შენება დამოუკიდებლად | ინტერვიუ ნინო ღოღობერიძესთან

13 000 კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართი, 11 სართული, 136 ბინა, 1 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონა, მიზანი – მაქსიმალურად მწვანე მშენებლობა. ეს ნინო ღოღობერიძის „სახლია ალუბლებზე“, ანუ მისი პირველი დამოუკიდებელი სიტყვა დეველოპერულ ინდუსტრიაში, მისივე კომპანია „გრინბილდთან“ ერთად. რატომ მშენებლობა? ნინო გვეუბნება, რომ მოსწონს, როცა ადამიანებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება, ისეთის, როგორიც ბინის შეძენაა. ნინოს კარიერა დეველოპმენტით არ იწყება, მანამდე იყო 7 წლიანი გამოცდილება კომპანია „ჯეოსელში“.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

როცა, ESM-ის ბიზნესის სკოლას ამთავრებდა, „ჯეოსელის“ მარკეტინგის დეპარტამენტში სამსახური შესთავაზეს. დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, აქ პრაქტიკაში საუკეთესოდ გამოიტანა და საკუთარი თავის რეალიზებაც შეძლო. როგორც ნინო გვიყვება, ეს ის პერიოდია, როცა მარკეტინგს ძალიან ცოტა კომპანია იცნობდა და აღიარებდა, მაგრამ „ჯეოსელი“ საუკეთესო და ამ დრომდე დაუვიწყარ პროდუქტებს დებდა. ამიტომაც მიაჩნია, გაუმართლა, რომ მისი პირველი სამსახური სწორედ ეს კომპანია იყო, რომელმაც ნინოს შესაძლებლობების კარი გაუხსნა. ასე იქცა მარკეტინგი მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებად.

კერძო კომპანიაში მუშაობის გარდა, ნინო ღოღობერიძის საქმიან ბიოგრაფიაში საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო. ოღონდ მალევე მიხვდა, რომ სახელმწიფო სამსახური არ არის ისეთი მოქნილი, როგორც ეს თავად მოსწონს. „ჩემთვის უფრო საინტერესოა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, როცა შეგიძლია რეალური შედეგები სწრაფად დადო“.

პირველად დეველოპერულ ინდუსტრიაში კომპანია „ნიბა ინვესტის“ რიგებიდან აღმოჩნდა. აქ ნინო ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი იყო. მისი კარიერა „არქიში“ გრძელდება, ინტერნეტით გამოცხადებული ვაკანსიის გზით ის „არქის“ მარკეტინგის მენეჯერი ხდება. ეს ის დროა, როცა „არქი“ ჯერ კიდევ არ არის ლიდერი დეველოპერული კომპანია. ამბიციურ და მოტივირებულ გუნდთან ერთად ნინოს ძალისხმევამ კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. წარმატებული მენეჯერის კარიერული წინსვლაც სწრაფად მოდის, კომპანიაში მისვლიდან ერთი წლის შემდეგ ნინოს „არქის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას სთავაზობენ. გამოწვევასა და შესაძლებლობას იღებს და იწყებს ამ დეველოპერული კომპანიის მართვას.

„ეს იყო გამოწვევა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. პასუხისმგებლობაა, როცა შენზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული. მაგ დროისთვის დეველოპმენტის ნაწილში 80 თანამშრომელი გვყავდა“.

რა სარგებელი მოუტანა „არქის“ ნინოს ერთ წლიანმა ხელმძღვანელობამ? კითხვაზე პასუხს ფაქტებით გვიბრუნებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ცნობადობა, თანამშრომელთა რაოდენობა 80-დან გახდა 130, დაიწყო ახალი პროექტები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდა გაყიდვები. „არქიში“ მუშაობის 2 წლისთავზე ნინომ საკუთარი ბიზნესის წამოწყება და სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. განათლებისთვის მან მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლა აირჩია და IE-ში მაგისტრის ხარისხი მიიღო. პარალელურად საკუთარ საქმეს შეეჭიდა. სხვა ინდუსტრიაზე აღარ უფიქრია, მშენებლობამ მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. თუმცა „არქისთან“ დღემდე წარმატებულად თანამშრომლობს და ახლა კომპანიის ბორდის წევრია.

„რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, როცა წარმატებულ კომპანიაში საქმიანობ, ზიხარ კომფორტულად და გაქვს საშუალება იყო წარმატებული კომპანიის წარმატებული ხელმძღვანელი. თუმცა მივხვდი, რომ რაც უფრო მეტად შევიგრძნობდი კომფორტს, კიდევ უფრო გამიჭირდებოდა საკუთარი ბიზნესის წამოწყება. სახლის მშენებლობით ადამიანს აძლევ საშუალებას, მთელი ცხოვრების ოცნება აისრულოს. მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში აგროვებს ფულს, რომ საკუთარი კერა ჰქონდეს, ზოგი კრედიტის აღებას ვერ ახერხებს, ბინის შეძენის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპია ყველას ცხოვრებაში, მივხვდი, რომ სიამოვნებას მანიჭებს ამ პროცესში ხალხის დახმარება“.

ამ მთავარი არგუმენტით და სრულიად დამოუკიდებლად, პარტნიორის გარეშე, ნინო ღოღობერიძემ საკუთარი დეველოპერული კომპანია „გრინბილდი“ დააფუძნა და ვაზისუბანში პირველი პროექტიც წამოიწყო – „სახლი ალუბლებზე“. კომპანიის სახელიც და კონცეფციაც ეკოლოგიას ეფუძნება. მიაჩნია, რომ ეკოლოგია ადა­მიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი ბიზნესის ამოცანაა მაქსიმალურად მწვანე მშენებლობები განახორციელოს და გამოიყენოს მასალები, რომელიც ადამიანებისთვის საზიანო არ არის. ეკოლოგიაზე მხოლოდ საკუთარი კომპანიის ფარგლებში არ ფიქრობს. პროექტის პარალელურად ნინოს გეგმები დედაქალაქის გამწვანების საკითხებსაც უკავშირდება, ახლა იმაზე მსჯელობს, როგორ შეიძლება მისმა კომპანიამ ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

მისი მიზანია, ის რაც ზაფხულში დაიწყო 24 თვეში დაასრულოს. ნინოს პირველი, დამოუკიდებელი პროექტი გამორჩეული იქნება არქიტექტურითაც და მოპირკეთებული ფასადითაც, აქ ბინების გეგმარებაც მაქსიმალურად ოპტიმალურია და მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, ანუ მცირე ფართში მაქსიმალური რაოდენობის ოთახები. ნინოს „სახლი ალუბლებზე“ ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში, თუმცა საცხოვრებლად მშვიდ ქუჩაზე შენდება. ასე დამოუკიდებლად ის 5 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს შეეჭიდა, მიზანი აქვს, რომ მისი მობინადრეები არჩევანით ამაყები და ბედნიერები იყვნენ.

ეს ყველაფერი არ არის, საწყის ეტაპზეა პროექტი, რომელიც ისანში, სასტუმროსა და აპარტამენტების ორ შენობას მოიცავს. სანებართვო პროცედურების პარალელურად, უკვე მზად არის პირველი ხელმოწერებიც იმ საერთაშორისო ბრენდთან, რომლის შემოყვანასაც ნინო სასტუმროს ნაწილში აპირებს, პარტნიორ კომპანიას ჯერ საიდუმლოდ ტოვებს.

როგორც მენეჯერის, ნინო ღოღობერიძის მართვის სტილი პროცესების მაქსიმალური დელეგირება და კოორდინაციაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სრულად ერთვება „თუ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მისგან ველოდები, მაშინ შემიძლია სრული თავისუფლება მივცე, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ჩემი ჩართულობა მას სჭირდება, მაშინ შემიძლია დავჯდე ჩემი თანამშრომლების გვერდით და რაც გასაკეთებელია ერთად გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ თანამშრომლის თავისუფლების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია მან იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა, ჩემთვის მთავარია უყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებს“.

დეველოპერულ სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ, დაკვირვებამ, როგორ იძენენ ადამიანები ბინებს, ნინოს ღოღობერიძეს კიდევ ერთი ბიზნესიდეა გაუჩინა და 2 წლის წინ ბაზარზე Lupa.ge გამოჩნდა, ანუ დეველოპერების პარტნიორი გაყიდვების მიმართულებით, კიდევ უფრო კონკრეტულად – გაყიდვების მენეჯერი, რომელიც კომპანიას ოფისში არ უზის. აქ ნინოს მიზანია, ბინის მაძიებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, რომ მან მხოლოდ ერთ ადგილზე მისვლით შეარჩიოს, შეიძინოს და გაიფორმოს მისთვის სასურველი ბინა და ყველაფერი ეს დამატებითი ხარჯის გარეშე. Lupa.ge-ის მომსახურების შემთხვევაში მომხმარებლისთვის არ იცვლება დეველოპერის მიერ შეთავაზებული არც ფასი, არც პირობები, იცვლება მთავარი – მას ეძლევა შესაძლებლობა შეარჩიოს საოცნებო ბინა და დაზოგოს საკუთარი დრო, ენერგია და ხშირად ნერვებიც.

ამან დეველოპერულ კომპანიებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრი პარტნიორი კომპანია შეიძინა. შედეგად კი ყოველთვიურად მილიონობით ღირებულების ქონებას ყიდის. ნინოს ამოცანაა გააძლიეროს ეს მიმართულება, უნდა რომ გაფართოვდეს და უახლოეს პერიოდში ლიდერ კომპანიად აქციოს Lupa.

ნინო გვეუბნება, რომ არასოდეს არაფერს უმტკიცებს სხვას. ერთადერთი ვისაც ედრება ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავია. მისი ამოცანაა, რომ ხვალ გაცილებით უკეთესი პროფესიონალი იყოს, ვიდრე გუშინ და რომ შეუძლია საქმე დღეს უკეთ გააკეთოს, ვიდრე გუშინ.

დეველოპმენტი ჯერ ისევ მასკულინურ სფეროდ ითვლება, ამიტომაც ნინოს კარიერულ გზაზე ბევრია გამოწვევები. პირველად, სტერეოტიპებს ყველაზე მკვეთრად მაშინ შეეჯახა, როცა „არქის“ დირექტორი გახდა. შეხვედრაზე მისულს, ეკითხებოდნენ რომელ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, უჭირდათ იმის აღქმა, რომ დეპარტამენტის კი არა, ნინო ღოღობერიძე კომპანიის დირექტორი იყო. გენდერული უთანასწორობის ნიშნები თვალსაჩინო იყო მაშინაც, როცა დეველოპმენტში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში გრძნობდა, რომ გაცილებით გაუადვილდებოდა რიგი საკითხების გადაწყვეტა, მამაკაცი რომ ყოფილიყო. თუმცა, ეს ნინოსთვის პრობლემა სულაც არ აღმოჩნდა, მან დაამსხვრია სტერეოტიპები და დეველოპერულ ბიზნეს წარმატებას მიაღწია. მისთვის ხელისშემშლელი სულაც არ აღმოჩნდა, რომ ქალია. დაიწყო მარტო, მხოლოდ საკუთარი რესურსით.

წარმატების გზა ნინოსთვის ფართო ხედვის უნარზე გადის. ამბობს, რომ ორიენტირება მხოლოდ საკუთარ ეგოზე არაფრის მომტანია. მიაჩნია, რომ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ვისწავლოთ ყველასგან, ანუ მისი ფორმულით თუ გაქვს მაღალი მიმღებლობა, შეგიძლია იყო წარმატებულიც!