლიენტები“ გამოუჩნდნენ. დღიურს „ნინიმო“ ერქვა – სწორედ აქ იწყება ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხსაცმლის ბრენდის ისტორია.
ნინი პროფესიით იურისტია. თავიდანვე იცოდა, რომ მისთვის ახალსა და უცნობ სფეროში გადასვლა და თავის დამკვიდრება რთული იქნებოდა, მაგრამ მთელი ცხოვრების ოცნების ასახდენად პირველი ნაბიჯების გადადგმას შიშმა ხელი მაინც ვერ შეუშალა.
„აუცილებლად უნდა დაფიქრდე იმაზე, თუ რისი გაკეთება გინდა ყველაზე მეტად, რა მოგანიჭებს ბედნიერებას. მე ვიცოდი რისი კეთება მანიჭებდა ბედნიერებას. როცა ეს იცი, შემდეგი ნაბიჯები რთული აღარაა.“
თავდაპირველად „ნინიმომ“ საზოგადოებას თავი ნატურალური ტყავისაგან ხელით შეკერილი ფეხსაცმლებით გააცნო. ნინი ცდილობდა საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა. სწორედ ამიტომ „ნინიმოს“ პირველი მოდელიც ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და პრაქტიკული „ლოფერი“ აღმოჩნდა. ტყავზე მუშაობის პარალელურად ნინი მუშაობდა ტექნიკაზე, რომელიც საშუალებას მისცემდა იმავე ხარისხის ფეხსაცმელი სინთეტიკური ტყავისაგან მიეღო. როცა მიხვდა, რომ თავადაც და მომხმარებელიც მზად იყვნენ სიახლისათვის, ვეგანური ბრენდის შესახებ ოცნება რეალობად აქცია.
„შესაძლებელია გვეცვას კომფორტულად და ლამაზად, ისე რომ გარემოსათვის ზიანი არ მივაყენოთ. არც ერთი ცხოველი არ უნდა ეწირებოდეს მსხვერპლად ჩვენს სილამაზეს.“ – ესაა „ნინიმოს“ შეტყობინება საზოგადოებისთვის. ბრენდი, გარდა იმისა, რომ ვეგანურია, ქველმოქმედებასაც აქტიურად ეწევა. შემოსული თანხის 30% მიუსაფარ ცხოველებს ხმარდება.
ნინიმ ისიც გაგვიმხილა, თუ როგორ შეხვდნენ ცვლილებებს ერთგული მომხმარებლები:
„ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს გაუჭირდათ ახალ მოდელებზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ ნატურალური ტყავის მაგივრად, ფეხსაცმელი ახლა უკვე ვეგანური ტყავისგან მზადდება. ისინი ენდობიან ხარისხს, რომელიც „ნინიმოსთან“ ასოცირდება, თანაც მომხმარებლები ახლა უკვე თავადაც დაინტერესდნენ ქველმოქმედებით და საყვარელი ნივთების შეძენა უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებთ, როცა იციან, რომ ამით მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან. ჩვენი კამპანიის წყალობით ახალი ერთგული მყიდველებიც გვყავს, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ.“
„ნინიმოს“ ფეხსაცმელი არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მომხმარებლების საყვარელ ნივთებს შორისაცაა. ბრენდი ოფიციალურად უკვე 7 ქალაქის შოურუმებშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება „ნინიმოს“ სამომავლო გეგმებს, ამჟამად იგეგმება ვებ გვერდის დახვეწა და ისეთი ციფრული პლატფორმის შექმნა, რომელიც მომხმარებელს სასურველი ფეხსაცმლის არჩევას გაუმარტივებს. თუმცა, ნინის მთავარი მიზანი მაინც ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ვეგანური პროდუქციის მომხმარებელი.