Instagram-მა გადაწყვიტა სამთავრობო გვერდებს სპეციალური ნიშანი გაუკეთოს. მსგავსი ნაბიჯი კიდევ ერთმა სოციალურმა ქსელმა, Facebook-მა, ივნისში გადადგა. ნოემბრიდან ამერიკაში სოციალური ქსელის მომხმარებლები სპეციალურ ნიშნებს ნახავენ, როგორც სახელმწიფოების მიერ კონტროლირებად ინსტაგრამ გვერდებზე, ასევე მათ პოსტებზეც. ამ ნიშნების ხილვა კი, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნებშიც.
აღნიშნული ეტიკეტირება თავდაპირველად ჟურნალისტმა კეისი მიშელმა შეამჩნია. ნიშანზე დაჭერის შემთხვევაში სოციალური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს დამატებით ინფორმაციას მედიის შესახებ.
ინსტაგრამი განმარტავს, რომ სამთავრობო მედიად ისინი თვლიან გვერდებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ნაწილობრივ ან მთლიანად კონტროლდება რომელიმე სახელმწიფოს მიერ. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მედიების გამოსავლენად მათ შეიმუშავეს სპეციალური კრიტერიუმები და დროთა განმავლობაში ჩაატარებენ კვლევებს, რათა დარწმუნდნენ საკუთარი გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში.
საინტერესოა, რომ სამთავრობო მედიების მარკირების გადაწყვეტილება ინსტაგრამმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიიღო.