ამაზონმა საკუთარი ონლაინ აფთიაქი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები. Amazon Prime-ის წევრებს შეუძლიათ უფასო ორდღიანი მიწოდებით, უპატენტო მედიკამენტებზე 80%-მდე , ხოლო ბრენდირებულ წამლებზე 40%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა.
ამაზონის განცხადებით, მომხმარებლებმა უნდა წარადგინონ რამდენიმე ძირითადი დეტალი თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ, მაგალითად, არიან თუ არა ფეხმძიმედ, და პირადი ინფორმაცია – დაბადების თარიღი, სქესი, დაზღვევის მონაცემები, ა.შ.
ამაზონის აფთიაქის ვიცე-პრეზიდენტმა თიჯეი პარკერმა განაცხადა, რომ ამ ინოვაციით ინდუსტრიის გარდაქმნას იმედოვნებს, რომელიც ხანდახან მოუხერხებელი და დამაბნეველი შეიძლება იყოს.
„ჩვენ კულისებში ვმუშაობთ, რათა სირთულეებს გავუმკლავდეთ და მათ, ვისაც რეცეპტიანი წამლები სჭირდებათ, იცოდნენ საკუთარი ვარიანტების შესახებ, შეუკვეთონ წამლები ყველაზე დაბალ ფასად და სწრაფად მიიღონ მედიკამენტები“,-აღნიშნა მან.
ამაზონის ახალი სერვისის ფარგლებში ექიმებს შეუძლიათ რეცეპტების გაგზავნა პირდაპირ ამაზონის აფთიაქში, რომელიც ამჟამად მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. პაციენტებს ასევე შეუძლიათ, საცალოდ მოვაჭრე კომპანიებსაც გააგზავნინონ თავიანთი რეცეპტები ამაზონისთვის.
ამაზონმა განაცხადა, რომ მომხმარებლების ჯანმრთელობის მონაცემები კონფიდენციალური დარჩება და ხელმისაწვდომი არ იქნება საიტზე მოვაჭრეებისთვის.