„ცხოვრება წინაა“ ნეტფლიქსის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი, სოფი ლორენი, მონაწილეობს. ლორენი ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუბრუნდა ეკრანს. ოსკარის მფლობელმა მსახიობმა დიდი ხანია ოჯახი კარიერაზე წინ დააყენა, რაც კინოინდუსტრიისგან 10 წლიანი შესვენების მიზეზი გახდა. ფილმი რომენ გარის ბესტსელერის მიხედვით ედუარდო პონტიმ, სოფი ლორენის უმცროსმა შვილმა, გადაიღო.
„ცხოვრება წინაა“ ლორენისა და პონტის მესამე კოლაბორაციაა. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობა 12 წლის სენეგალელ ობოლსა და ასაკოვან ქალს შორის, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა.
New York Times-თან ინტერვიუში სოფი ლორენმა თავის ცხოვრებაზე ისაუბრა. „მე მყავს ოჯახი, ორი შვილი, რომელთაც გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვნახულობდი. გადავწყვიტე, რომ უფრო მეტი დრო დამეთმო ოჯახისთვის, რის გამოც თითქმის სრულებით შევწყვიტე ფილმებზე მუშაობა. ეს გადაწყვეტილება მივიღე არა იმიტომ, რომ მუშაობა არ მსიამოვნებდა. არა. უბრალოდ მსურდა, რომ მეტი დრო გამეტარებინა ჩემს შვილებთან. მენახა, თუ როგორ იზრდებოდნენ და როგორ შექმნიდნენ თავიანთ ოჯახებს,“ ამბობს იტალიელი მსახიობი.
სოფი ლორენი დღემდე უამრავ შემოთავაზებას იღებს ახალ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, ის 10 წლის განმავლობაში არც ერთს არ დათანხმებულა. ლორენს ისეთი პერსონაჟის განსახიერება სურდა, რომელიც მისთვის ღირებული იქნებოდა და შთააგონებდა მას. მადამ როზას როლმა ეს ნამდვილად შეძლო. ფილმი მაყურებელს მოუწოდებს მეტი ტოლერანტობისკენ, სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ.
„ცხოვრება წინაა“-ს პრემიერა 6 ნოემბერს შედგა და უკვე არა ერთი კინოკრიტიკოსის დადებითი შეფასება დაიმსახურა.