ახალი ზელანდიის ჯანმრთელობის მინისტრი, დევიდ კლარკი პანდემიის მსვლელობისას დაშვებული შეცდომების გამო თანამდებობიდან გადადგა.
მინისტრი მედიის მხრიდან დიდ კრიტიკას იმსახურებდა კორონავირუსზე მთავრობის არასათანადო რეაგირებისა და იზოლაციის წესების დარღვევის გამო. ამას კი გასულ კვირაში მომხდარი შემთხვევა დაემატა – ორ ადამიანს კარანტინის დატოვების ნება დართეს ვირუსზე ტესტირების გარეშე, რათა მოენახულებინათ მომაკვდავი მშობელი. მოგვიანებით მათ Covid-19 დაუდასტურდათ, რამაც საზოგადოება აღაშფოთა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პარასკევს პრემიერმა აღნიშნა, რომ კლარკის ხელმძღვანელობა უკვე შემაფერხებელი ფაქტორი გახდა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროდ ჩათვალა მისი გადადგომა, რადგანაც „ჯანდაცვის ხელმძღვანელობას ახალი ზელანდიის საზოგადოების ნდობა სჭირდება“.
კლარკმა განაცხადა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის მინისტრად ყოფნის პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კლარკი ორჯერ შეამჩნიეს იზოლაციის წესების დარღვევაში, მათ შორის, კარანტინის პირველივე კვირაში. შედეგად, პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, ის დააქვეითა კაბინეტის რეიტინგებში, თუმცა თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, რადგანაც თვლიდა, რომ კრიზისის დროს საჭირო იყო მთავრობაში სტაბილურობის შენარჩუნება.
დევიდ კლარკი თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, თუმცა მისი საქმიანობა დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა არაეფექტურად. სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებამდე მის მოვალეობებს განათლების მინისტრი კრის ჰიპკინსი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე წარმატებულად უმკლავდებოდნენ პანდემიას. ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ინფიცირების 1528 დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევა და გარდაიცვალა 22 ადამიანი. წინა თვეში კი მოიხსნა Covid-19 -თან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა და ქვეყანა ვირუსისგან თავისუფლად გამოცხადდა.