შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი თანამდებობიდან გადადგა. შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა გადადგომის შესახებ ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, ნიკოლა სტარჯონი ქვეყნის მთავრობას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. როგორც ირკვევა, ის თანამდებობაზე შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალი ლიდერის დანიშვნამდე დარჩება.
სტარჯონის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება როგორც მისთვის, ასევე პარტიისა და ქვეყნისთვისაც სწორი ნაბიჯია. მისივე განმარტებით, გადადგომა არა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობასთან, არამედ პირად მიზეზთანაა დაკავშირებული.
ზოგის აზრით კი, ნიკოლა სტარჯონის გადადგომა სწორედ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ფონს უკავშირდება – მათ შორის მმართველი პარტიის ინიციატივას კანონის მიღების შესახებ, რომელიც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს გენდერის ლეგალურად შეცვლის საშუალებას მისცემს. ამ ინიციატივამ ოპოზიციასა და შოტლანდიის მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.