კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნიუ-იორკის სკოლებში სწავლა 16 მარტიდან 20 აპრილამდე იყო შეჩერებული. თუმცა, ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ 10 აპრილს განაცხადა, რომ სწავლის აღდგენა 20 აპრილს შეუძლებელი იქნებოდა. მისი აზრით, მიმდინარე სასწავლო წელს სკოლები აღარ უნდა გაიხსნას.
მერს არ ეთანხმება ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სამართლებრივად მისი პრეროგატივაა, ამასთან, გუბერნატორი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს შტატში შემავალ სხვა ოლქებთან და მეზობელ შტატებთანაც.
გუბერნატორის საპირისპირო განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მერის წარმომადგენლები ტვიტერზე – მათ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორის დასამტკიცებლად, ექიმ ფაუჩი და სხვა მეცნიერები მოიშველიეს.
ამ გაუგებრობის ფონზე, მასწავლებლების ნაწილმა შეტყობინება სასწავლო წლის გაუქმების შესახებ UFT-ისაგანაც (United Federation of Teachers) მიიღო.