National Geographic-მა სვანეთი მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებათა სიაში შეიყვანა

National Geographic-მა საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო ამჯერად სვანეთის რეგიონით წარმოჩნდა. კონკრეტულ სიაში საქართველო უკვე მეორედ მოხვდა. National Geographic-ის 2018 წლის სტატიაში, მსოფლიომ საქართველო ძველი თბილისით გაიცნო.

საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებათა სია ყოველი წლის ნოემბერში ქვეყნდება და მსოფლიო 25 გამორჩეულ ტურისტულ ლოკაციას მოიცავს. საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები ხუთი ძირითადი კრიტერიუმით შეირჩევა, რომელიც კონკრეტული ლოკაციის საზოგადოებრივ მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ესენია – ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, ოჯახი, მდგრადი განვითარება. 

National Geographic-ის სტატიაში მცირედ მოთხრობილია სვანეთის რეგიონის კულტურული და ისტორიული თავისებურებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფელ უშგულს, რომელიც ევროპის უმაღლესი დასახლებაა (ზღვის დონიდან დაახლოებით 2400 მეტრი) და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. ამასთან ერთად, სტატიაში საუბარია სვანეთის რეგიონში ტრანსკავკასიული სამთო სალაშქრო ბილიკების სიმრავლეზე, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან აკავშირებს.

National Geographic-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო პოსტპანდემიურ სამოგზაურო მიმართულებათა სიაში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთად შევიდა როგორიცაა – არგენტინა, ბრაზილია, ამერიკის შეერთებულ შტატები, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, კორეა, ესპანეთი, კანადა, ავსტრალია და გერმანია.