აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თანამედროვე ისტორიის უდავოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. გლობალური პანდემიის მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტობის ორმა მთავარმა კანდიდატმა ხანგრძლივი საარჩევნო კამპანია ჩაატარა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, არჩევნებში დაამარცხა.
მიუხედავად ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არ აპირებს პოზიციის დათმობას, რაც, ცალსახად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალაუფლების მშვიდობიანად გადასვლას დემოკრატების ხელში. ამერიკის კონსტიტუციის მე-20 შესწორების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვადა 2021 წლის 20 იანვარს ეწურება. თუმცა, ტრამპს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, დაესწრება თუ არა ის მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.
პრეზიდენტის ინაუგურაცია ორსაუკუნოვანი ტრადიციაა, რომელსაც საფუძველი ჯორჯ ვაშინგტონმა, ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა, ჩაუყარა.
ინაუგურაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ყოფილი ლიდერის მიერ ძალაუფლების ახალი პრეზიდენტისათვის გადაცემაა. სწორედ ამ ცერემონიაზე ეძლევა ახლადარჩეულ პრეზიდენტს შანსი, რომ სიტყვით წარსდგეს ქვეყნის წინაშე, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის მომავალ საპრეზიდენტო კარიერას. 2017 წელს არა ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრებოდა, რადგან ისინი დონალდ ტრამპს არ მიიჩნევდნენ ლეგიტიმურ ლიდერად.
მრავალი ისტორიული ფაქტი გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წელს. აშშ-ს სამი პრეზიდენტი: ჯონ ადამსი (1801 წელს), ჯონ ქუინსი ადამსი (1829 წელს) და ენდრიუ ჯონსონი (1869 წელს) არ დაესწრნენ თავიანთი ოპონენტების ინაუგურაციას.
მაშინ, როდესაც საზოგადოება ძალზე პოლარიზებულია და არჩევნების შედეგები ეჭვქვეშაც კი დგება, მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არ დაესწროს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, როგორც წესი, ქვეყნისათვის დადებითი შედეგები მოაქვს. ზემოთხსენებულ სამივე შემთხვევაში ახლადარჩეული პრეზიდენტი ამერიკის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტები აღმოჩნდნენ.
სწორედ ამიტომ, მოცემული სიტუაცია ამერიკის 46-ე პრეზიდენტისათვის, შესაძლოა, მომგებიანიც კი აღმოჩნდეს.
უკეთ განვიხილოთ მიზეზები, რაც წინ უძღოდა ყოფილი პრეზიდენტების ბოიკოტს მათი ოპონენტების ინაუგურაციაზე.
ჯონ ადამსი 1797-1801
1800 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული არჩევნები იყო ქვეყნის ისტორიაში. ამერიკის მეორე პრეზიდენტი, ჯონ ადამსი, კენჭს იყრიდა თავისი ვიცე-პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის, წინააღმდეგ. თუმცა, ადამსი არ სარგებლობდა პოპულარულობით ამერიკელ ამომრჩეველთა შორის. მისი ადმინისტრაციის მიერ გამოცემულმა “Alien and Sedition Acts of 1798”, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა აქტივობებზე შეზღუდვებს აწესებდა და, რაც მთავარია, სიტყვისა და პრესის თავისუფლებას ზღუდავდა, ხალხი ცუდად განაწყო მეორე პრეზიდენტის მიმართ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1803 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა განსხვავდებოდა დღევანდელი სისტემისაგან. კონსტიტუციის მე-12 შესწორებამდე, კანდიდატი, რომელიც ხმათა რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდოდა პრეზიდენტი ხდებოდა, ხოლო მეორე ადგილზე გასული კი – ვიცე-პრეზიდენტი.
ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღეს ჯეფერსონმა და ადამსმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბედი წარმომადგენელთა პალატაში გადაწყდებოდა. ორივე კანდიდატი ცივილურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა ერთმანეთის მიმართ.
იმ წლის იანვარში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არჩევნების ბედი წარმომადგენელთა პალატაში წყდებოდა, ჯეფერსონმა ადამსს განუცხადა, რომ მას შეეძლო განესაზღვრა არჩევნების შედეგი, თუმცა, ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმეში არ ჩარეულიყო. საბოლოოდ, წარმომადგენელთა პალატამ ჯეფერსონი ამერიკის მე-3 პრეზიდენტად აირჩია.
ადამსი არ დაესწრო თომას ჯეფერსონის ინაუგურაციას და დედაქალაქი ინაუგურაციის ღამეს დატოვა. კრიტიკოსები ადამსის გადაწყვტილების მიზეზად პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას ასახელებენ. ძალაუფლების მსგავს მშვიდობიან გადაცემას 1800 წლის რევოლუციაც კი ეწოდა. ჯეფერსონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1801 წლიდან 1809 წლამდე იყო. სწორედ ამ პერიოდს ეწოდა „ჯეფერსონის ერა“, რამაც რესპუბლიკური პარტიის გარკვეული პრინციპები ჩამოაყალიბა.
ჯონ ქუინსი ადამსი 1825-1829
ჯონ ქუინსი ადამსის კარიერა ჯონ ადამსის, თავისი მამის, კარიერის ანალოგიური აღმოჩნდა. ის ამერიკის მე-5 პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს, სახელმწიფო მდივანი იყო. არჩევნებში მას მეტოქეობას ენდრიუ ჯექსონი უწევდა (თუმცა, 1824 წლის არჩევნებამდე, ისინი მოკავშირეებად რჩებოდნენ). 1824 წლის არჩევნების შედეგები ისევ წარმომადგენელთა პალატაში გადაწყდა და ჯონ ქუინსი ადამსი გამარჯვებულად ცნეს. თუმცა, 4 წლის შემდეგ არჩევნებზე ჯექსონმა აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. მამამისის მსგავსად, ქუინსი ადამსი ბოლომდე ეცადა, რომ ცივილური ურთიერთობა შეენარჩუნებინა ჯექსონთან, თუმცა, უშედეგოდ. ადამსმა ახალ პრეზიდენტს შესთავაზე, რომ თეთრ სახლში გაემართა ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიება, მაგრამ ჯექსონი არ დათანხმდა შეთავაზებას.
ამის ნაცვლად, ქუინსი ადამსმა თეთრი სახლი 3 მარტის საღამოს, ენდრიუ ჯექსონის ინაუგურაციის წინა დღეს, დატოვა. მამამისის მსგავსად, მან განზრახ აირჩია, რომ არ დასწრებოდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.
ისტორია განმეორდა-ენდრიუ ჯექსონმა ხმის მიცემის უფლება თითქმის ყველა თეთრკანიან ამერიკელ კაცს მისცა. პოლიტიკურ კულტურაში მასობრივმა ჩართულობამ კი ორპარტიული სისტემა აღადგინა-პოლიტიკურ ასპარეზზე ორი პარტია, დემოკრატები და უიგები იბრძოდნენ. ჯექსონმა 8 წელი დაყო თეთრ სახლში. მიუხედავად იმისა, რომ მან უმკაცრესი პოლიტიკა გაატარა მკვიდრ ინდიელებზე, მისმა პრეზიდენტობამ ღრმა კვალი დატოვა ამერიკის ისტორიაზე.
ენდრიუ ჯონსონი 1865-1869
1865 წელს აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, ლინკოლნის ვიცე-პრეზიდენტი, გახდა.
ენდრიუ ჯონსონს ამერიკის პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელ ლიდერად მიიჩნევენ. ახალმა პრეზიდენტმა, თითქოს, ვალდებულება აიღო, რომ კონგრესის ყოველ გადაწყვეტილებას შეწინააღმდეგებოდა. მან ამ გზით ლინკოლნის „რეკონსტრუქციის გზა“ უგულებელყო და საკუთარი ირაციონალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მიუხედავად პოპულარული მოწოდებებისა, რესპუბლიკურმა პარტიამ ჯონსონი აღარ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად 1868 წლის არჩევნებზე. მეტიც, წარმომადგენლთა პალატამ მას იმპიჩმენტიც კი გამოუცხადა. 1868 წლის ნოემბერს კი ამერიკელმა ამომრჩეველმა გენერალი ულის გრანტი, ენდრიუ ჯონსონის მთავარი კონკურენტი, აირჩია პრეზიდენტად.
ჯონსონმა უარი განაცხადა 4 მარტის ინაუგურაციაზე დასწრებაზე. 1872 წელს ულის გრანტი მეორე ვადით აირჩეს პრეზიდენტად. მიუხედავად კორუმპირებული ადმინისტრაციისა, გრანტმა ლინკოლნის პრინციპებს არ უღალატა. იგი სამხრეთის შტატებში გათავისუფლებული აფრო-ამერიკელების სამოქალაქო უფლებების დასაცავად იბრძოდა. ულის გრანტი აშშ-ს მთავრობის ხანგრძლივი პროცესის, „რეკონსტრუქციის“ თანამონაწილე გახდა, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ომის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. რეკონსტრუქცია 1877 წელს დასრულდა. თუმცა, არა ისე, როგორც ლინკოლნს სურდა.
პოლიტიკის მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ისტორია ისევ შეიძლება განმეორდეს. თუ კი დონალდ ტრამპი არ ცნობს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, მას თავისი წინამორბედების ბედის გაზიარება მოუწევს. ეს კი მომავალ 4 წელს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.