ნიკო ნიკოლაძის სახელის გაგონებისას, პირველი, რაც გვახსენდება მის მიერ ქალაქ ფოთის აღმშენებლობაა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობებიდან, რასაც ეს უაღრესად გაანთლებული, ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ახორციელებდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
აქვე განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტი, რომ ნიკო ნიკოლაძეს ოთხ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ და საკმაოდ რთულ მმართველობის ფორმაში მოუწია ცხოვრება. კერძოდ, დაიბადა ბატონყმობისას, მოღვაწეობა მოუწია მაშინ, როცა საქართველო რუსეთის გუბერნიას წარმოადგენდა, მოესწრო და აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნის პირველი რესპუბლიკის შექმნაში, სიცოცხლის ბოლო წლები კი საბჭოთა საქართველოში მიითვალა. ამასთან, მას თავისი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი საზღვარგარეთ აქვს გატარებული, ჯერ მარტო ფოთის პორტის მშენებლობისას 8-ჯერ იმოგზაურა ევროპაში და ჩრდილოეთ აფრიკის 12 სხვადასხვა საპორტო ქალაქი მოიარა სრულყოფილი პროექტის შესადგენად. მაშასადამე, ნიკოსთვის ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს კარი ღია იყო, მიუხედავად ამისა მისი გული ყოველთვის საქართველოსთვის ძგერდა, ყოველთვის ბრუნდებოდა უკან და ცდილობდა ევროპაში მიღებული ცოდნა თავისი ქვეყნის კეთილდღეობის შექმნისთვის გამოეყენებინა
„მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა.“
ნიკო ნიკოლაძის განათლებაც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი ცხოვრება. მან სწავლა დაიწყო ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც ინჟინერიის შესწავლას აპირებდა, თუმცა ამას თერგდალეულობა არჩია და 1861 წელს პეტერბურგს გაემგზავრა სამართლის შესასწავლად. პეტერბურგიდან კი, სხვა სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად, მალევე მოხვდა კრონშტადტის ციხეში, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. როგორც იგი ამბობს, სწორედ ამ პერიოდში გაიგო თავისუფლების რეალური არსი. 1863 წელს ნიკო ბრუნდება სამშობლოში, მაგრამ მალევე მიდის პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. ამ პერიოდში ეცნობა იგი ფრანგულ სოციალიზმს (რომლითაც დიდად მოხიბლული არ დარჩენილა) და ხვდება ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს. საფრანგეთს მოჰყვა შვეიცარია, სადაც სწავლობდა ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში. სწორედ აქ დაიცვა მან „სადოქტორო“ (როგორც მაშინ უწოდებდნენ) თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სადაოა ამ დისერტაციის ვალიდურობა, იგი მაინც მიიჩნევა პირველ ქართველად, ვინც დოქტორის ხარისხი ევროპაში მიიღო.
1869 წელს ნიკო ნიკოლაძე ისევ ბრუნდება საქართველოში და შეძლებისდაგვარად ცდილობს დაგროვილი ცოდნის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას. ევროპაში ცხოვრებამ ნათლად დაანახა, რომ ადამიანის ერთადერთი იარაღი და სახელმწიფოს განვითარების მთავარი გარანტი განათლებაა, აქედან გამომდინარე ყველაზე აქტიურად სწორედ განათლების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ სურვილით ანთებული საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ 1872 წელს თავის ორ დას, ორ დეიდაშვილს და მომავალ მეუღლეს – ოლიკო გურამიშვილს – ბიჭურად გადაცმულებს ჩუმად უშვებს შვეიცარიაში, განათლების მისაღებად. ქალებისთვის საზღვარგარეთ სწავლის უფლების მიცემა იმ პერიოდში აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, ამიტომაც ქართულმა თავად-აზნაურობამ დაგმო ნიკო ნიკოლაძის საქციელი, თუმცა ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია მის შეხედულებებზე.
სხვა დიდგვაროვნებთან შედარებით განსხვავებული იყო მისი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის მიმართაც. თუ სხვები თაკილობდნენ მიწაზე მუშაობას და მიაჩნდათ, რომ მათი ერთადერთი საკადრისი საქმე მაღალ, განსაკუთრებულ პოზიციებზე მუშაობაა, ნიკო ნიკოლაძემ მიატოვა ქალაქური ცხოვრება, ოჯახთან ერთად სოფელ ჯიხაიშში გადავიდა საცხოვრებლად და ფერმერობას მიჰყო ხელი. ოღონდ რა თქმა უნდა, აქაც, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ცდილობდა სიახლეების დანერგვას სხვდასხვა ტექნოლოგიების დანერგვითა თუ ახალი ჯიშების გამოყვანით.
ამავე, 1870-იან წლებში იწყებს იგი აქტიურ მუნიციპალურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობას. მის მიერ წამოყენებულმა იდეებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს როგორც იმჟამინდელი, ისე მომავალი მდგომარეობა. კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული:
- თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნა – ეს იდეა უშუალოდ დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა, თუმცა მის განხორციელებაში ნიკოც აქტიურად იყო ჩართული.
- ვაჭრობის და მრეწველობის განვითარება – იგი ხელს უწყობდა კაპიტალიზმის დანერგვას, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი შემოაქვს, თვითონ კი არაფერს აწარმოებს წინ ვერ წავა.
- ერობის, ანუ თვითმმართველობის შემოღება.
- უმაღლესი სასწავლებლების გახსნა საქართველოში – აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ნიკოლაძე ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების მომხრე იყო.
- პრესის განვითარების ხელშეწყობა – ზოგადად, მას ძალიან იზიდავდა ჟურნალისტობა, თუმცა ხვდებოდა, რომ თავის ქვეყანას მისი უნარების სხვა მხრივ გამოყენება უფრო სჭირდებოდა. „ყველაზე მეტად, სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანეო“- წერდა იგი.
- ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება.
- რკინიგზის გაყვანა – ჯერ ფოთიდან თბილისამდე, შემდეგ კი ბაქოდან ბათუმამდე, თბილისის გავლით.
- წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება – ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით ჯერ ავჭალაში მოეწყო წყალსადენი, შემდეგ კი წალკისა და ნატახტარ-ბულაჩაურის წყაროებზე.
- თბილისში სადეზინფექციო კამერის აშენება და სანიტარული ექიმის დანიშვნა.
- ე.წ. ბოინის შექმნა – იმ ხანებში საქონელს პირდაპირ მოედნებზე კლავდნენ, რაც რა თქმა უნდა, რთულ სანიტარულ პირობებს ქმნიდა ქალაქში, ამიტომ, ნიკოს ინიციატივით, გადაწყდა ცენტრალიზებული სასაკლაოს მოწყობა.
- დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობა.
- ფოთის და თბილისის ქუჩების განათება.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – მისი დაჟინებული თხოვნით შემოიღეს ცხენის ტრამვაი.
ეს ნიკო ნიკოლაძის მიერ განხორციელებული პროექტების არასრული ჩამონათვალია. ამას მოჰყვა ფოთში მისი კიდევ უფრო ნაყოფიერი, თითქმის 20 წლიანი მოღვაწეობა, საიდანაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფოთის პორტის მშენებლობაში მის მიერ ჩადებულ დრო და ენერგია.
ნიკო ნიკოლაძე ასეთივე აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქვეყნის გარეთაც. მაგალითად, დიდწილად მისი დამსახურებაა პარიზის ქუჩის განათებების მოწყობა. მან სთხოვა ერთ-ერთ ებრაელ ნავთობის მაგნატს დაფინანსება იმ ფრანგი მეცნიერისა, ვისაც წყალვარდნილზე ელექტრო სადგურის მოწყობის იდეა ჰქონდა, რომლიდანაც მიღებული ელექტრო ენერგიით შესაძლებელი იქნებოდა ქუჩის განათების უზრუნველყოფა.
გარდა ამ დამსახურებებისა, ნიკო ნიკოლაძე თამამად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიების დამნერგავად. იგი იყო პირველი, ვინც ფლობდა მაცივარს, ყავის აპარატს, ფოტო აპარატს და სხვა.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ სწორედ ის გახლავთ ჩვენს ქვეყანაში პირველი სელფის ავტორიც, რომელიც მან საკუთარი კოდაკის კამერით გადაიღო სარკეში.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა. ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს მოიცავს, ასე რომ დაუსრულებლად შეიძლება მასზე საუბრის გაგრძელება. ამიტომაც სვამენ ხოლმე ყოველთვის მრავალწერტილს მის მიღწევებზე საუბრისას…