ბრიტანელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ერთობლივი კვლევების საფუძველზე, თანამედროვე ეკო-მეგობრული მზის პანელების შექმნის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც გამომუშავებული ელექტროენერგია საშინაო ტექნოლოგიურ დანადგარებს სრულად დამუხტავს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის, ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ჩინეთის სუჯოუს უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივი კვლევა 13 ნოემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც მზის პანელების მთავარი ელემენტი პეროვსკიტის, ნაკლებად ტოქსიკური ნივთიერებებით ჩანაცვლების ალტერნატივაა წარმოდგენილი. დღესდღეობით, მისი მარტივი მოპოვებისა და დაბალი ხარჯების გამო, პეროვსკიტი სამეწარმეო ინდუსტრიაში ხშირად გამოიყენება და უმეტეს შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა მის საკმაოდ ტოქსიკურ ბუნებას. მოცემულ კვლევაში პეროვსკიტის ალტერნატივად, მზის პანელების დასამზადებლად ბისმუთისა და სტიბიუმის გამოყენება განიხილება.
გარდა ეკო-მეგობრული ბუნებისა, მეცნიერებმა ბისმუთსა და სტიბიუმში ახალი ეფექტური თვისებაც აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ელემენტებით შექმნილმა პანელებმა მზის სხივების შეკრების ეფექტურობით ვერ გადააჭარბა პეროვსკიტით დამზადებულ მზის პანელებს, მან წარმატებით და ბევრად სწრაფად შეკრიბა ოთახის სინათლე.
მომავალში ბისმუთითა და სტიბიუმით დამზადებული პანელების კომერციალიზაცია იგეგმება, რომელიც ნებისმიერ საცხოვრებელ სახლში შეგროვებული სინათლით ელექტროენერგიას აწარმოებს და ტექნოლოგიურ დანადგარებს დამუხტავს.
ხელოვნური სინათლისგან ელექტროენერგიის წარმოება მსოფლიო მეცნიერებაში გარდამტეხი მოვლენაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა წარმოებისათვის სრულიად ახალ მიმართულებას წარმოაჩენს. ბისმუთისა და სტიბიუმის ამ თვისებების გათვალისწინებით, მათი სხვა ნივთიერებებთან შეზავებით, შესაძლოა ისეთი ბუნებისთვის მავნე სამეწარმეო მასალების ჩანაცვლება, როგორიც პლასტმასია. ახალი პანელების კომერციალიზაციასთან ერთად, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კონკრეტული ელემენტები წარმოებაში უფრო ხშირად გამოყენებადი გახდება.