თამარ ნიკოლოზიშვილი ის უშიშარი ქართველი გოგონაა, რომელიც აგვისტოს ბოლოს მოგზაურობისათვის საგანგებოდ შერჩეულ ველოსიპედს გზაზე გამოიყვანს, ზურგზე ჩანთას წამოიკიდებს და ველოტურით აფრიკაში მარტოდმარტო გაემგზავრება. მისი მოგზაურობა ლამის ერთ წელიწადს გასტანს, რა დროსაც თამარი თოთხმეტ ქვეყანას მოივლის, უამრავ კულტურას ეზიარება, უნიკალურ გამოცდილებას მიიღებს და მის პიროვნებას განავითარებს. ჯამში, თამარი ველოსიპედით ოცდაერთი ათას კილომეტრს დაფარავს.
კორონავირუსის პანდემია რომ არა, თამარი მოგზაურობას ივლისის ბოლოს დაიწყებდა. მსოფლიო ჩაკეტილობის ფონზე, ქართველ მოგზაურს მარშრუტის შეცვლა მოუხდა: თავდაპირველად, ის ეგვიპტეში გადაფრენას და მოგზაურობის იქიდან დაწყებას აპირებდა, მაგრამ გაუქმებული ფრენების გამო, ის თბილისიდან დაიძვრება, თურქეთის გავლით საბერძნეთში ჩავა, ხოლო იქიდან ეგვიპტეში გემით გადავა.
მოგზაურობის საწყის წერტილად ეგვიპტე ტყუილად არ აურჩევია, ის ხომ მისი ბავშვობისდროინდელი ოცნებების სიმბოლოა. სხვა ბავშვები რომ პოლიციელობაზე, ადვოკატობაზე და ჟურნალისტობაზე ფიქრობდნენ, თამარს ეგვიპტეში მოგზაურობა დაესახა მიზნად, რაც მომავალში აუცილებლად უნდა აესრულებინა. ეს საუბარი, რომელიც Forbes Woman-მა თამართან ექსკლუზიურად ჩაწერა, სწორედ ამ მიზანს ეძღვნება.
ლაშქრობები, მწვერვალები, ველოტურები. ცხოვრებაში ბევრი რამ გიკეთებიათ და თუ შეგიძლიათ ამის შესახებ მოგვიყვეთ?
ეტაპობრივად სხვადასხვა გატაცება მქონდა. იყო პერიოდი, როცა ლაშქრობებში დავდიოდი და საქართველოს ორი კუთხის, აფხაზეთისა და ოსეთის გარდა, ყველა კუთხე მაქვს ნანახი, ყველგან ვიყავი და ყველა მთა დავლაშქრე. შემდეგი გატაცება ალპინიზმი იყო. იმ დროსაც, ჯგუფთან ერთად ვცდილობდი სხვადასხვა მწვერვალებზე ასვლას. შემდეგი კი, ველომოგზაურობები იყო, დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ, საიდანაც მსოფლიოში მოგზაურობის იდეები ნელ-ნელა მებადებოდა. მაშინ არ მქონდა გადაწყვეტილი ეს ველოსიპედით იქნებოდა, ფეხით, ავტოსტოპით თუ როგორ, თუმცა ამ კარანტინის ეტაპმა ჩემი გეგმა გაამყარა. თან, ცხოვრებაში ისეთი პერიოდი მქონდა, რომ უნდა გადამეწყვიტა სტაბილურად მეცხოვრა თუ სამოგზაუროდ წავსულიყავი. ეს გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა და მოგზაურობა ავირჩიე.
გამოდის, რომ მოგზაურობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავთ?
კი, ეს გრძელვადიანი მიზანია. აფრიკის ტური ერთწლიანია, ხოლო აფრიკის შემდეგ სხვა კონტინენტზე მოგზაურობაც მაქვს დაგეგმილი, თუმცა მყარად და ნაბიჯ-ნაბიჯ შემუშავებული ჯერჯერობით მხოლოდ აფრიკის ტური მაქვს.
მოგზაურობა და ლაშქრობა, ხომ სპორტული აქტივობების, ასე თუ ისე, ექსტრემალური სახეობებია. საიდან გაგიჩნდათ სურვილი, ცხოვრების ასეთ სტილს შეჭიდებოდით?
ვფიქრობ, რომ მთა ოჯახმა შემაყვარა. მამაჩემს, მაგალითად, ყოველთვის უყვარდა მთაში კარვით სიარული და ჩვენ, ბავშვობაში, ყოველთვის მას მივყვებოდით. მას შემდეგ… მე მიყვარს ახალი კულტურა, ახალი ემოციების მიღება, ახალი ხალხის გაცნობა და მოგზაურობა ამისათვის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა.
რატომ მაინცდამაინც აფრიკა?
იცით, აფრიკა ყოველთვის მხიბლავდა. პირველ რიგში არქეოლოგიის წყალობით, რომელიც ჩემი ჰობი იყო და საქართველოშიც ხშირად დავდიოდი სხვადასხვა გათხრებზე და ვცდილობდი ყველა ახალი აღმოჩენა მენახა. ამ მხრივ, აფრიკა გამორჩეულია, იქ ხომ კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი აღმოჩენები გაკეთდა. ამას გარდა, აფრიკის უძველესი კულტურაც მხიბლავს. თან, აფრიკა მრავალფეროვანია: აი, მაგალითად, ერთ ქვეყანაში შეიძლება ათი ტომი, ათი კულტურა, ათი ცხოვრების წესი ნახო.
თან, მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ წლების წინ, რასისტი ვიყავი. თუმცა, შემდეგ ჩემ გონებასა და აზროვნებაში ისეთი გარდატეხა მოხდა, რომ, აი, უკვე დიდი ხანია აფრიკის ველოტურს ვგეგმავ და ამისათვის მორალურადაც მზად ვარ.
ალბათ, ემოციურადაც მზად იქნებით..?
კი, ფსიქოლოგიური მომზადება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რადგან გზაში უამრავი დაბრკოლება გხვდება: ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების და რასიზმის მხრივ.
კონტაქტი მაქვს სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურებთან. ჩემი ამერიკელი მეგობარი ახლა ამ მარშრუტს გადის, იქ ჩარჩენილია და ამბობს, რომ თეთრკანიანებს კორონავირუსის გამავრცელებლებად აღიქვამენ. ანუ, საფრთხეები არის და ისინი დიდია. აი, მაგალითად, ეთიოპიაში, კონკრეტული ტომების წარმომადგენლები, მათ ტერიტორიაზე გასვლისას ქვებს გესვრიან.
რისკების არის, თან ბევრი, თუმცა შეუძლებელი არ არის და მგონია, უფრო სწორედ დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია და ამას გავაკეთებ.
მოგვიყევით საქართველოში თქვენი ფიზიკური მომზადების პროცესის შესახებ?
პირველ რიგში, ჯანმრთელობას უნდა მივხედო, შემდეგ კი, დაახლოებით ერთი თვე იმუნიტეტის აღდგენას დასჭირდება. მერე, აფრიკაში გავრცელებული სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო აცრები უნდა გავიკეთო.
რატომ მაინცდამაინც ეს მარშრუტი?
საიდან მოვხვდი ამ მარშრუტზე… სოციალურ ქსელში ერთი ბრიტანელი მოგზაური ვნახე, რომელსაც ნამიბიის კონკრეტულ ტომში გადაღებული სურათი და მისი მოკლე აღწერა ედო, რამაც ძალიან მომხიბლა. შემდეგ მისი მოგზაურობით დავინტერესდი, მან კი სხვა ადამიანთან დამაკავშირა და საბოლოოდ მოვხვდი ისეთ წრეში, რომელშიც ძირითადად ევროპელი და ამერიკელი ველომოგზაურები არიან გაერთიანებულნი. კავკასიელი მათ ჯგუფში არ ჰყოლიათ და თან, ამ მარშრუტზე, გოგონა, სოლო მოგზაურობაში ფაქტობრივად არ წასულა, ისინი ძირითადად წყვილებში დადიან.
როგორ ემზადებით ემოციურად და ფიზიკურად ასეთი დამქანცველი ერთწლიანი მოგზაურობისათვის?
მოგზაურობის დროს და მანამდეც, შენი თავი უნდა დააპროგრამო. შენ თუ გჯერა, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებ. აქედან გამომდინარე, დაშვებული მაქვს, ტყვედ რომ ამიყვანონ, ეთიოპიის რთული მონაკვეთის გავლისას ქვით თავი რომ გამიტეხონ და ისიც, მოგზაურობა ფატალურად რომ დასრულდეს. გამოდის, რომ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ.
ეს რთული მარშრუტია და საერთო მოგზაურობის შეთავაზებებიც კი მაქვს, მაგრამ ყველას ვეუბნები, ბოდიში, მაგრამ ასე არ შემიძლია-მეთქი.
ჯამში თქვენი მოგზაურობა ერთ წელიწადს გასტანს?
კი, სადღაც სამას ორმოცდაათი დღე გამოდის. იცით, კონკრეტული ქვეყნის გასავლელად გარკვეული რაოდენობის დღეები დამჭირდება. ეს ქვეყნის რელიეფისა და კლიმატის მიხედვით მერყეობს, თუმცა დღეში, მინიმუმ ორმოცი კილომეტრის გავლას ვაპირებ. აი, ეთიოპიაში, მაგალითად, მთელი სექტემბრის განმავლობაში წვიმს და შესაბამისად მარშრუტი ისე უნდა დავგეგმო, რომ სექტემბერში იქ არ მოვხვდე. მარშრუტი თითქმის დეტალებში მაქვს გაწერილი, თუმცა მთლად გეგმის მიხედვით ვერ წავალ, რადგან ადგილზე შეიძლება რადიკალურად განსხვავებული სურათი დამხვდეს.
საწყის ეტაპზე, ნელი ტემპით ვაპირებ მოგზაურობას. ეს ველოტური ერთწლიანია და მერე სხვა გეგმებიც მაქვს და არ მინდა ორგანიზმი გამოვფიტო. გააჩნია რელიეფს, ზოგ ქვეყანაში დღეში ასოცი კილომეტრის გავლა შეიძლება, ზოგ ქვეყანაში კი – მხოლოდ ორმოცის.
აი, ეგვიპტეში, მაგალითად, ოცდახუთი დღე მექნება, რა დროსაც 978 კილომეტრი უნდა გავიარო. სუდანში კი, ოცდასამი დღე მექნება, მაგრამ ამ დროს 1774 კილომეტრის გავლა მომიწევს, რადგან რელიეფურად, სუდანი უფრო სწორია და იქ დაბრკოლებებიც ნაკლებია.
ეს მოგზაურობა, რასაკვირველია, ძალიან სტრესულია. მოგვიყევით, თუ როგორ აპირებთ განტვირთვას მოგზაურობის დროს?
ჩემთვის მოგზაურობა არის განტვირთვა, რა დროსაც ვივსები ემოციებით და მემატება ენერგია. როგორ ვარ იცით? აი, წავედი აფრიკაში და ვბლოკავ საქართველოს, ვბლოკავ ოჯახის ემოციებს. მე რომ ვიფიქრო, რომ აი, დედა და მამა ჩემ გამო ნერვიულობენ, ვერაფერს შევძლებ.
თუ ვიღაც მეუბნება, იცი თამარ, შენ ამ ადგილას ვერ გახვალ, ძალიან კარგად ვიცი ეს ადგილი, აქ ვცხოვრობ და ვერ გახვალო… მესმის, ტვინში ჩამებეჭდება, მაგრამ ჩემ გეგმას ეს ხელს არ შეუშლის.
დაბრკოლებები მთაშიც მქონია, ნაპრალშიც ვყოფილვარ ჩავარდნილი და მაშველისთვისაც მიცდია ოთხი საათი, მაგრამ მთავარი ფსიქოლოგიურად არ გატყდე და გჯეროდეს.
და თქვენივე ემოციები თუ გიშლით ხელს?
ადამიანს ნებისმიერი უნარის გამომუშავება შეუძლია. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კარგად ვიმუშავე ჩემს ფსიქოლოგიაზე, რაც დაბრკოლებებს გადამალახვინებს.
რას ეძებთ, რას მოელით ამ მოგზაურობისგან, როგორც ადამიანი?
ვფიქრობ, რომ ამ მოგზაურობით სხვა განზომილებაში გადავდივარ, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების წესი, ევროპული ცხოვრების წესი, რომელიც ვიცით და გვინახავს, აფრიკისგან რადიკალურად განსხვავდება. მინდა ამ ახალი ემოციებით ვიკვებო.
თქვენს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში შეკრებილი საზოგადოება ორაზროვნად შეხვდა: ზოგი პოზიტიურად, წარმატებას გისურვებთ, ზოგი კი შიშობს და სკეპტიკურადაა განწყობილი. როგორ უპასუხებდით სკეპტიკოსებს, რომელთაც თქვენი შესაძლებლობების არ სჯერა?
მე არ მიყვარს ოცნებები, მე მაქვს მიზნები და თუ მიზნად რამე დავისახე, შეიძლება ერთი წელი გავიდეს, ორი წელი, მაგრამ თუ ვთქვი, რომ ეს ჩემი მიზანია და ეს შესაძლებელია, ეს აუცილებლად გამომივა და აუცილებლად ცოცხალი და ჯანმრთელი დავბრუნდები, მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც უკვე მგლოვობს (იცინის).
თუ გიფიქრიათ რა გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს მოგზაურობას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე?
მინდა ადამიანებს დავაჯერო… ჩემი დაკვირვებით, ხშირად, ერთმანეთს ვაკნინებთ, დაცინვით, შურით. ხშირად შემხვედრია, ერთ ადამიანს უთქვამს მეორესთვის, შენ ეს არ შეგიძლია, რადგან სოფელში დაიბადე და გაიზარდე ან იმიტომ რომ მთელი ცხოვრება თბილისს არ გაცდენილხარო. რეალურად კი, თუკი ადამიანს აქვს მიზანი და ამ მიზნის მიღწევის სწამს, ის მას აუცილებლად მიაღწევს.
მქონია მომენტები, როცა ვიღაცის სიტყვა ისე დამიჭერია, რომ ამ სიტყვამ ჩემს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მგონია, რომ ჩვენი სიტყვები შეიძლება ვიღაცამ ისე დაიჭიროს, რომ ამით მისი ხედვა და აზროვნება რადიკალურად შეიცვალოს.
საიდან გაგიჩნდათ ეს სურვილი, სულიერი ძალა, რომელიც ამხელა ნაბიჯის გადასადგმელადაა საჭირო?
არ ვიცი, სურვილი სიძლიერეშია…
იდეის დონეზე?
არა, მე ვთვლი რომ ეს არის მიზანი და ვთვლი, რომ აფრიკას აუცილებლად გავივლი, ამ უამრავ კულტურას ვეზიარები და შემდეგ ალასკაზე ჩავალ და კონკრეტულ მარშრუტებს გავივლი. მთავარია რწმენა. ზოგს ღმერთის სწამს და ჰგონია, დღეს იმიტომ ჭამს, რომ დილით ილოცა. ზოგს იმის სწამს, რომ საჭმელი ბევრმა შრომამ მოუტანა. მე მჯერა ჩემი იდეების, მჯერა რომ შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ თუ ცხოვრობ, უნდა იცხოვრო და რუტინის მსხვერპლი არ უნდა იყო. ამიტომაც გადავწყვიტე რუტინას გავქცეოდი და მეცხოვრა დღევანდელი დღით. იქ, ადამიანი ყოველდღე თავიდან იბადება.