ახალი რეგულაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნებისთვის, კაფე-ბარებისთვის, სასადილოებისთვის, სარიტუალო დარბაზებისა და სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის ახალი რეკომენდაციები გამოსცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ამოქმედდა ორი მთავარი რეგულაცია:

დროებით იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ოპერირების უფლება მხოლოდ ე.წ მიწოდების სერვისის გზით ეძლევათ.

მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული შემდეგი პირობები:

  1. სურსათის გაცივების, გაყინვისა და თერმული დამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმები;
  2. სამუშაოს დაწყებამდე უნდა გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. უშუალოდ სამუშაოს შესრულებისას კი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანითა და თავსაბურავით. განსაკუთრებით ხშირად უნდა მოხდეს თხევადი საპნითა და წყლით ხელების დაბანა, ერთჯერადი ხელსახოცით გამშრალების შემდეგ კი, მისი სადეზინფექციო ხსნარით დამუშვება;
  3. სადეზინფექციო საშუალებების მაქსიმალური კონცენტრაციით ხშირად უნდა გასუფთავდეს ყველა ის ზედაპირი და ინვენტარი, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან.

რეკომენდაციები გაიცა სურსათის მიწოდების პროცესზეც:

სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი. პროდუქტი უნდა გადაიტანონ ერთჯერადი ტარით, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერის რეცხვა-დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ, სარეცხი საშუალებების მაქსიმალური კონცეტრაციით უნდა მოხდეს. პერსონალი კი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით.