Covid-19 პანდემიისას ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასმა 17,000 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ციფრული ვალუტა 2009 წელს გახდა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, მას შემდეგ მისი ფასი არაერთხელ შეიცვალა. პანდემიამ საფონდო ბირჟის არასტაბილურობა გამოიწვია, რის გამოც, ინვესტორებმა კრიპტოვალუტების შესყიდვა დაიწყეს. თუმცა, ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ ამ ტენდენციას და მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტა უსაფრთხო ინვესტიცია სულაც არაა.

ოთხშაბათს ბიტკოინის ფასმა 7%-ით აიწია და 17,891 დოლარი შეადგინა – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2017 წლის დეკემბრის შემდეგ. ანალიტიკოსების თქმით, Covid-19 პანდემიამ ინვესტორებს უბიძგა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტები გრძელვადიან პერსპექტივაში განეხილათ. თუმცა კრიპტოვალუტაზე გავრცელებული ისტორიები – თაღლითური ვაჭრობისა და ჰაკერული თავდასხმების შესახებ – ინვესტორებისა და ექსპერტების უნდობლობას იწვევენ.

ეკონომიკური არასტაბილურობისას, ინვესტორები, ძირითადად, უსაფრთხო ინვესტიციებში აბანდებენ ფულს. კერძოდ, ნაღდ ფულსა და ოქროში. ექსპერტთა ნაწილი კრიპტოვალუტასაც უსაფრთხო ინვესტიციად მიიჩნევს. მსხვილი სავაჭრო კომპანია „ოანდას“ ანალიტიკოსმა, ედვარდ მოიამ, ახლახან განაცხადა, რომ: „Covid-19-მა ტრადიციულ უსაფრთხო ვაჭრობას ხელი შეუშალა. შესაბამისად, ინვესტორებმა ალტერნატიული გზა გამონახეს და ფული კრიპტოვალუტებში დააბანდეს.“

ხშირად მიიჩნევენ, რომ ბიტკოინის შეზღუდული რაოდენობა მას გაუფასურებისგან დაიცავს. თუმცა შეინ ოლივერი, MP Capital-ის მთავარ ეკონომისტი, აცხადებს, რომ: „ბიტკოინი, ფასის ხშირი ცვალებადობის გამო, უსაფრთხო ინვესტიცია ნამდვილად არაა. პირადად მე, ბევრად უფრო ვენდობი ჩემს საფულეში 50 დოლარიან კუპიურას, რომელიც დროთა განმავლობაში თავის ღირებულებას ინარჩუნებს. ბიტკოინის მომავლის პროგნოზირება კი – შეუძლებელია.“

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში PayPal–მა თავის სისტემაში ბიტკოინის დანერგვა გადაწყვიტა. კომპანიის მომხმარებლებს, როგორც ბიტკოინის შეძენა-გაყიდვა შეეძლებათ, ასევე, მათთვის კრიპტოვალუტით ვაჭრობაც ხელმისაწვდომი გახდება.