ევროკომისარ ჰელენა დალის თქმით, ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ LGBTQI–ის უფლებებს, ევროკავშირის დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ,,თანასწორობა ევროკავშირის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, თუ ქვეყანა ამ ღირებულებას არ დაიცავს, ბუნებრივია – ევროკავშირმა მის დაფინანსებაზე უარი უნდა თქვას.“
ევროკომისარი LGBTQI–ის უფლებების დაცვას კანონის უზენაესობას უკავშირებს. კანონის უზენაესობის მექანიზმი ევროკავშირის ქვეყნებს ბენეფიტების მისაღებად გამართული და თანასწორი სამართლებრივი გარემოს შექმნას სთხოვს. მეტიც, კანონის უზენაესობის დარღვევისთვის სახელმწიფოს შეიძლება ფინანსური სანქციის გადახდაც კი მოუწიოს.
ევროკომისიის პირველი სტრატეგია LGBTQI თემის შესახებ „ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება“. ევროკომისიის კვლევის მიხედვით, 2019 წელს ევროკავშირში სექსუალური უმცირესობის 43% განიცდიდა დისკრიმინაციას. ჰელენა დალის განმარტებით: ,,თანასწორობისთვის ბრძოლის ახალი ერა იწყება, ეს სტრატეგია კი ამ ერას ნაწილია.“
აღნიშნული სტრატეგია მოითხოვს, რომ გაფართოვდეს ევროკავშირში დანაშაულად აღიარებული ქმედებების სია და დაემატოს მას სიძულვილის ენა და სიძულვილის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. ამასთანავე, გარანტირებული უნდა იქნეს სექსუალური უმცირესობის თემის წევრთა მშობლებად ყოფნის უფლება.
კომისიას ასევე სურს, ევროკავშირის სახელმწიფოებმა მოამზადონ ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა შეამცირონ დისკრიმინაცია LGBTQI თემის მიმართ.
ჰელენა დალიმ უკვე დაამტკიცა, რომ ის მზადაა შეუწყვიტოს დაფინანსება დისკრიმინაციულად განწყობილ სახელმწიფოებს. მან გაუუქმა საგრანტო პროგრამები პოლონეთის ექვს „LGBT-free zone“–ად წოდებულ ქალაქს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სხვადასხვა დისკრიმინაციულ დეკლარაციასა და ქარტიას.
პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა – ზბიგნიევ ზიობროვომ, ჰელენა დალის მოქმედებებს არასამართლებრივი უწოდა. ოფიციალურმა პოლონეთმა კი განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავამ შეიძლება ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.
პოლონეთი ევროკავშირის ყველაზე მეტად ჰომოფობიური სახელმწიფოა. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ არჩევნები ჰომოფობიური კამპანიით მოიგო. აღნიშნულს უარყოფენ პოლონეთის მემარჯვენე პოლიტიკოსები, მათი თქმით, ისინი უბრალოდ ტრადიციული ოჯახის ფასეულობების პოპულარიზებას ახდენენ.
,,დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანმა გულის სიღრმეში იცის, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით, რადგან არავინ არ ირჩევს როგორი დაიბადება“– ამბობს ევროკომისარი თანასწორობისთვის ჰელენა დალი.